მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებულ ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნული შუამდგომლობა სასამართლო პროცესზე საქმის პროკურორმა, გრიგოლ ნიშნიანიძემ დააყენა.
როგორც პროკურორმა შუამდგომლობაში განმარტა, ვინაიდან მტკიცებულებათა ხელახალი გამოკვლევა და მოწმეთა ხელახალი დაკითხვა იწყება, ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტისგან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს, რის გამოც, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა იყოს გამოყენებული.
მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ აღნიშნული გადაწყვეტილება განმარტა.
„სასამართლოს მიაჩნია, რომ ჩადენილი დანაშაულის სპეციფიკის გათვალისწინებით, არსებობს შესაბამისი საფრთხეები. იმის გათვალისწინებით, რომ საქმის განხილვა თავიდან დაიწყო, დასაკითხი არიან მოწმეები, არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების, ან მტკიცებულებათა განადგურების, ასევე, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები, შესაბამისად, შუამდგომლობა საფუძვლიანია და ადგილზე თათბირით სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდოს პატიმრობა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყოს განჩინების გამოცხადების მომენტიდან“, - განაცხადა მიხეილ ჯინჯოლიამ.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული. აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს, ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕კაცს, რომელმაც მარნეულში ძაღლს სასტიკად სცემა, პატიმრობა მიესაჯა
🎥 რას უნდა აკეთებდნენ ბავშვები 3 წლის ასაკში - ბავშვთა ნევროლოგის განმარტება