Digest Logo

„როცა მათ შევხვდი, მაშინ დაიწყო ჩემი კარიერული წინსვლა... მშობლის და უფროსის პატივისცემა ერთ-ერთი ძვირფასი ტრადიციაა ჩემთვის“ - ჯიმი აბესაძის გულახდილი ინტერვიუ სიყვარულზე, ოჯახსა და კარიერაზე

1714133940
ჯიმი აბესაძე

ჯიმი ჯაბას ძე აბესაძე - ყველასთვის საყვარელი იუმორისტია, რომელიც საზოგადოების განწყობაზე უკვე 6 წელია ზრუნავს და ცდილობს ადამიანებს მხიარული განწყობა შეუქმნას - იგი ამას „გიორგი გაბუნიას ღამის შოუს“ სტუდიიდან ახერხებს.

მან, მისი სხარტული იუმორით და კვიმატი ენით ბევრს შეაყვარა თავი, როგორი მამა და მეუღლეა, რა იყო მისი ბავშვობის ოცნება, რას ნიშნავს მისთვის სამშობლო და როგორ მოხვდა „ღამის შოუში“ ამის შესახებ იგი „დაიჯესტთან“გულახდილ ინტერვიუში საუბრობს.

- ვინ არის ჯიმი აბესაძე? 

პროფესიით ვარ მსახიობი. დამთავრებული მაქვს თეატრალური უნივერსიტეტი. ვარ იუმორისტი და ვმუშაობ ტელეკომპანია „იმედში“ ღამის შოუს გუნდში, და ძალიან მომწონს საქმე, რასაც ვაკეთებ. 

- როგორ მოხვდით „ღამის შოუში“?

ეს დიდი ამბავია, ჩემი კარიერა დაიწყო „იმედში“, თუმცა იქამდე იყო გადაცემები „რომ გადახვალ გააჩერე“, „შენი გადახდილი“ და მსგავსი. ამ პერიოდში ვიყავი ბავშვი, კიდევ იყო რამდენიმე მსგავსი პროექტი. შემდეგ მოვხვდი ტელეკომპანია „პოსტ tv“-ში, სადაც შემამჩნია შალვა რამიშვილმა და ზვიად ბლიაძემ, რისთვისაც მათ კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი, მის შემდეგ დავიწყე და ვჩანვარ ეკრანზე ჩემ საყვარელ ადამიანებთან ერთად.

- როგორი იყო, პირველი ეთერის ემოციები?

ეს ემოციები, არ გამნელებია. დღემდე მაქვს ის ემოცია და ახლაც ახლავს ჩემ ეთერში შესვლას ეს ემოცია. მახსოვს პირველი სტუმარი იყო ემზარ კვიციანი. ის ლურჯი ფარდა ისევ ისეთივეა ჩემთვის, როგორც 6 წლის წინ იყო. ეთერში შესვლის დროს მე ჩემი ტრადიცია მაქვს, გულში რაღაცებს ვამბობ პირჯვარს გადავიწერ და გამოვდივარ.

ჩაწერას გადაცემის გვაქვს ხოლმე ხუთშაბათობით და ოთხშაბათს ღამე ნორმალურად კი არ მძინავს.

- ეკრანზე ნამდვილი იმერელი ხარ, რეალურადაც ასეა?

ვცდილობ ეთერშიც ვიყო ის ვინც ვარ, ახლა მეგრელი ვართ-თქო რომ გითხრა დამიჯერებ? ვცდილობ ყოველთვის ვიყო მხიარული და ჩემი პრობლემები სხვას თავზე არ მოვახვიო.

- რა იყო თქვენი ბავშვობის ოცნება?

არასოდეს მიოცნებია პოლიციელობაზე, კოსმონავტობაზე. ყოველთვის მინდოდა მსახიობობა და ამიტომ ჩავაბარე თეატრალურში.

- როგორია თქვენი სიყვარულის ისტორია?

მე საქართველოში არ ვცხოვრობდი, რამდენიმე წელი ჩვენ მეზობელ ქვეყანაში, სადაც ჩემი მშობლებიც ცხოვრობდნენ. როდესაც თბილისში ჩამოვედით მე და ჩემი და, წავედით ბაღდათში ბებიასთან და ბაბუასთან, სადაც 2 წელი დავდიოდით სკოლაში. სწორედ ამ პერიოდში ჩემი მეუღლეც გადმოვიდა ქუთაისიდან ბაღდათში, და იქ შევხვდით ერთმანეთს და გაჩნდა გრძნობა. თუმცა ამის შემდეგ მე წამოვედი თბილისში დავამთავრე სკოლა, თეატრალური. ელოც გადავიდა ქუთაისში. რამდენიმე წლის შემდეგ, როცა შევხვდით ერთმანეთს, ვუთხარი რასაც ვგრძნობდი მის მიმართ და უკვე 17 წელია ოჯახი გვაქვს და გვყავს 2 შვილი.

                                                             ჯიმი ოჯახთან ერთად

- როგორ რეაგირებს თქვენი მეუღლე თქვენ პოპულარობაზე?

