„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი დიდ დიღომში მომხდარ საზარელ ფაქტს - 12 წლის მოზარდის მკვლელობას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც ნათელაშვილი წერს, ის და მისი ფრაქცია ჯერ კიდევ 90-იან წლებში განზრახ მკვლელობისთვის - სიკვდილით დასჯის შენარჩუნების მომხრე იყო, რის გამოც მისი თქმით დღემდე ამუნათებენ.
„90-იან წლებში როდესაც იხილებოდა საკითხი სიკვდილით დასჯის გაუქმებაზე.
ჩვენი ფრაქცია მოითხოვდა ამ სასჯელის შენარჩუნებას განზრახ მკვლელობისთვის დამამძიმებელ გარემოებებში, უპირველესად ბავშვის მკვლელობისათვის.
დღემდე მოლიბერალო ჯგუფები ამისათვის გვგმობენ და გვამუნათებენ.
ეს სასჯელი რომ ყოფილიყო უამრავი ბავშვი და კრიმინალებისგან სასტიკად მოკლული ჩვენი ხალხი, დღეს ცოცხალი იქნებოდა რადგან ცნობილია, რომ აფექტური შემთხვევების გარდა მკვლელი ჯერ კანონს ეცნობა, თუ რა სანქციაა გათვალისწინებული კონკრეტული დანაშაულისთვის და ასეთი სანქციის არსებობისას მკვლელთა 90 პროცენტი უარს ამბობს დანაშაულის ჩადენაზე“,- წერს შალვა ნათელაშვილი.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი გუშინ საღამოს დაიკარგა. მას 23:00 საათიდან სამართალდამცველები და ადგილობრივები ეძებდნენ. მოზარდი ბოლოს პეტრიწის ქუჩის მიმდებარედ, სკვერში ნახეს. რამდენიმე საათის შემდეგ კი მოშორებით, უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა, თუმცა ბევრი მცდელობის მიუხედავად, გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გავრცელებული ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ასევე დაგაინტერესებთ: