Digest Logo

დედაბრული ხელი - ქართული საიდუმლო დამწერლობა

1772631431
დედაბრული ხელი

ქართული ანბანური დამწერლობა მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე საქართველოს კულტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. იგი მსოფლიოში არსებულ თოთხმეტ ანბანს შორის ერთ-ერთი თვითმყოფადი, მონუმენტური და სრულყოფილი დამწერლობაა. საქართველოში ხელნაწერ ტრადიციასა და წიგნის ხელოვნებას თექვსმეტ საუკუნოვანი ისტორია აქვს.

ხელნაწერი მემკვიდრეობის საგანძურში დიდი ადგილი უჭირავს ქალის ხელით გადაწერილ მანუსკრიპტებს, რომლებიც ცუდი მხედრულითაა შესრულებული, მას მეცნიერები „დედაბრულ ხელს” უწოდებენ. სამეცნიერო ლიტერატურაში „დედაბრული ხელის” შესახებ ინფორმაცია მწირია.

მე-16 საუკუნის მეორე ნახევრიდან ოსმალები სამცხე-საათაბაგოს იპყრობენ, ჯერ ტაო-კლარჯეთსა და მესხეთ ჯავახეთს, შემდეგ დასავლეთ საქართველოს- აჭარას და გურიის ნაწილს. მოსახლეობის მუსულმანიზაცია ანუ გათათრება იწყება. ერთი ვერსიით, დედაბრული ხელი, ანუ ქართული არაოფიციალური დამწერლობა ამ პერიოდში ჩნდება.

ოსმალთა ბატონობის პირობებში ქართული ენის და ცნობიერების შენარჩუნება ქალმა იტვირთა; მან აუცილებელი ქრისტიანული მწერლობის ძეგლები გადანუსხა, ხელით წერილი განძი შექმნა. ეს იყო ეროვნულის  გადარჩენის მცდელობა.

ისტორიული რეალობის გამო გადამწერები იძულებული იყვნენ, სახარების შემცველი ავგაროზის ტექსტები „გარდაენუსხათ” და გაესაიდუმლოებინათ. წერის ამ განსაკუთრებული სახის ჩამოყალიბების საფუძველიც სწორედ ეს უნდა ყოფილიყო. იგი გარკვეული სოციალური ჯგუფის, პროფესიული წრის მეტყველებრივი ნაირსახეობაა, რიტუალური არგოა, ნათქვამის შესაფარავად შექმნილი. დაშიფრული გამოთქმები მხოლოდ შემლოცველისათვის უნდა ყოფილიყო გასაგები. გასაიდუმლოებისთვის სხვადასხვა პრინციპს იყენებდნენ..

დედაბრულ ანბანში 32 ასოა. კალიგრაფია- გაკრული, ასოების ფორმა- კუთხოვანია, ზომა მკვეთრი. წერენ მარცხნიდან - მარჯვნივ, სიტყვები ერთმანეთისგან გაუმიჯნავია, სასვენ ნიშნებს არ იყენებენ. ყველაზე მკაფიო ტექსტებში ჩამატებული ხმოვანმეტობაა, ფიქრობენ, რომ შესაძლოა ასე არის დაშიფრული ტექსტში მოცემული ინფორმაცია. დედაბრული ხელი ბუნებრივად ჩამოყალიბდა, ადრეული მხედრულით ნაწერში ჩამატებული ნუსხური ასოები დამწერლობის გარდამავალ პერიოდს ასახავს.

ტერმინის წარმოშობასთან დაკავშირებით საინტერესოა აკად. ივ. ჯავახიშვილის ცნობა, რომლის მიხედვითაც „დასავლეთ ევროპაში XIII საუკუნეში ლათინური დამწერლობიდან შემუშავდა ე.წ. „გუთური”დამწერლობა, რომელსაც „მონაზონურიც” ეწოდებოდა... სახელი მონაზვნური იმიტომ ეწოდა, რომ გადაწერა ამ პერიოდში  უმთავრესად მონაზონთა ძირითადი საქმიანობა იყო.

გარემოებები კი რომლებშიც გადამწერებს უხდებოდათ ამგვარი წიგნების „გარდანუსხვა,” აიძულებდა მათ საჭირო სახარების შემცველი ავგაროზის ტექსტები გაესაიდუმლოებინათ

საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დედაბრული ანბანით შესრულებული ქართველი მუჰაჯირის წერილი ინახება:

„წარჩინებულო, ბედნიერო, ბედნიერად და ძვირფასად გასახსენებელო, ჩემო ამოსავალო სულო და სიცოცხლე, დაო, დარდის წამალო, ფაშა ბატონო. შენი გახსენების ჭირიმე, ჩემო დარდის და სიხარულის მოზიარევ. მე გწერ შენი უმსახური რძალი, დიდი მონატრებით. სალამს და სიკეთით ადრე ნახვას მოგახსენებ, დაო. შენი თავი მიცოცხლოს ღმერთმა, რა ვქნათ. სიკვდილი ჩვენთვისაა დაო, შემოგევლე. მოგიწერია, რომ ხუთი წიგნი (აქ. წერილი. ავტ.) გამოვაგზავნეო. მე ერთი წერილი მივიღე, დაო. ჩვენ თუ მოგვიკითხავ, ძალიან კარგად ვართ, შენს კარგად ყოფნას თუ შეგვატყობინებ, შენ იცი და შენმა ქალობამ, დაო. შენს ქალიშვილს, ხურმის ხანუმს, სალამი დაგულით დალოცვაგადაეცი. მათ ენაცვალათ მათი ბიცოლა. ნური ბეგს და ახმედ ბეგს სალამი და თვალებში კოცნა მიმირთვი. მათი გახსენების ჭირიმე. ღვთის წყალობით, მეღირსება თქვენი ნახვა, დაო. შენ რომ გვთხოვე, შენი სახელმწიფო მოხელე ძმა, ხემშილი არ ჩამოსულა... ამ წიგნს ადრე-ადრე გადაშლის და კითხულობს ხოლმე. გამჩენს მადლობა, კარგად ვართ, შენი ძმაც კარგადაა. დედა და რძალიც მოკითხვას გითვლის. მოგვიტევე ასეთი დაწერილის გამო. ეს წერილი, დაო დაწერილია თხუთმეტ ივანობისთვეში (ივნისში). თუ იკადრება და გაიბედება სიძე ბატონს სალამს და ხელზე მოკითხვას მოვახსენებ, დაო. დაო, დურსუნი ასეთი დაწერილის გამოც თანახმაა. ჩემს დედას კიდევ უნდა დავუწეროო და წერილს კოცნა დაუწყო. შენს რამეს რომ დაინახავს, ხელს არმახლებინებს. შენი ძმისწულებს სულს ურჩევნიხარ, დაო. როხსეთმა დიდი მონატრებით სალამი და გულით ლოცვა გადმოგცა დაო. შენმა ძმისწულებმა დურსუნმა და შერითიმ ძუძუებზე და ხელებზე მოკითხვა მოგახსენეს. შენს ძმისწულებს თუ იკითხავ, კარგად არიან. შერითულამ ფეხი აიდგა. ღმერთით, მოგეგებება, დაო“.

აშკარაა, ქართულ და თურქულ კულტურათა ინტერფერენცია, სხვადასხვა ტრადიციის, მრწამსის, ენის მქონე ქართველი და თურქი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა, რაც აისახა მუჰაჯირთა არა მხოლოდ მეტყველებაზე, არამედ მათ სოციალურ თუ ეთნოგრაფიულ ყოფაზე.

ქობულეთის მუზეუმში დაცული ხელნაწერი ტექსტი შესრულებულია ქაღალდზე, დაკეცილია კვადრატულად, გრძლიურად, რაც კიდევ მეტად ადასტურებს მის დანიშნულებას. ქობულურ-აჭარული დედაბრული ხელით შესრულებული მანუსკრიპტი ადგილ-ადგილ დაზიანებულია, ზოგან ძაფით ნაკერი. ტექსტში ჩართულია უამრავი არქაული შელოცვა, თუმცა დაზიანების გამო იგი ნაკლულია. იმას, რომ ხელნაწერი ავგაროზია, ვიგებთ თავად ტექსტიდან: „...წინაშე თვალთა მისთა ეს ებისტოლე ანგაროზი იახლოს ზეცისა და ქვეყნისა და მისა ხატოვანებითა ევლიასითა”; „გადაარჩინე ამ ანგაროზის ბატონი ყოველისა მარცხისაგან.

არც თარიღი ვიცით ზუსტად და არც ხელნაწერების ავტორების ვინაობა. მხოლოდ ვარაუდებია, რომ 7 მეტრიანი გრაგნილის მიღმა რამდენიმე გადამწერ - ავტორია. წლების წინ ეს გრაგნილი მუზეუმის თანამშრომლებმა მორიგი დაზვერვის დროს შემთხვევით აღმოაჩინეს ერთ ოჯახში, სადაც არც კი იცოდნენ მისი შინაარსი.

ავგაროზის ტექსტის ძირითადი ნაწილი სახარების ფრაგმენტებითა და ქრისტიანული ელემენტებით არის გაჯერებული, ასევე მასში სნეულთა განკურნების, არაწმინდა სულთაგან შეპყრობისა თუ გათავისუფლების ლოცვები და შელოცვებია. ხელნაწერის ტექსტი კლასიკური შელოცვებია, იმდენად რამდენადაც მასში შეტანილია სხვადასხვა ტიპის სამკურნალო შელოცვა.

„გიორგი ჩოხარისაო, წმინდაო გიორგი ხონისაო, წმი- ნდაო გიორგი სადმირისაო, წმინდაო გიორგი გამოჩინებული- საო, წმინდაო გიორგი სუჯუნისაო, წმინდაო გიორგი ციხისაო, წმინდაო გიორგი გამოჩინებულისაო, წმინდაო გიორგი ბაილე- თისაო, წმინდაო გიორგი იმერეთისაო, წმინდაო გიორგი ოდი- შისა“.

სამუზეუმო ექსპონატებად ქცეული ჩანაწერები ძირითადად 18 საუკუნის ბოლოსა და მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისით თარიღდება. მაშინ, როცა აჭარაში ქართული საგანმანათლებლო კერა აღარ არსებობდა, ქალებმა ენის გადასარჩენად სპეციალური ასოები შექმნეს.

ამრიგად, „ქობულურ-აჭარული დედაბრული ხელი”, რომელიც ოსმალთა ბატონობის პერიოდში შეიქმნა, იდენტობისა და ისტორიული მეხსიერების ნათელი დასტურია.. მხედრული ანბანის მოდიფიცირებული, ორიგინალური დამწერლობის მეშვეობით ისტორიული ავბედობის ჟამს ეროვნული თვითმყოფადობა შენარჩუნდა.

მკვლევრებისთვის თითოეული ჩანაწერი ისტორიულ-გეოგრაფიულ, იმ პერიოდის რწმენა-წარმოდგენის ანალიზისთვის ფასდაუდებელ მასალას წარმოადგენს.მეცნიერებს კიდევ ბევრი აქვთ სამუშაო. იქნებ ერთ დღესაც კიდევ ერთმა შემთხვევით აღმოჩენილმა გრაგნილმა ყველა უპასუხოდ დარჩენილ კითხვას უპასუხოს... 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ყურში დედაჩემის სიტყვები მაქვს: აი, იმ ადამიანს ეტყობა, რომ ოჯახშია გაზრდილი... მაშინ ვეჩხუბებოდი, დღეს ცოტათი ვეთანხმები“ - ანდრო დგებუაძე

„რატომაა მოზარდ გოგონებში ამდენი აბორტის რიცხვი და როგორ ენგრევათ ზოგიერთებს ცხოვრება თავზე?“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე

🎥 „ანა დიდხანს მყავდა ბუნებრივ კვებაზე, ღამე არ გვძინავს ამ დროს და დილით, 7 საათზე შემოდიოდა დედა, გაჰყავდა ბავშვი“ - როგორი დედაა ჯანეტ ქერდიყოშვილი

წყარო: rustavi2.ge