ჭინჭრის ციება, იგივე ურტიკარია, ორგანიზმის ალერგიული რეაქციაა, რომელიც კანზე პატარა ლაქებისა და მოზრდილი ბუშტუკების გაჩენით გამოიხატება. ანგიოედემა კი კანის ღრმა ფენების შეშუპებაა, წესისამებრ – თვალებისა და ტუჩების გარშემო.
ჭინჭრის ციება და ანგიოედემა მეტწილად უვნებელია და თავისთავად გაივლის. სახიფათოა მწვავე ანგიოედემის ისეთი ფორმა, რომელიც ენისა და ხორხის შეშუპებას იწვევს, ვინაიდან ამ დროს შესაძლოა, სასუნთქი გზები დაიხშოს. ჭინჭრის ციება და ანგიოედემა ცალ-ცალკეც შეიძლება, განვითარდეს და ერთდროულადაც. მათ ყველაზე ხშირად ანტიჰისტამინური პრეპარატებით მკურნალობენ.
რა იწვევს
საკვები – ზოგიერთ საკვებს შეუძლია, მათდამი მგრძნობიარე ადამიანებში ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. ხშირია ალერგია მოლუსკებზე, თევზზე, მიწის თხილზე, თხილზე, კვერცხსა და რძეზე.
მედიკამენტები – ჭინჭრის ციებისა და ანგიოედემის გამოწვევა თითქმის ყველა მედიკამენტს შეუძლია, თუმცა უმეტესად ბრალი მიუძღვის პენიცილინს, ასპირინს, იბუპროფენსა და წნევის წამლებს.
გარემოში არსებული ალერგენები – მცენარის მტვერი, ცხოველის ქერტლი, ლატექსი, მწერის შხამი, რომელიც ნაკბენიდან იჭრება ორგანიზმში.
გარეგანი ფაქტორები – სიცხე, სიცივე, მზის სხივები, წყალი, კანზე ზეწოლა, ემოციური სტრესი და ვარჯიშიც კი.
სხვა დაავადებები – ჭინჭრის ციება და ანგიოედემა შესაძლოა განვითარდეს სისხლის გადასხმის, იმუნური სისტემის პათოლოგიის (მგლურას), ზოგიერთი ტიპის სიმსივნის (ლიმფომის), ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის, ბაქტერიული და ვირუსული ინფექციის (ჰეპატიტის, აივ ინფექციის, ციტომეგალოვირუსის, ეპშტეინ-ბარის ვირუსის) საპასუხოდ.
გენეტიკა – თანდაყოლილი ანგიოედემა დაავადების იშვიათი ფორმაა. ის იმუნური სისტემის მაკონტროლებელი სისხლის ზოგიერთი პროტეინის ნაკლებობასთან ან არასწორ ფუნქციობასთანაა დაკავშირებული.
რა ახასიათებს
ჭინჭრის ციებისა და ანგიოედემის ძირითადი გამოხატულება დამახასიათებელი შესახედაობის გამონაყარია. კანზე გაჩენილი ბუშტუკები შეიძლება იყოს წითელი ან კანისფერი, ოვალური ან მატლის ფორმის, რამდენიმე მილიმეტრიდან რამდენიმე სანტიმეტრამდე დიამეტრის, მქავანა.
ჭინჭრის ციება მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც. მწვავე ფორმის დროს გამონაყარი უმეტესად 24 საათში ქრება, ქრონიკული კი შესაძლოა თვეობითა და წლობითაც კი გაგრძელდეს.
ანგიოედემისთვის დამახასიათებელია: დიდი, სქელი, მკვრივი ბუშტუკები, შეშუპება და სიწითლე, ტკივილი და სიმხურვალე დაზიანებულ მიდამოში.
როდის მივმართოთ ექიმს
ჭინჭრის ციებისა და ანგიოედემის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის შემთხვევების მკურნალობა სახლიდან გაუსვლელადაც შესაძლებელია, მაგრამ თუ სიმპტომები რამდენიმე დღე გაგრძელდა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. თუ შეგაწუხათ მოხრჩობის შეგრძნებამ, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებამ, გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 დუნდულა, ბარძაყი თუ მკლავი - სად კეთდება კუნთში ინიექცია სწორად: დავით კაცაძის რჩევები
წყარო: tbiliselebi.ge