Digest Logo

„არ ვიცი, რა დამთხვევაა კურორტი შოვი ზუსტად 100 წლის წინათ, 1923 წელს დაარსდა“ - გოგა ჩანადირი კურორტ შოვის დაარსების ისტორიაზე

1691992652
ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი

„არ ვიცი, რა დამთხვევაა სტიქიასთან, თუმცა, საინტერესოა, რომ კურორტი შოვი ზუსტად 100 წლის წინათ, 1923 წელს დაარსდა“,- ამის შესახებ ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში წერს და კურორტ შოვის დაარსების ისტორიას მოგვითხრობს.

„შოვის ისტორია

არ ვიცი, რა დამთხვევაა სტიქიასთან, თუმცა, საინტერესოა, რომ კურორტი შოვი ზუსტად 100 წლის წინათ, 1923 წელს დაარსდა.

პირველი საკურორტო ნაგებობის მშენებლობა ამ დროს დაიწყო და პირველი სტუმრები 1928 წელს მიიღო.

პირველ წლებში ჭანჭახზე გაკეთდა ხიდი, აშენდა დასასვენებელი სახლები, მათ შორის პირველი კორპუსი გერმანელების მიერ ხით აეწყო და ლურსმანი არ გამოყენებულა. ჩაიდგა ჰესიც, მოეწყო სამედიცინო კაბინეტები და დაიწყო მინერალური წყლების მეცნიერული კვლევა-შესწავლა. სულ 16 წყაროს არსებობა დადგინდა, თანაც, ერთმანეთისგან განსხვავებული შემადგენლობებით.

1929 წელს შოვი სრულფასოვანი კურორტი გახდა. მისი დაარსება რაჭის მკვიდრის, მედიცინის დოქტორის შამშე, იგივე სიმონ ლეჟავას დამსახურებაა, რომელიც ამბროლაურის სოფელ წკადი­სი­დან იყო.

მან მედიცინა და საკურორტო საქმე ვენაში ისწავლა, მოიარა ევროპის იმ დროისთვის ცნობილი კურორტები და რაჭაშიც გადაწყვიტა მსგავსი ცენტრის მოწყობა, რომელიც ბორჯომ-ლიკანსაც გაუწევდა კონკურენციას და სხვათა შორის, ევროპასაც.

მინერალური წყლებისა და გამორჩეული ჰაერის გამო, შამშემ არჩევანი შოვზე შეაჩერა, 1913 წელს თოვლი რომ გადნა, მან შოვის სა­ნა­ტო­რი­უ­მის მომ­წყო­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბა დააარსა, წევ­რთა კრე­ბა მოიწვია და საკურორტო ადგილი დაათვალიერებინა.

ნანახით ყველა აღფრთოვანებული დარჩა. თუმცა, კურორტის შექმნის პროცესი გაჭიანურდა, ინვესტორი ვერ მოიძებნა, რადგან ჯერ პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, მერე რუსეთში არეულობა და რევოლუცია.

პირველი კრებიდან მხოლოდ 10 წლის შემდეგ დაიწყო შოვში მშენებლობა.

სახელს რაც შეეხება, ერთი ვერსიით, შავიდან მოდის, რაც მახლობელი მდინარეების შავ შეფერილობას ან შოვის გარშემო არსებული წიწვოვანების შორიდან შავფრად აღქმას უკავშირდება.

თუმცა, კურორტს თავიდან შამშოვი ერქვა, რაც დამაარსებელ შამშეს უკავშირდება - შამშ ოვი. საბჭოთა რეჟიმმა "შამ" მალევე ჩამოაშორა და შოვი დატოვა, დამაარსებელი კი 1937 წელს დახვრიტეს.

მხოლოდ სტალინის გარდაცვალების შემდეგ, 1955 წელს ცნეს უდანაშაულოდ.

ამბობენ, რომ შოვში თავად სტალინიც ისვენებდა, მაგრამ ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის წარმომადგენელი ­გია ბე­რიშ­ვი­ლი ამბობს, რომ შოვამდე სტალინი არ მისულა.

ის უწერაში თევზით მოწამლულა და უკან ონში დაბრუნებულა.

მას უწერამდე ცუდი გზა ჰქონდა გავლილი და იმის იქითაც, თურმე, უარესიც ყოფილა. როცა უკითხავთ, როგორი იყო შოვიო, სტალინს უპასუხია - კარ­გად მყო­ფი იქ ვერ მი­აღ­წევს და ავად­მყო­ფი გზა­ში მოკ­ვდე­ბაო.

მეორე მსოფლიო ომმა შეაფერხა შოვის განვითარება, მხოლოდ 60-იან წლებში განახლდა განვითარება. ამ დროს შამშე ლეჟავა უკვე აღარ იყო ცოცხალი.

რას წარმოიდგენდა, რომ კურორტის დაარსებიდან მე-100 წელს უდიდესი ტრაგედიის ადგილი გახდებოდა“,- წერს გოგა ჩანადირი.

2023 წლის 3 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიური უბედურების შედეგად 24 დაღუპულს გლოვობს ქვეყანა. 9 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ, მათ შორის არიან ბავშვები. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „არ მჯერა, რომ ცხოვრება უნდა გაგრძელდეს და შენ, სოფი და დათო აღარ იყოთ“ - შოვში დაღუპულ და-ძმას მეგობრები ემშვიდობებიან

🔵 „რატომ უნდა ვიყოთ იდიოტები ხელოვანები? რატომ არ გვაქვს უფლება, პასუხი მოვთხოვოთ ჩვენს არჩეულ მთავრობას, როცა საქმე ამოწყვეტილ ოჯახებს ეხება?!“ - ნიკოლოზ რაჭველს კრიტიკის გამო მეგობრები მხარდაჭერას უცხადებენ

🔵 „პირველები შემოვიდნენ, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი იყო პატარა ბავშვით, გამოვიქეცითო“ - ონის კლინიკის ექიმი შოვის ტრაგედიაზე