ელო ჩემთვის პირველ რიგში არის მეგობარი, რომელიც ჩემ ცხოვრებაში წარმატების 99%-ი არის, ისეთ ცუდ დროს მედგა გვერდით, რომ შეიძლება ბევრ ადამიანს ეგ ვერ შეეძლო. არ არის ეჭვიანი ადამიანი და ალბათ ეს მაძლიერებს მე ყველაზე მეტად. ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, სახლში იშვიათად მიწევს ყოფნა, ხშირად ვარ რეგიონში კონცერტებზე, თუმცა ვცდილობ ბავშვები და ჩემი ოჯახი ფინანსურად უზრუნველყო, სულ ვცდილობ ჩემი თავისუფალი დრო ძირითად სახლში გავატარო. 

- ვინ არის თქვენი საუკეთესო გულშემატკივარი?

პირველ რიგში ეს არის დედა, შემდეგ ნუცი ჩემი შვილი, მეუღლე და ჩემი და.

- რომ გაიხსენოთ კურიოზი, რომელიც გადაგხდათ ეთერში?

თათას მეუღლე გვყავდა ეთერში სტუმრად, სადაც უნდა წამეკითხა სიყვარულზე ლექსი, რომელიც ასე იწყებოდა „ჯუღაშვილო მე შენ გამზრდელს ვენაცვალე“, 6 წელია აქ ვმუშაობ და მსგავსი შემთხვევა არ მქონია დუბლი ამდენჯერ ჩამეწეროს, პირველ ფრაზას რომ ვკითხულობდი ჩავაციკლე და ვერაფრით ლექსი 40 წთ-ის განმავლობაში ვერ წავიკითხე. 

- რის და ვის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ ცხოვრება?

ეს არის ჩემი ოჯახი და საქართველო. ბევრჯერ ვყოფილვარ საზღვრებს გარეთ და მონატრება მაქვს სულ. ზემოდან რომ ვუყურებ ჩემ ქვეყანას ისეთი სევდა მაქვს, ცრემლიც მომდის და დიდი ხნით არსად გაჩერება შემიძლია. ახლაც ამერიკაში მიწევს წასვლა და ისე ვნერვიულობ, რომ ცოტა ხნით აქაურობას უნდა მოვწყდე. საქართველოს გარეშე ოდესმე, სადმე თუ ვიცხოვრებ აუცილებლად იქნება ეს ოჯახთან ერთად.

- შემთხვევა, რომელმაც თქვენი ცხოვრება შეცვალა?

ზვიად ბლიაძეს და შალვა რამიშვილს როცა შევხვდი პირველად, და დაიწყო ჩემი კარიერული წინსვლა.

- ტრადიცია რომელიც მოგწონს?

სტუმარმასპინძლობის ტრადიცია, რომელიც ჩემთვის ნომერ პირველ ადგილზე დგას. მშობლის და უფროსის პატივისცემა ერთ-ერთი ძვირფასი ტრადიციაა.

- რა არის ის რაც გაღიზიანებთ?

ქუჩაში, როდესაც მანქანით დადიან და მუსიკას მაღალ ხმაზე უსმენენ, ასევე როდესაც თავშეყრის ადგილებში ხალხი ხმამაღლა საუბრობს მობილურზე.

- რჩევა, რომელიც არასოდეს გავიწყდება?

ეს რჩევა იყო ბაბუაჩემი, ის ყოველთვის მეუბნებოდა  - „შენ ახლა თბილისში მიდიხარ და არასოდეს ენა არ მიუტანო არავისო, ყველაფერს სჯობს თქვა, არ ვიცი, არ დამინახავს და არ გამიგონიაო“ - და ეს რჩევა მე ყოველთვის მადგება.

- სად ხედავთ თქვენს თავს 5 წლის შემდეგ?

ჩემი თავი ისევ ტელევიზიაში წარმომიდგენია, ბევრჯერ მიფიქრია ამაზე, მაგრამ ჩემი ტვინში ვერ ვუშვებ იმას, რომ ეს „ლომკა“ რაც ტელევიზიას ის აქვს სხვა რამით ჩაანაცვლო. 

ავტორი: თათია ამაღლობელი

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ერთადერთი პაუზა მქონდა მუსიკაში და ეს იყო სწავლის პერიოდი... ამერიკაში წასვლის შანსებიც მაქვს, ვიცი იქაური პოტენციალიც, თუმცა მთელი გულით პატრიოტი ადამიანი ვარ... “ - გულახდილი ინტერვიუ ნუცა თოფურიასთან

⭕„17 წლის ასაკში მივიღე ნარკოტიკი, რომელსაც 6 წელი მოვიხმარდი...“ - მუსიკის სიყვარული, მოგზაურობის მიზანი, სტელასთან შეხვედრა და სამომავლო გეგმები - ალექსი კიკვიძისა და სტელა კოხის გულახდილი ინტერვიუ

⭕„ყველაზე კარგად თავს ჩემ ქვეყანაში ვგრძნობ“ - ბავშვობის ოცნება, ცნობილი ოჯახის შვილობა, მთავარი ღირებულებები და წარმატებული კარიერა - ინტერვიუ ნინი ბადურაშვილთან