Digest Logo

„დაე, ყოველდღე დიდებით შემოვიდეს იესო ადამიანთა გულებში“ -გია მურღულია ბზობის დღესასწაულზე

1714284205
გია მურღულია

მართლმადიდებელი სამყარო დღეს ბზობას - მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას აღნიშნავს. ამ დღეს ბაიაობას ანუ ბზობას უწოდებენ.

ბზობა თორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს.

ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„იესოს იერუსალიმის ქუჩებში აღტაცებით, თაყვანისცემითა და გალობით ეგებებიან. ყველა სიყვარულით უღიმის და სურთ, შეეხონ.

ის ამას კარგად ხედავს, მაგრამ იმასაც ნათლად ჭვრეტს, რაც შემდეგ მოხდება - ათას შეურაცხყოფას მიაყენებენ, აწამებენ, ჯვარზე გააკრავენ.

ის ეროვნული გმირი, რომაელთაგან დაპყრობილი სამშობლოს გამათავისუფლებელი ეგონებათ, მაგრამ იმედგაცრუებულად და მოტყუებულად იგრძნობენ თავს, რაკი მათ წინაშე სამყაროს მხსნელი, მესია აღმოჩნდება.

მათ მაცხოვარი ვერ შეიცნეს და როცა მისი გადარჩენის შესაძლებლობა მიეცათ სინედრიონის წაქეზებით ყაჩაღი ბარაბა არჩიეს - რამდენიმე კაცი მაინც თუ მის დახსნას ცდილობდა და გამოექომაგა იმას, ვისაც ცოტა ხნის წინ გზაზე პალმის რტოებსა და ტანსაცმელს უფენდნენ, მათი ხმა ბრბოს სისხლსმოწყურებულ შეძახილებში ჩაიკარგა.
„ოსანას“ გალობით შეხვდნენ და „ჯვარს აცვი ეგე!“-ს ყვირილით დაემშვიდობნენ.

ისტორია ყოველ წელს მეორდება:
ჯერ - ბზობა, მერე - გაცემა, მერე - ჯვარცმა, მერე - აღდგომა და ბოლოს - ამაღლება.
იესო ქრისტიანთა იმედია.

მან გვიჩვენა, რა შეიძლება გარდახდეს წუთისოფელში ადამიანს (თუნდაც - განკაცებულ ღმერთს), მაგრამ თავისი ძლევამოსილება სიკვდილსა და ცხოვრების უსაზრისობაზე გამარჯვებით დაადასტურა.
„ოსანას“ ჰანგები იმარჯვებენ გაავებული და სასტიკი ბრბოს ბოროტებით აღტაცებულ ხმებზე.
ბნელი სინათლეს ვერ ეწია.

აი, როგორი დღე გათენდა კვლავ გარეთ და თითოეულ ჩვენგანშიც.
გილოცავთ ბზობას!

დაე, ყოველდღე დიდებით შემოვიდეს იესო ადამიანთა გულებში“,- წერს გია მურღულია.

 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ეს არის საქართველო! ქართული გენი და სული“ - სანდრო გურგენაძის, ოთო ბაზერაშვილისა და „შავნაბადას“ „ჩაკრულო“

⭕ „არ მომწონს ეს ჩემი ბაყვები და მჭირდება დაკლება! უთხარი არა ფოტოშოპს და შეიყვარე შენი თავი როგორიც ხარ“ - ნუკის ცხელი ფოტოები მაიამიდან

⭕ნანიკო ხაზარაძეს მამა გარდაეცვალა

⭕„დღეს ბზობაა, ადამიანებისთვის მანძილის შეხსენების დღე“- რას წერს გიორგი კეკელიძე