თბილისის ზოოპარკის დირექტორმა, ზურაბ გურიელიძემ პოდკასტში „ეგ არაფერი“ ცირკში ცხოველების მონაწილეობის შესახებ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და აღნიშნა, რომ ასეთ გარემოში ცხოველები მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან.
გურიელიძის განმარტებით, ცირკი წარმოადგენს შოუს, რომელიც მხოლოდ ადამიანების გართობას ემსახურება, რაც ცხოველების კეთილდღეობას ეწინააღმდეგება.
„ცირკი ეს არის შოუ, რომელიც ემსახურება ადამიანების გართობას და ამ დროს ცხოველები ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. მართალია, ამის შესახებ კანონი არ არის, მაგრამ არის რეკომენდაციები - ზოოპარკები, რომლებსაც აქვთ ფუნქციური სახელწოდება, არ ჩაერიონ მსგავს საქმიანობაში“, - განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.
მისი თქმით, საერთაშორისო სტანდარტებითა და არსებული რეკომენდაციებით, პროფესიული ზოოპარკების მთავარი ფუნქცია სახეობების კონსერვაცია და საგანმანათლებლო საქმიანობაა და არა ცხოველების გასართობ სანახაობებში ჩართვა.

შეგახსენებთ, რომ ცირკი საუკუნეების განმავლობაში ადამიანებისთვის ერთ-ერთი პოპულარული სანახაობა იყო. თანამედროვე ცირკი აერთიანებს აკრობატიკას, ჟონგლიორობას, კლოუნადას, საჰაერო ნომრებს და სხვა სანახაობებს. ისტორიულად ცირკის წარმოდგენებში ცხოველებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ — მათ შორის სპილოები, ლომები, ვეფხვები, დათვები, მაიმუნები და ცხენები. თუმცა, ცხოველების ცირკში გამოყენება წლების განმავლობაში ცხოველთა კეთილდღეობის საკითხზე დავის საგანი გახდა. კრიტიკის მთავარი მიზეზებია ცხოველების მუდმივი გადაადგილება, შეზღუდულ სივრცეში ყოფნა, ბუნებრივი ქცევის შეზღუდვა და წარმოდგენებისთვის მომზადების პროცესი. ამის გამო, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ველური ცხოველების ცირკში გამოყენებაზე შეზღუდვები ან სრული აკრძალვებია დაწესებული, ხოლო თანამედროვე ცირკების ნაწილი ცხოველების გარეშე მუშაობს და აქცენტს მთლიანად ადამიანების წარმოდგენებზე აკეთებს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: