
თბილისში, სადგურის მოედანზე მდებარე ავარიული კორპუსის ფასადის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.
მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
„სამწუხაროდ, მოხდა უბედური შემთხვევა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ერთი ადამიანი. ერთი არის დაშავებული, რომელსაც კლინიკაში შესაბამისი მკურნალობა უტარდება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მისი თქმით, აღნიშნული კორპუსი მესამე კატეგორიის ავარიულად იყო აღიარებული და რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა.
„რაც შეეხება კორპუსს, ის ავარიული იყო და მინიჭებული ჰქონდა მე-3 კატეგორიის ავარიულობა, რომელიც არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას. ეს იცოდა ადგილობრივმა მოსახლეობამ. არაერთი შეხვედრა გაიმართა დიდუბის რაიონის გამგეობაში, გაკეთებული იყო შეთავაზება, რომ მონაწილეობა მიეღოთ ჩანაცვლების პროგრამაში, რითაც ჩვენ უზრუნველვყოფდით აღნიშნული კორპუსის დემონტაჟს. თქვენ იცით, რომ ამ პროგრამის განხორციელებას სჭირდება მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერ ვერ იყო მიღწეული. რამდენიმე ოჯახი, რომელმაც განაცხადა თანხმობა, უზრუნველყოფილია ქირით“,- განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელი კორპუსის ფასადი ჩამოინგრა. შემთხვევის ადგილზე, მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები, სადაც ამ დრომდე მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარედ, შენობის ფასადის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა
🎥 როგორ აღმოვაჩინოთ ანევრიზმა 5 წლით ადრე სანამ განვითარდება? - კოტე თოდუას რჩევები