აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი ერთ-ერთი დაფასებული ადამიანია ბავშვთა განათლებისა და აღზრდის სფეროში, რომლის ლექციებს უამრავი პედაგოგი და მშობელი მუდამ ინტერესით ელის.
იგი „სალომე კასრაძის პოდკასტის“ სტუმარი იყო, სადაც მამის როლზე და მისი სიტყვის გავლენაზე ისაუბრა:
„ბავშვს სჭირდება გამგები მამა, რომელიც მიუტევებს კიდეც. ცხვირი დაგიმტვრიეს? მოდი, ხელი ჩამოგართვა - კაცი ხდები!
ცხვირი დაგიმტვრიეს და ჩვენ პოლიციაში არ მივდივართ, ხომ ხედავ? ვინ ვართ ჩვენ? ვაჟკაცები - ყოჩაღ ჩვენ, მაგრამ ჯობს, ხვალ აღარ დაიმტვრიო ცხვირი და არც სხვას დაუმტვრიო.
შვილი მამას შინაგან ცხოვრებას უმალავს, მამაც არ უხსნის თავის შინაგან ცხოვრებას. ორივე დაკეტილია, ამიტომ მამა მხოლოდ ჭკუას არიგებს: „არ წახვიდე, არ მოხვიდე, გააკეთე, ასე ნუ იქცევი“ და ესეც გადაირია, რადგან ზრდა უნდა, თავისუფლება და რად უნდა ამდენი დარიგებები?
აბა, მამა გაიხსნას, წაიყვანოს შვილი სამუშაოზე, წავიდეს მასთან ერთად მივლინებაში; უამბოს, როგორ შეუყვარდა ქალი, ახლაც როგორ უყვარს. უამბოს, რა სირთულეები აქვს სამსახურში, როგორი უფროსი ჰყავს, თავად როგორ უფროსობს, რა ბავშვობა ჰქონდა, და გაუხსნას გული. ამ დროს სულის ერთობა ხდება.
აი, ასეთ ერთობაში მამის ნახევარი სიტყვაც კი კანონი იქნება ბავშვისთვის“, - ამბობს შალვა ამონაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕მარკუს მეტრეველი მეუღლეს დაშორდა: „ძალიან დიდ პატივს ვცემ და ვაფასებ...“