Digest Logo

„წვიმის ადამიანი ვარ... ვნანობ, რომ უფრო მეტი სიკეთის კეთება არ შემიძლია... მინდა სამყაროს დავუტოვო უფრო მეტი სიკეთე...“ - ზვიად ბოლქვაძის პორტრეტი

1678872480
ზვიად ბოლქვაძე მუსიკოსი

„განა რამე ისეთი, სიყვარული მინდოდა...“ - მღერის მუსიკოსი - ზვიად ბოლქვაძე „აჭარულ ამბავში“. ეს ის ადამიანია, რომლის ცხოვრებასაც ლაიტმოტივად მიჰყვება „დო რე მი ფა სო ლა სი“.

როდესაც მის სიმღერას უსმენ რთულია გულში არ ჩაგწვდეს, არ დაგამახსოვრდეს...

„მე მინდა: ერთხელ დაგკარგო უცებ და სხვანაირი გიპოვო მერე... მე მინდა: შენი ფეხის ხმა კარებს მთვარეში, თოვლში არ მოეჩვენოს და გაიცინო, როგორც იცინი ნამდვილად, სადღაც: ფიქრში თუ ძილში...“

მსმენელზე ამ სიტყვათა შეხამება მძაფრად მოქმედებს და შეგიძლია შენთვის წვიმიან ამინდში დაუსრულებლად იღიღინო: „განა რამე ისეთი, სიყვარული მინდოდა...“

👉„პატარაობაში მამა არ მიყვარდა, 3 წლის ასაკში დავობლდი...“ 16 წლის ასაკში ნაპოვნი სიყვარული და მანქანის ბორბლებში შევარდნა ბავშვის გადასარჩენად - ღიმილის კაცის პორტრეტი

„ყოველთვის ვიცოდი, რომ მუსიკის გარეშე ვერ ვიცოცხლებდი, ეს ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თუმცა, როცა გადაწყვეტილებას ვიღებდი რთული დრო იყო და არჩევანის წინაშე ვიდექი, სიბნელე იყო და არ ვიცოდით, რა გველოდა. ბევრი სხვა რამე მიტაცებდა, საკმაოდ ტექნიკური ტვინი მქონდა, მაგრამ საბოლოოდ მივხვდი, რომ მუსიკის გარეშე ვერ ვიარსებებდი. გარემო, მეგობრები, ურთიერთობები – ჩემ გარშემო ყველაფერი მუსიკალური იყო. ბავშვობის წლებში გავიარე მუსიკალური სკოლა არაჩვეულებრივ პედაგოგებთან. განსაკუთრებით რუსუდან ბერიძეს გამოვარჩევ, რომლის ბავშვთა გუნდშიც გავიზარდე. იყო მუსიკალური სასწავლებელი, კაპელა, ოპერის გუნდი, თბილისის კონსერვატორია და შალვა მოსიძესთან დაკავშირებული არაჩვეულებრივი პერიოდი. მაშინ იყო ოცნებები და სიღრმეებში ჩასვლა, გამუდმებული მცდელობა, მაქსიმალურად გამომეყენებინა ჩემი შესაძლებლობები და ასე გრძელდება დღესაც“, - ასე იწყებს საუბარს გამოცემა „თბილისელებთან“ ძვიად ბოლქვაძე.

მის შესახებ „დაიჯესტი“ კი უფრო დაწვრილებით გიამბობთ.

ბავშვობა

„მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რთული პერიოდი გამოვიარეთ − 1990-იანი წლები, კრიზისი, მიმაჩნია, რომ ღმერთი ადამიანს ყველა რთულ მომენტში აძლევს საშუალებას, გამონახოს რაიმე საქმე, რათა არ ჩავარდეს სასოწარკვეთილებაში. მიუხედავად იმისა, რომ რთული პერიოდი იდგა, მაინც სასიამოვნო მომენტებით იყო ჩემი ბავშვობა სავსე. ალბათ იმიტომ, რომ უფრო მეტი სიახლოვე, მეტი დრო გვქონდა ადამიანებს ერთმანეთისთვის. ხელახლა რომ იწყებოდეს ყველაფერი, უფრო მეტს ვისწავლიდი.

ბათუმი...

ზღვის ქალაქს რომანტიკა და მისტიკა მეტი აქვს. აქ მთაც ახლოსაა, ბუნება სხვანაირია, მეტი სიმწვანეა, მზის ჩასვლა და ამოსვლა სხვანაირია, ეს ყველაფერი კი მოქმედებს ადამიანების ფსიქიკაზე. მახსოვს, პირველად თბილისში რომ წავედი, ძალიან ცუდად ვიყავი იმის გამო, რომ იქ არ წვიმდა ისე ხშირად, როგორც ბათუმში. წვიმის გამო ჩამოვდიოდი ბათუმში, მე წვიმის ადამიანი ვარ. თუ წვიმა იწყება ბათუმში, გავდივარ გარეთ და ყველაზე მეტად მაშინ ვგრძნობ ბათუმს.

მუსიკის წერა...

ჰგავს მშობიარობას, როცა ერთდროულად ძალიან დიდ ტკივილსაც განიცდი და ძალიან დიდ სიხარულსაც.

ვნანობ...

ვნანობ, რომ უფრო მეტი სიკეთის კეთება არ შემიძლია, უფრო მეტ დროს ვერ ვუთმობ სიკეთეს. ადამიანები ვართ, ხშირად უფრო ბევრი დრო მიაქვს სხვადასხვა ნიუანსს, ცდუნებებს. ვნანობ, რომ უფრო მეტად ვერ გავახარე ის, ვინც ვერ გავახარე. ხვალ ვეცდები გამოვასწორო, მინდა სამყაროს დავუტოვო უფრო მეტი სიკეთე. ყოველდღე ვეკითხები საკუთარ თავს, რით გამოვკვებე სიყვარული, სამშობლო, ოჯახი? რა გავაკეთე სულისთვის? ვფიქრობ, სწორედ ეს არის ადამიანების დანიშნულება“, - ამბობს ჟურნალ „OK!-სთან“ მუსიკოსი.

ამბავი სიყვარულისა 

კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში შევხვდი ძალიან კარგ ადამიანს და მეგობარს – ძალიან ბევრი მსგავსებით. დღეს ის კონსერვატორიის პედაგოგი გახლავთ – ლია ბაიდოშვილი. ის ჩემზე უარესი გიჟია, მუსიკით დაავადებული და ძალიან დიდი მოტრფიალე. თავიდანვე მივხვდი, რომ ძალიან საინტერესო პიროვნება იყო და ასე ვფიქრობ დღესაც. მისგან უამრავ რამეს ვსწავლობ და ჩემთვის ის ძალიან ძვირფასი ადამიანია. გარდა იმისა, რომ მეუღლე და ჩემი შვილების დედაა, ჩემი მეგობარია და მის აზრს დიდ პატივს ვცემ. არაჩვეულებრივი მეუღლე და სამი შვილის დედაა. 16 წელია, ერთად მოვდივართ. თითქმის ერთ პერიოდში დავამთავრეთ კონსერვატორია და მაშინვე გადავწყვიტეთ, რომ ერთად უნდა გვეცხოვრა, ერთად გვტკენოდა და გაგვხარებოდა. მერე გაჩნდა ჩვენი სამი ბიჭი: ანდრია, ნიკოლოზი და გაბრიელი“, - ამბობს მუსიკოსი გამოცემა „თბილისელებთან“ საუბრისას.

„ჩვენი სიყვარულის ისტორიაც მუსიკას უკავშირდება. კონსერვატორიაში გავიცანი. ხელი ჩამომართვა ძალიან უცნაურად, პიანისტების ნიჭია... ძალიან უჩვეულო იყო, ხმაც ძალიან უცხო ჰქონდა და ვუთხარი, რომ ჩემთვის პინოქიო იყო. და ასეც ვეძახდი. ყველაფერი მეგობრობით დაიწყო“, - ამბობს ბოლქვაძე გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„უნდა მოკლა საკუთარი ცხოვრებაც, რომ თვითონ დაიბადო“ - ბესიკ ხარანაულის პორტრეტი

🔵„მისთვის ცხოვრება იგივე სცენა იყო, ყველაფერი გულით უნდა გაეკეთებინა... “ - კახი კავსაძის აქამდე უცნობი ფოტოები

🔵გივი ბერიკაშვილისა და კახი კავსაძის ბოლო დიალოგი

🔵მსახიობის ტრაგიკული ცხოვრება და ერთადერთი სიყვარული - აქამდე უცნობი ამბები კახი კავსაძის შესახებ