დარემის უნივერსიტეტის ასტრონომები მივიდნენ დასკვნამდე, რომ დაახლოებით 10 მილიარდი წლის წინ ირმის ნახტომმა ჯუჯა გალაქტიკა „გაია-ენცელადთან“ შეჯახება გადაიტანა, რის შემდეგაც მისმა დისკომ ორიენტაცია 90 გრადუსზე მეტით შეიცვალა.
მკვლევართა მონაცემებით, „გაია-ენცელადი“ ირმის ნახტომის საპირისპიროდ მოძრაობდა და მას პრაქტიკულად პირდაპირ შეეჯახა. დარტყმის შემდეგ ჯუჯა გალაქტიკა დაიშალა, ხოლო მისი ვარსკვლავები ირმის ნახტომის შემადგენლობაში შევიდა. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ სწორედ ამ მოვლენამ გამოიწვია გალაქტიკური დისკის ეტაპობრივი მობრუნება, რაც ასობით მილიონი წლის განმავლობაში გრძელდებოდა.
ამ ჰიპოთეზის შესამოწმებლად სპეციალისტებმა სუპერკომპიუტერული სიმულაცია გამოიყენეს. გამოთვლებმა აჩვენა, რომ „გაია-ენცელადის“ მასის მქონე ობიექტებთან შეჯახებას სპირალური გალაქტიკის დისკის ორიენტაციის არსებითი ცვლილება შეუძლია.
მსგავსი სცენარის იდეისკენ მკვლევრებს ირმის ნახტომის ვარსკვლავური ჰალოს [გალაქტიკის გაფართოებული, თითქმის სფერული კომპონენტი, რომელიც მისი ძირითადი, ხილული ნაწილის მიღმა ვრცელდება] თავისებურებებმა უბიძგა. დისკის ვარსკვლავებისგან განსხვავებით, რომლებიც გალაქტიკის ცენტრის გარშემო დაახლოებით 220 კმ/წმ სიჩქარით ბრუნავენ, ჰალოს ვარსკვლავები გაცილებით ნელა - დაახლოებით 25 კმ/წმ სიჩქარით მოძრაობენ.
სიმულაციამ აჩვენა, რომ ასეთი სხვაობა მსხვილი გალაქტიკური შერწყმების შემდეგ წარმოიქმნება. შეჯახებისას შთანთქმული გალაქტიკის ვარსკვლავების ნაწილი ჰალოში გადადის და ინარჩუნებს მოძრაობის დამახასიათებელ თვისებებს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ცნობილია, ვის და როდის დაუპირისპირდება მერაბ დვალიშვილი PAF-ზე
⭕ ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო
წყარო: imedinews.ge