ესტონეთში ზაფხულის მიწურულს ხილის ბუზები ნამდვილ თავსატეხად იქცევა ხოლმე. გამოცემა Maaleht-მა სახლიდან ამ აბეზარი მწერების მოსაშორებლად 10 ეფექტიანი რჩევა შეაგროვა:
1. ხილი მაცივარში ან საკუჭნაოში შეინახეთ — ხილის ბუზებს განსაკუთრებით ხილისა და ფერმენტაციის სუნი იზიდავს. პროდუქტების სწორად შენახვა მათ შენობაში მოზიდვას გამორიცხავს.
2. დაუყოვნებლივ მოწმინდეთ დაღვრილი სითხეები — დაღვრილი ხილის წვენი, ალკოჰოლი თუ გაჭყლეტილი ხილი მწერებს მყისიერად იზიდავს.
3. ხშირად გადაყარეთ ნაგავი — ნარჩენები ურნაში ერთ კვირაზე მეტხანს არ გააჩეროთ. ამ დროში განაყოფიერებულ დედალ ბუზს 300-მდე კვერცხის დადება შეუძლია, რაც რამდენიმე დღეში მწერების მთელ ახალ თაობას გააჩენს.
4. მაღაზიაში ნაყიდი ხილი სახლში მოტანისთანავე გარეცხეთ — შესაძლოა, ბუზებს კვერცხები ხილზე ჯერ კიდევ მაღაზიასა თუ ბაღში ჰქონდეთ დადებული.
5. გამოიყენეთ მტვერსასრუტი — ხილის ბუზი იმდენად პატარაა, რომ მისი ჩვეულებრივი საკლავით დევნას აზრი არ აქვს. ზრდასრული მწერების დასაჭერად მტვერსასრუტი საუკეთესო გამოსავალია.
6. გამოიყენეთ სპეციალური მახეები — შეიძინეთ მაღაზიებში ხელმისაწვდომი სპეციალური წებოვანი ლენტები, მახე-პაკეტები თუ აეროზოლები.
7. სახლში დამზადებული მახე ღვინით — ჭიქაში ჩაასხით ცოტა ღვინო ან ფერმენტირებული წვენი, ქაღალდი ძაბრისებურად გადაახვიეთ, წვეროზე პატარა ხვრელი დაუტოვეთ და ჭიქას წებოვანი ლენტით დაამაგრეთ. მწერები შიგნით შევლენ, თუმცა გარეთ გამოსვლას ვეღარ შეძლებენ.
8. გამოიყენეთ ვაშლის ძმარი და ჭურჭლის სარეცხი სითხე — კიდევ ერთი გამოცდილი მახე: პლასტმასის ჭიქაში ჩაასხით ცოტა წყალი, ვაშლის ძმარი და ჭურჭლის სარეცხი სითხე, შემდეგ კი ნახვრეტიანი თავსახური დააფარეთ.
9. ხილი ღია სივრცეში დაამუშავეთ — წვენებისა და მურაბების მომზადება ხილის ბუზების მომრავლებას უწყობს ხელს. შესაძლებლობის შემთხვევაში, ეს პროცესი ეზოში წარმართეთ, რათა სახლში ბუზების მიზიდვას აარიდოთ თავი.
10. დახურეთ კარ-ფანჯარა — ცხელ ამინდშიც კი ეცადეთ კარ-ფანჯარა დახურული გქონდეთ. სტანდარტული მწერებისგან დამცავი ბადე 1–4 მილიმეტრის ზომის ბუზებს ვერ აკავებს.
ესტონეთში ხილის ბუზის რამდენიმე სახეობა გვხვდება, თუმცა ყველაზე გავრცელებული Drosophila-ა (ესტონურად მას Äädikakärbsed ანუ „ძმრის ბუზს“ უწოდებენ, რაც მისი კვებითი პრეფერენციითაა განპირობებული). ბოლო პერიოდში ასევე გავრცელდა ქაცვის ბუზიც (Rhagoletis batava).
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ საქართველოში უახლოეს დღეებში უმეტესად უნალექო და თბილი ამინდია მოსალოდნელი
წყარო: 1tv.ge