ონის მუნიციპალიტეტში, შოვში, სტიქიის ზონაში, მეექვსე დღეა სტიქიის სალიკვიდაციო და სამძებრო სამუშაო ღონისძიება გრძელდება. სტიქიის ზონაში ბოლო მონაცემებით დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა.
ტრაგიკულად დაღუპულთა შორის ერთ-ერთი გიორგი ყარალაშვილია. ინფორმაციას ოჯახი და მეგობრები ადასტურებენ. მათი ცნობით, ამ დრომდე კვლავ ეძებენ გიორგის დას, სოფი ყარალაშვილს. სტიქიას ემსხვერპლა გიორგის მეგობარი, სიღნაღელი დავით ბერიაშვილი.
გარდაცვლილებს მეგობრები სოციალურ ქსელში ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან.
„ყარალ! ბოლომდე ვერ გამიაზრებია ეს ამბავი.
სულ ვამბობდით ჩვენმა ძმაკაცობამ დაანგრიაო მეგრელ-კახელის სტერეოტიპები!
სულ ძმები ვიქნებით! შეხვედრამდე“,- წერს გიორგი ლოლუა.
„მინდა ისეთ სამყაროში ვცხოვრობდე, ჩემი მეგობრების გადარჩენა რამე ძალით რომ შემიძლია“,- წერს კესო ჭუმბურიძე.
„არ მჯერა, რომ ცხოვრება უნდა გაგრძელდეს და შენ, სოფი და დათო აღარ იყოთ.
არ მჯერა, რომ პარიზში ვერ გნახავ, რომ საერთოდ ვეღარ გნახავ.
შუაღამისას საათობით ვეღარ ვიჭორავებთ, ვერც მუსიკას ჩამიგდებ, ვერც თბილისში ჩამოსვლისას წავალთ სადმე ერთად, “მე შენ დათო” ხუმრობებიც გაქრება. რამდენი რამე იყო წინ.
თქვენსავით ნიჭიერი, მიზანდასახული, ჭკვიანი, შრომისმოყვარე, კეთილი, ნათელი ადამიანები აღარ არიან და არ ვიცი ამხელა უსამართლობის გრძნობას როგორ უნდა მოვერიო.
რა უნდა ვთქვა, რა გავაკეთო“,- წერს სალომე ჩიკვილაძე.
ცნობისთვის, 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. მაშველების მიერ ამ დროისთვის 19 ცხედარია ნაპოვნი. 16 პირი დაკარგულად ითვლება. სამაშველო ღონისძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.
7 აგვისტო, საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
თუ რამ გამოიწვია ტრაგედია შოვში, გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში აღნიშნულია.
„მდინარე ბუბისწყლის ხეობაში 2023 წლის 3 აგვისტოს კატასტროფული ხასიათის გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენები განაპირობა მყინვარის ინტენსიურმა დნობამ, მყინვარის სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლამ, მოსულმა ატმოსფერულმა ნალექებმა, მეწყრულ-ეროზიულმა პროცესებმა და გლაციალური ღვარცოფის გავლამ, რაც დაკავშირებულია მხოლოდ ბუნებრივ ფაქტორებთან“ .
აგრეთვე დაგაინტერესებთ: