Digest Logo

„ფეხზე ხორცი ამოგლეჯილი ჰქონდა, ორგანოებზე დაზიანებები აღენიშნებოდა და გვიმტკიცებდნენ გული გაუსკდაო“ - ბესო ურუშაძის ტრაგიკული ამბავი

1638348842
ლენტი ავარია

ნახეთქი ჭრილობები თავის არეში, ღრმა ნაიარევი ქვედა კიდურებზე, დაზიანებები ხელებზე და ნაკერები სხეულის სხვადასხვა არეში – 51 წლის ბესო ურუშაძის ცხედარი ოჯახის წევრებმა ასეთ მდგომარეობაში გადაასვენეს ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან ლანჩხუთში. 

ბესო ურუშაძის ნათესავები ობიექტურ გამოძიებას და სიმართლის დადგენას მოითხოვენ.

„სარკეს“ გარდაცვლილის ძმა, ჯამბულ ურუშაძე, ესაუბრა.

– ბატონო ჯამბულ, ვინ შეგატყობინათ, რომ თქვენი ძმა გარდაიცვალა?

– პოლიცია მივიდა ჩემთან სახლში და თქვა, ტრაგედია დატრიალდა და თქვენი ოჯახის წევრი ხონის ფსიქიატრიული საავადმყოფოდან სახლში გადაასვენეთო. წარმოდგენა არ გვაქვს, რა მოხდა. ჩემი ძმა წელიწადში ერთხელ ან ორჯერ მიგვყავდა ფსიქიატრიულში. უძილობა რომ ემართებოდა, თვითონაც გვეუბნებოდა, წამიყვანეთ, მიმკურნალებენ და ერთ თვეში გამოვალო. ამ შემთხვევაშიც ასე მოვიქეცით, მაგრამ მკურნალობის ნაცვლად სახლში ცხედარი მომისვენეს.

– ნახეთ, თქვენი ძმის ცხედარი რა მდგომარეობაში იყო?

– სხეულის სხვადასხვა ადგილას ხორცი ამოგლეჯილი ჰქონდა. ფსიქიატრიულის მედიკოსები მეუბნებიან, სიკვდილის მიზეზი გულიაო. ექიმი არ ვარ, მაგრამ იმდენს ვხვდები, რომ ჩემი ძმა გულით არ გარდაცვლილა! 51 წლის იყო და ერთხელ არ უთქვამს, გული მაწუხებსო.

დავუშვათ, გულით გარდაიცვალა, მაშინ სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები რატომ აქვს?! რატომ აქვს თავი გახეთქილი, ფეხზე – ხორცი ამოგლეჯილი და სხეულის სხვა ორგანოებზე – დაზიანებები?! ეს ის კითხვებია, რომლებსაც ოჯახის წევრები ვუსვამთ და პასუხს არავინ გვაძლევს.

– თქვენ რას ფიქრობთ, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი?

– ოჯახის ვერსიაა, რომ სასტიკად არის ნაცემი. ჩემი ძმა ჯერ აწამეს, შემდეგ კი ცემაში შემოაკვდათ. აი, ამას ვფიქრობთ ოჯახის წევრები. სხვა არანაირი ვერსია არ გაგვაჩნია. არც არავინ გვეუბნება დაზუსტებულ ინფორმაციას, რა შეიძლებოდა, რომ მომხდარიყო.

– როცა კლინიკაში იწვა, გქონდათ ძმასთან კომუნიკაცია? ხომ არ უთქვამს, რომ ცუდად ექცეოდნენ?

– ჩემი ძმა მორიდებული და უთქმელი კაცი იყო. ვინმე რომ არასათანადოდ მოექცეოდა, ღიად არ იტყოდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ვესაუბრე და მითხრა, კარგად ვარ და წამიყვანეო. შეიძლება ამ სიტყვებით მიმანიშნა, აქ ვერ ვარ კომფორტულად, არასათანადოდ მექცევიან და დროულად წამიყვანეო. რაღაც საქმეები მქონდა, რეგიონში არ ვიყავი. ვფიქრობდი, როგორც კი საქმეებს მოვილევ, მაშინვე გამოვიყვან-მეთქი, მაგრამ ასეთი ტრაგედია დატრიალდა.

– გარდა უძილობისა, კიდევ რა ჩივილებით მიგყავდათ კლინიკაში?

– როგორც გითხარით, უძილობა აწუხებდა და ამის გამო ბევრი სიარული უყვარდა, ხან მეზობლებთან მიდიოდა ღამით ან, დრო რომ გაეყვანა, ფეხით დადიოდა. ეს პრობლემები რომ მოგვეგვარებინა, მისივე თანხმობით მიგვყავდა ხონის ფსიქიატრიულში. ასე იყო იმ ავბედით დღესაც, წავიყვანე და რამდენიმე კვირაში ეს საზარელი ამბავი მოხდა.

ბესო ურუშაძის ნათესავები ყველა იმ პირის დასჯას ითხოვენ, რომლებმაც, მათი თქმით, პაციენტი სცემეს.

ცემის ფაქტს გამორიცხავდა სპეციალიზებული კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ედიშერ მუშკუდიანი. მისი თქმით, გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა იციან, ბესო ურუშაძეს სხეულზე დაზიანებები რის გამოც ჰქონდა, მაგრამ ამ დეტალების თქმის უფლება არ აქვს.

– ექიმებმა პაციენტის ახლობლებს აუხსნეს, რა მდგომარეობაშიც ის იმყოფებოდა. მეტი დეტალის მოწოდების უფლება არ გვაქვს. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება და ეროვნული კლინიკა საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობს“, – აცხადებდა ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ედიშერ მუშკუდიანი.

მასალა მომზადებულია ჟურნალ „სარკის“ მიხედვით.

⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„სიგარეტს 15 წლიდან ვეწეოდი, მამა რომ გარდაიცვალა, 6 ბლოკი სიგარეტი მოვწიე... ისრაელში დედას ონკოლოგმა მირჩია თავის დანებება...“ - ნინი ქარსელაძე

🔵„სიყვარული ყველას უნდა“ - მაკა ზამბახიძის ფოტოსესია ვენახში ქმართან ერთად

🔵რატომ არ გაეცნო ლიკა ქავჟარაძე ალენ დელონს - აქამდე უცნობი ისტორია

🔵მაკა ზამბახიძის ქმრები - მომღერლის გემოვნების ევოლუცია

🔵ვინ არის მაკა ზამბახიძის შვილი და რა აკავშირებს მას ლელა წურწუმიასთან - ფოტოამბები