Digest Logo

200-მდე ელექტროდამტენის მონტაჟის მიზნით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

1738741416
ელექტროდამტენი

„თბილისში კიდევ 200-მდე ელექტროდამტენი დამონტაჟდება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ მიზნით გამოცხადებული აუქციონები დასრულდა და გამარჯვებული კომპანიები გამოვლინდნენ.

„ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება, ბევრი კარგი საქმე გაკეთდა. 2017 წლიდან რეფორმის განხორციელება დავიწყეთ სატრანსპორტო მიმართულებით. ერთ-ერთი კომპონენტი არის ელექტრომობილების წახალისება. ქალაქში დავიწყეთ ელექტროდამტენების მონტაჟი სხვადასხვა უბანში, თუმცა ეს არ არის საკმარისი, საჭიროა უფრო მეტი. შესაბამისად, გამოვაცხადეთ აუქციონები ქალაქის მასშტაბით, 200-მდე ელექტროდამტენის განთავსებაზე. გამოითქვა ძალიან დიდი ინტერესი ამ საკითხთან დაკავშირებით და აუქციონებში ბევრმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, დიდი კონკურენცია იყო. გვყავს გამარჯვებულები, რომლებიც ვალდებული არიან, ხელშეკრულების გაფორმებიდან რვა თვის ვადაში, საკუთარი ხარჯით უზრუნველყონ თითოეულ ლოკაციაზე ელექტრომობილის სწრაფად დასამუხტი „ჭკვიანი“ აპარატის განთავსება და შემდგომი 10 წლის განმავლობაში, მათი უწყვეტი ფუნქციონირება უზრუნველყონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„ეს ყველაფერი კეთდება ელექტრომობილების წახალისების მიზნით. ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რაც მხოლოდ ელექტრომობილების ნაწილით არ შემოიფარგლება. რეკრეაციული სივრცეების პროექტებს ვახორციელებთ, შემოვიღეთ რეგულაციები სამშენებლო ობიექტებზე, ბევრი ნაბიჯი გადაიდგა ამ მიმართულებით, რათა ეკოლოგიური მდგომარეობა იყოს გამოსწორებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის რეფორმები გრძელდება და მერია ამ მიმართულებით კიდევ არაერთ ნაბიჯს გადადგამს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 კაცი, რომელიც 40 უცხო ენას ფლობს და 126 ქვეყანაში უმოგზაურია - უცნაურ კოსტიუმში გამოწყობილი კაცი ამჯერად საქართველოს სტუმრობს

🎥 ვისთვის იქნება დღევანდელი დღე გამორჩეული და რა რჩევები უნდა გავითვალისწინოთ წარმატების მისაღწევად? - 5 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

🎥 „დედიკოს რეაქცია, როცა ორსული შვილი რეალობაში პირველად ნახა“ – სოფია კვინიკაძე ემოციურ კადრებს აქვეყნებს