ფეხის კანის მოვლა, ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სახის კანის. აუცილებელია დაიცვათ ის წესები, რომლებიც მოხდენილი და ლამაზი ფეხების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. კერძოდ:
* თუ დღის ბოლოს ფეხები ძალიან დაგეღალათ, ნუ დაიზარებთ, აუცილებლად გაიკეთეთ სამკურნალო ბალახეულის, მაგალითად, პიტნის, ლავანდის ან მარილის აბაზანები. პროცედურის ბოლოს, შეგიძლიათ, ფეხებისთვის კონტრასტული აბაზანაც გამოიყენოთ;
* წყლის აბაზანების შემდეგ ტერფები დამარბილებელი კრემით დაიზილეთ. მასაჟის დროს მოძრაობა ფეხის თითებიდან ქუსლისკენ მიმართეთ, ძლიერად დაიზილეთ თითების ბალიშები და ფეხისგულები;
* კვირაში ერთხელ ფეხისგულებზე „სკრაბი” წაისვით და ჯაგრისით ან პემზით დაიმუშავეთ;
* უარი თქვით სინთეტიკურ ქსოვილზე. შეარჩიეთ შალის ან ბამბის წინდები და კოლჰოტები, ფეხსაცმელი კი – ნატურალური ტყავის. ნატურალური მასალა კარგად იწოვს ოფლს და კანს სუნთქვის საშუალებას აძლევს.
ხშირი პარსვა კანს აღიზიანებს, აშრობს, სიგლუვეს უკარგავს და ხშირად, გამონაყარსაც იწვევს. თუ გსურთ, პარსვისგან გამოწვეული დისკომფორტი მოიხსნათ და გლუვი და ლამაზი კანი შეინარჩუნოთ, მაშინ გაითვალისწინეთ ქვევით მოყვანილი წესები:
* გაპარსვამდე, რამდენიმე საათით ადრე ფეხებზე ზეითუნის ზეთი წაისვით. ეს კარგია იღლიის ზონაზეც, რადგან პარსვის დროს, კანი ნაკლებად ღიზიანდება, რბილდება და პარსვას აადვილებს;
* სანამ გაიპარსავთ, კარგად დაიმუშავეთ კანი. შეგიძლიათ, გამოიყენოთ სკრაბი ან სხვა საშუალება. რაც უფრო მეტ ჭუჭყსა და აქერცლილ კანს მოიშორებთ, პარსვის შემდეგ კანი უფრო გლუვი და სასიამოვნო შესახები გახდება;
* გამორიცხეთ სპირტის შემცველი ნებისმიერი საპარსი გელი და კრემი, რადგან სპირტი კანს აღიზიანებს;
* გაპარსვის შემდეგ გამოიყენეთ დამამშვიდებელი კრემი. სასარგებლოა, მენთოლის ან ალოეს კრემი, რომელიც კანს სიწითლეს ააცილებს;
* ხშირად შეცვალეთ საპარსი პირები. ეს აუცილებელია ჰიგიენის ნორმების დაცვისთვის და გარდა ამისა, თავიდან აირიდებთ ბლაგვი საპარსით შექმნილ დისკომფორტს;
* პარსვის შემდგომ სიწითლის ან დისკომფორტის შემთხვევაში ცივი კომპრესები შესანიშნავი საშუალებაა.
კონტრასტული შხაპი ფეხის დაღლილობის მოსახსნელად – ამ პროცედურის ჩატარება ძალიან იოლია. ფეხებზე ცივი და ცხელი შხაპი მონაცვლეობით უნდა მიიღოთ მუხლიდან ტერფამდე. პროცედურა 5-10-წუთიანია და აუცილებლად, ცივი შხაპით უნდა დასრულდეს. დაღლილობის მოხსნასთან ერთად, ეს მანიპულაცია ფეხის სისხლძარღვებსაც ავარჯიშებს.
ზღვის მარილის ფეხის კანის დამარბილებელი აბაზანა – აბაზანაში გახსენით 3 სადილის კოვზი ზღვის მარილი და ჩაყავით მასში ფეხები 15 წუთით. დროდადრო შეგიძლიათ, ცხელი წყალი ჩაამატოთ, აბაზანა რომ არ გაგიცივდეთ. ასეთ აბაზანას მატონიზირებელი და დაღლილობის მომხსნელი ეფექტი აქვს. ასევე, მოგიხსნით კუნთების დაჭიმულობას.
დატენიანება და კვება – ფეხის კანის დასარბილებლად, შესანიშნავი საშუალებაა მცენარეული ზეთი, მაგალითად, აბუსალათინის. ძილის წინ შეიზილეთ ზეთი და დილისთვის კანი შესამჩნევად რბილი იქნება.
ქუსლების კანს, ასევე, დაგირბილებთ კეფირის, სოდის, პიტნისა და სალბის აბაზანები.
ტერფებზე ბევრი საოფლე ჯირკვალია განლაგებული, რაც ფეხების ძლიერ ოფლიანობა იწვევს. ოფლიანობას, თავისთავად უსიამოვნო სუნიც ახლავს, რომლისგან გათავისუფლებაც აბაზანებით შეგიძლიათ:
* მუხის ქერქის აბაზანის გაკეთება მიზანშეწონილია ყოველდღიურად. 100 გრამ მუხის ქერქს, დაასხით 3 ლიტრი წყალი და 20 წუთი ადუღეთ. ფეხები მოათავსეთ თბილ აბაზანაში, დაახლოებით, 20 წუთით.
* ოფლიანობისგან გათავისუფლებას, ასევე, უწყობს ხელს შავი ჩაის აბაზანები. გააკეთეთ შავი ჩაის ნახარში და ჩაყავით ფეხები. შედეგად იგრძნობთ სიმსუბუქეს, მოგემატებათ ტონუსი, გათავისუფლდებით უსიამოვნო შეგრძნებებისა და სუნისგან, მოგეხსნებათ დაღლილობა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „ძნელია ასეთი ღამეების განცდა, თუ არ გიცხოვრია“ - გიორგი კეკელიძე ბავშვობას იხსენებს
წყარო: tbiliselebi.ge