Digest Logo

„84 წლის ასაკში ძილის წამლის ერთი აბიც არ მაქვს მიღებული, არც დამამშვიდებელი - ეს ერთი პატარა დეტალია, რომელიც მთლიანობაში უპირატესობას განიჭებს“ - რას ჰყვება ნონა გაფრინდაშვილი

1763403822
ნონა გაფრინდაშვილი

ნონა გაფრინდაშვილი იტალიის ქალაქ გალიპოლიდან ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა. 84 წლის ლეგენდა მსოფლიო ჩემპიონატზე სენიორთა (+65) შორის, ამჯერად, მესამე ადგილს დასჯერდა. თუმცა როგორც იგი გამოცემასთან „ზმნა“ ინტერვიუში ამბობს, შედეგით უკმაყოფილოა. ამგვარ რეზულტატს, წინ თავისი მიზეზი უძღოდა. ქართული ჭადრაკის დედოფალს წელიწად-ნახევარია არსად უთამაშია. არც ევროპის „მოსათელი ჩემპიონატი“ გაუვლია. პირდაპირ მსოფლიოზე გავიდა...

ნონა გაფრინდაშვილი: წელს ჩემპიონატზე სარეკორდო რაოდენობის მოთამაშეები ჩავიდნენ იტალიაში. ქალთა შორის ორი ტურნირი გაიმართა - 50-65 და 65-75 ასაკობრივ კატეგორიებს შორის. 75-ს ზევით ასაკის მოთამაშეები სამნი ვიყავით. არ ვიცოდი, რომ 75 წლის ზევით კატეგორიაში, ოღონდ კაცებში ცალკე ტურნირი იმართებოდა, თორემ შეიძლება იქ მეთამაშა. ხშირად კაცი მოპაექრე ამირჩევია, ასაკთან უფრო ახლოს რომ ვყოფილიყავი.

სპორტულად ძლიერები და კარგად მომზადებულები იყვნენ. მე წელიწად-ნახევარია პარტია არ მითამაშია. ჯერ ევროპის სენიორები ტარდება, მერე ტარდება მსოფლიოს ჩემპიონატი. ევროპაზე რომ გადიხარ, ეჩვევი თამაშს. მე თან მძიმე პერიოდი გადავიტანე. ოთხი თვე მკურნალობის ქვეშ ვიყავი. ევროპაზე რომ წავსულიყავი, კარგი პრაქტიკა მექნებოდა.

ზოგადად, ჩემი თამაშით არ შეიძლება უკმაყოფილო ვიყო, შედეგით ვარ უკმაყოფილო. პირველი ადგილი ღირსეულად დაიკავა მან, ვინც დაიკავა. საოცარი ქულები დააგროვა. მქონდა უპირატესობა, მაგრამ იმ უპირატესობას განვითარება სჭირდებოდა. ჩემი ბრალია. მოსაგები პოზიცია მქონდა, მაგრამ შეცდომა მომივიდა... და მესამეზე გავედი. ეს შეიძლება ნორმალურ შედეგად ჩაითვალოს, მაგრამ ჩემთვის მეორე და მესამე ადგილი არაა საინტერესო. თამაშით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ. მთლიანობაში იმის გათვალისწინებით - რაც გადავიტანე, ასაკობრივი სხვაობა, მესამე ადგილიც არ არის ცუდი. სამაგიეროდ, ჩვენმა კაცებმა ითამაშეს კარგად.

ჭადრაკში დიდი ენერგია იხარჯება. რთულია იმ კუთხით, რომ ბევრი ეტაპია გასავლელი. ხუთ საათიან პარტიებს ვთამაშობდი. წარმოგიდგენიათ? ამდენად უპირველესია ის, რომ მენტალურად ძლიერი იყო. შეიძლება ისე გადაიღალო, ვერ დაიძინო. ადამიანს აქვს რესურსი, ერთ ღამეს რომ არ დაიძინებს, მეორე დღეს ითმაშოს, მაგრამ ამას ყოველთვის ხომ ვერ გააკეთებს?

მე, 84 წლის ასაკში, ძილის წამლის ერთი აბიც არ მაქვს მიღებული. არც დამამშვიდებელი. არასდროს დამილევია. ეს ერთი პატარა დეტალია, რომელიც მთლიანობაში უპირატესობას განიჭებს.

მოკლედ, რაღაც კომპონენტი თუ გიშლის ხელს, ჩემპიონი შეიძლება ვერ გახდე. არიან სპორტსმენები, რომლებმაც დახმარებისთვის ფსიქოლოგს მიმართეს. მე ეს არ დამჭირვებია. ერთხელ მომახვიეს თავს, ფსიქოლოგი დაიხმარეო, მაგრამ არ მინდა მეთქი, ყოველთვის ჩემს გემოზე მინდოდა მეკეთებინა ყველაფერი.

ფიზიკურად ძლიერი ვიყავი. ბილიარდს, ფრენბურთს, პინგ-პონგს ვთამაშობდი. სიარული არ მიყვარდა მხოლოდ. სიარული ახლა დამჭირდა, ასაკში და დავდივარ ფეხით. რაშიც ინტერესი მქონდა, იმაში საერთოდ არ ვიღლებოდი. ძალიან კარგ ფიზიკურ მდგომარეობაში მაგდებდა ბილიარდი, პინკ-პონკი. მე ვთამაშობდი „ამერიკანკას“ - ბილიარდს. ახლა მომწონს სნუკერი, ბილიარდის ბრიტანული სახეობა. ვუყურებ ხოლმე „ევროსპორტზე“. ახლაც ჩართული მაქვს, თან გესაუბრებით, თან ვუყურებ. საქმე რაშია იცით, სნუკერი ყველაზე ახლოს არის ჭადრაკთან. მთლიანად სტრატეგიაზეა აწყობილი. ჩვენთან არ იყო განვითარებული და გული მწყდება. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ვგრძნობდი, რომ სადღაც წინ მელოდა კარები, რომლის გასაღებადაც შეგნებული წლები ვემზადებოდი“ - რას წერს ბარბარა სამხარაძე

„არ დაელოდო მარადიულ ხვალინდელ დღეს და არ თქვა არარეალურია „შესაძლოზე“, ნუ იოცნებებ იმაზე, რასაც სხვები აკეთებენ“ - თამარ კვარაცხელია

„ეს არის წლის ბორბლის განსაკუთრებული დრო, ე.წ. დამწვარი გზის პერიოდი, ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური ფაზა“ - რას წერს ასტროლოგი

წყარო: www.zmna.ge