Digest Logo

ირაკლი ბენდელიანი: მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი მძიმე ფაქტი კარგად გავიაზროთ და რასაც მერია სთავაზობს მოსახლეობას, მაქსიმალურად დავთანხმდეთ

1752523923
ირაკლი ბენდელიანი

„კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას, რომ სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი მძიმე ფაქტი ყველამ კარგად გავიაზროთ და რასაც მერია და მუნიციპალიტეტი სთავაზობს მოსახლეობას, მაქსიმალურად დავთანხმდეთ ამ ყველაფერს“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა განუცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროდ დადასტურდა სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ნგრევის შედეგად, კიდევ ერთი ადამიანის დაღუპვა. ირაკლი ბენდელიანმა გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.

თბილისის მერის მოადგილის თქმით, აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს კორპუსში მცხოვრებ თითოეულ ოჯახთან.

„უკვე დავიწყეთ მოსახლეობის გაყვანა სასტუმროებში. კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას, რომ ეს მძიმე ფაქტი ყველამ კარგად გავიაზროთ და რასაც მერია და მუნიციპალიტეტი სთავაზობს მოსახლეობას, მაქსიმალურად დავთანხმდეთ ამ ყველაფერს. როდესაც ავარიულია შენობა-ნაგებობა და როდესაც საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს, ყველა კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მივუდგეთ ამ ყველაფერს. მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც დედაქალაქის მერია ყველას სთავაზობს, ყოველგვარი დანახარჯის გარეშე, ჩვენ უზრუნველვყოფთ, სასტუმროებში გადავიყვანოთ ეს ხალხი, დროებითი საცხოვრებლით დავაკმაყოფილოთ, მოხდეს ავარიული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი, ახალი კორპუსების მშენებლობა და გარემონტებული ფორმით გადავცეთ მცხოვრებლებს. კიდევ ერთხელ, მოვუწოდებ და ვთხოვ დედაქალაქის მოსახლეობას, ეს უბედური შემთხვევა მაინც ავიღოთ მაგალითად, რათა მომავალში ავიცილოთ აღნიშნული ფაქტები“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

მისი თქმით, მომხდარი ფაქტის მიუხედავად, რჩება სამი ოჯახი, რომლებიც აღნიშნული კორპუსიდან გასვლაზე უარს აცხადებენ.

„როდესაც საგამოძიებო მოქმედებები დასრულდება, ხვალ დილითვე, ვინც დაინტერესებული პირები იქნებით, ყველა შეგვიძლია შემოგატაროთ სასტუმროებში და განახვოთ ის ოჯახები, ვინც გასულები იქნებიან. ახლაც, ამ წუთის მდგომარეობით, ხომ იცით, რა შემთხვევა მოხდა, სამი ოჯახი არის წინააღმდეგი გამოსვლაზე. კიდევ ერთხელ ვამბობ, პასუხისმგებლობით მივუდგეთ ასეთ საკითხებს, რათა ასეთი უბედური შემთხვევები ავიცილოთ თავიდან. ჩვენ მოგაწვდით ინფორმაციას, თითოეული მოსახლე შეგეძლებათ, ნახოთ სასტუმროებში და გადაამოწმოთ, როგორ პირობებში იქნებიან“, – აღნიშნა ბენდელიანმა.

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელ კორპუსის ნაწილი რამდენიმე საათის წინ ჩამოინგრა. ბოლო მონაცემებით, ნგრევის შედეგად, დაღუპულია ორი ადამიანი, ხოლო ერთი დაშავებული კლინიკაშია მოთავსებული.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარედ, შენობის ფასადის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა

⭕თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი შენობის ფასადი ჩამოინგრა - შსს განცხადებას ავრცელებს

🎥 როგორ აღმოვაჩინოთ ანევრიზმა 5 წლით ადრე სანამ განვითარდება? - კოტე თოდუას რჩევები