Digest Logo

„ადამიანი წრიულად მოძრაობს და ვერ გამოდის უარყოფითი პერსპექტივიდან“ - ლევან შელეგია დეპრესიაზე

1787224593
ლევან შელეგია

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკზე“ ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა მითის შესახებ უზიარებს ინფორმაციას.

გთავაზობთ მის მორიგ პოსტს, სადაც  ექიმი დეპრესიის შესახებ საუბრობს:

„ის, რაც უნდა იცოდეთ დეპრესიაზე მეცნიერული ფსიქოლოგიიდან და არა მეზობლის მიერ წაკითხული ლეღვის რძის ფორუმიდან.

დეპრესიის მქონე ადამიანი მოძრაობს ამ სამკუთხედში:

  • საკუთარი თავის ნეგატიური ხედვა
  • გარემოს ნეგატიური ხედვა
  • მომავლის ნეგატიური ხედვა

ამ ნეგატიურ სამკუთხედში მოქცეული ადამიანი წრიულად მოძრაობს და ვერ გამოდის უარყოფითი პერსპექტივიდან.
ეს პერსპექტივა კი აისახება მის ფიქრებში, შეგრძნებებში და საქციელში.

საკუთარი თავის ნეგატიური ხედვა პირველ რიგში ამცირებს თვითრწმენას, წარმოდგენას საკუთარ თავზე, საკუთარ მნიშვნელობაზე თუ შესაძლებლობებზე. ამას ემატება ხოლმე დანაშაულის შეგრძნებაც.

გარემოს ნეგატიური ხედვა აისახება სოციალურ იზოლაციაში. ამ დროს ადამიანი თავს გრძნობს მიტოვებულად და გარშემო მყოფების მიერ ვერ/არ გაგებულად. ეს აძლიერებს მარტოობის შეგრძნებას.

ამას ემატება ანჰედონია, ანუ სიამოვნების მიღების უნარის დაკარგვა - რაც ადრე ადამიანს აინტერესებდა, ახლა მისთვის ეს ყველაფერი სულერთია.

მომავლის ნეგატიური ხედვა კი პესიმიზმს და სასოწარკვეთას ბადებს. ადამიანს უფრო და უფრო სჯერა, რომ ამ სიტუაციიდან გამოსავალი არ არის და დეპრესია სამუდამოდ დარჩება.

საბედნიეროდ ადეკვატური თერაპია წარმატებულად მკურნალობს დეპრესიას.

ფსიქოთერაპიის დროს ხდება პაციენტისთვის მისი რეალობის აღწერა, ამ ყველაფრის კონკრეტულ მაგალითებზე გააზრება და ნაბიჯ-ნაბიჯ ნეგატიური ხედვის რეალისტური, პოზიტიური ხედვით ჩანაცვლება. და კიდევ სხვა უამრავი კომპონენტი, რომელიც ამ ფორმატში არ ჩაეტევა.

როგორც ხედავთ, დეპრესია კომპლექსური დაავადებაა, რომელსაც თავისი სპეციალისტები ჰყავს.

და ამ სპეციალისტების დახმარება ისეთივე ბუნებრივი და აუცილებელია, როგორიც გულის სტენტირება თუ პირველი ტიპის დიაბეტის ინსულინით თერაპია.

გერმანული გაიდლაინი სუსტი და საშუალო სიძლიერის დეპრესიის დროს მხოლოდ ფსიქოთერაპიას გვირჩევს. ძლიერი დეპრესიისას ფსიქოთერაპიას ემატება ანტიდეპრესანტი.

მე, კვლევებზე დაყრდნობით, გირჩევთ ფიზიკურ აქტივობას, რა თქმა უნდა, თუ ამას შეძლებთ.

არაერთ კვლევაში სპორტული დატვირთვა ანტიდეპრესანტებზე ეფექტური აღმოჩნდა.

ასევე გადაამოწმეთ ფარისებრის ფუნქცია (TSH), D , B12 ვიტამინების და რკინის პარამეტრები სისხლში.

არ ნამკურნალები ქრონიკული ტკივილი და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ასევე შეიძლება იყოს დეპრესიის გამომწვევი თუ ხელშემწყობი.

არ დააყოვნოთ, დროულად მიმართეთ სპეციალისტს. მარტო, დახმარების გარეშე დეპრესიასთან ბრძოლა დამღლელი და ხშირად არაეფექტურია.

სანამ ტრადიციულად კომენტარებში დაიჩივლებთ - ვიცი, რომ ყველას ფსიქოთერაპიაზე ხელი არ მიუწვდება!

ამიტომაც არსებობს ეს გვერდი, რომ თითქმის ყოველ დღე მოგაწოდოთ სწორი ინფორმაცია ჯანმრთელობის თემების ფართო სპექტრზე.

ჯანმრთელობის ერთ-ერთი საწინდარი კი.

ზუსტად სწორი ინფორმაციაა.

გახსნილ გონებას გისურვებთ!“, - წერს ლევან შელეგია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 დუნდულა, ბარძაყი თუ მკლავი - სად კეთდება კუნთში ინიექცია სწორად: დავით კაცაძის რჩევები

⭕ „მიანიშნებს რესურსების იმპულსურად და არასტრატეგიულად ხარჯვაზე...“ - ვენერა-სატურნის დაპირისპირება: რამაზ გიგაურის პროგნოზი

⭕The New York Times: პრინცი ჰარი და მეგან მარკლი დიდ ბრიტანეთში საცხოვრებლად ბრუნდებიან