
როგორ უნდა მივხვდეთ, გვაქვს თუ არა პაპილომავირუსი?
სხეულის სხვადასხვა ნაწილებში პაპილომებს და მეჭეჭებს პაპილომავირუსი იწვევს?
როგორ ხდება პაპილომავირუსით ინფიცირება?
ექიმ რეპროდუქტოლოგი, რეპროდუქციული მედიცინის ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მანანა მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს პასუხობს.
„ის, რასაც ყველაზე ხშირად მეკითხებიან პაციენტები პაპილომავირუსის შესახებ:
რა არის პაპილომავირუსი?
- პაპილომავირუსის 150-ზე მეტი სახეობა არსებობს და მათგან მხოლოდ რამდენიმე იწვევს საშვილოსნოს ყელის, ვაგინის, ვულვის კიბოს ქალებში, ხოლო კაცებში - ანუსის, პენისის, ყელის კიბოს. ქალებში საშვილოსნოს ყელის კიბო 90% შემთხვევაში გამოწვეულია პაპილომავირუსის ონკოგენური შტამით.
სხეულის სხვადასხვა ნაწილებში პაპილომებს და მეჭეჭებს პაპილომავირუსი იწვევს?
- არსებობს არაონკოგენური ანუ დაბალი რისკის შტამები, რომლებიც იწვევს მეჭეჭებს სხეულის სხვადასხვა ნაწილზე და პაპილომებს ქალისა და კაცის სასქესო ორგანოებზე.
როგორ უნდა მივხვდეთ, გვაქვს თუ არა პაპილომავირუსი?
- პაპილომავირუსის ინფექციას არა აქვს სიმპტომები და მისი გამოვლენა მხოლოდ ლაბორატორიული PCR კვლევითაა შესაძლებელი.
როგორ ხდება პაპილომავირუსით ინფიცირება?
- პაპილომავირუსით ინფიცირება ხდება მხოლოდ სქესობრივი გზით.
იკურნება პაპილომავირუსი?
- პაპილომავირუსის მკურნალობა არ არსებობს, ის შეიძლება თავისით გაქრეს დაინფიცირებიდან დაახლოებით ერთ წელიწადში.
რა საჭიროა პაპილომავირუსზე ვაქცინაცია?
- პაპილომავირუსის თავიდან აცილების ერთადერთი მეთოდი ვაქცინაციაა. პაპილომავირუსის ვაქცინაცია 90%-ით ამცირებს საშვილოსნოს ყელის და სხვა ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს. იმ ქვეყნებში, სადაც რამდენიმე ათეული წელია თითქმის ყველა მოსახლეს უტარდება პაპილომავირუსზე ვაქცინაცია, საშვილოსნოს ყელის კიბო სიხშირით ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა. საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოთი წელიწადში 200 ქალი იღუპება და ძუძუს კიბოს შემდეგ მეორე ადგილზეა გავრცელების სიხშირით.
რა ასაკში და ვის უნდა ჩატარდეს ვაქცინაცია პაპილომავირუსზე?
- პაპილომავირუსზე ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე, რეკომენდებულია ბიჭებში 8 წლის ასაკიდან და გოგოებში - 11 წლის ასაკიდან.
შეიძლება თუ არა პაპილომავირუსზე ვაქცინაცია სქესობრივი ცხოვრების დაწყების შემდეგ ან თუ უკვე ინფიცირებული ხარ მაღალი რისკის პაპილომავირუსით?
- პაპილომავირუსზე ვაქცინაცია სქესობრივი ცხოვრების დაწყების შემდეგ საჭიროა და იმ შემთხვევაშიც კი, როცა ქალი ან კაცი პაპილომავირუსის მაღალი რისკის რომელიმე შტამით უკვე ინფიცირებულია, რადგან ვაქცინაციის შემთხვევაში, დაცული იქნება პაპილომავირუსის სხვა მაღალი რისკის შტამებისგან.
საჭიროა თუ არა საშვილოსნოს ყელის სკრინინგი, თუ პაპილომავირუსით ვაქცინაცია უკვე ჩავიტარე?
დიახ, საჭიროა, რადგან პაპილომავირუსის ვაქცინა მნიშვნელოვნად ამცირებს საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკს, მაგრამ სრულად არ იცავს მას სხვადასხვა დაავადებისგან. სკრინინგის სიხშირეს ადგენს ექიმი-გინეკოლოგი და სხვა მონაცემებთან ერთად ითვალისწინებს პაციენტის ვაქცინაციის ისტორიას.
იცავს პრეზერვატივი პაპილომავირუსით დაინფიცირებისაგან?
არ იცავს სრულად, რადგან მაინც ხდება სასქესო ორგანოების შეხება, თუმცა ამცირებს რისკს“,- წერს მანანა მგალობლიშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵 პაპილომავირუსზე აცრას უფასოდ 27-დან 45 წლამდე ასაკის ქალებიც შეძლებენ