სიმსუქნის გლობალური ეპიდემია - მსოფლიოში ყოველ მერვე ადამიანს ჭარბწონიანობის პრობლემა აქვს - ასეთი სათაურებით აქვეყნებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სტატიებს 2024 წლის ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში.
ერთ-ერთ გამოცემაში ვკითხულობთ, რომ ჭარბი წონის პრობლემა ბავშვებსა და მოზარდებში ყველაზე გავრცელებული ქრონიკული პედიატრიული პათოლოგიაა.
კვლევების მიხედვით, სიმსუქნის მაჩვენებელი ბოლო რამდენიმე წელში მკვეთრად გაიზარდა და უახლესი სტატისტიკური მონაცემებით, 5 წლამდე ასაკის 37 მილიონ ბავშვს და 5-იდან 19 წლამდე ასაკის 390 მილიონ მოზარდს სიმსუქნის და ჭარბწონიანობის პრობლემა აქვს.
„ჭარბი წონა და სიმსუქნე სერიოზული დაავადებაა თავისი მნიშვნელოვანი გართულებებით, რომლის გამოსწორებაც ზოგჯერ ძალიან რთულია. ამის აღქმა ბევრ მშობელს ძალიან უჭირს. ხანდახან არის, რომ ბავშვი ძალიან ჭარბწონიანია, მაგრამ ამის გამო კი არ მოგვმართავენ, არამედ მისგან გამოწვეული გართულებების გამო.
პრაქტიკულად, ყველა ორგანოთა სისტემაზე შეიძლება არასასურველი გავლენა იქონიოს. პირველ რიგში, ყველაზე მთავარი რასაც ხაზს ვუსვამთ, არის მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკი, ღვიძლის გაცხიმოვნება, სახსრების დაზიანება, არასრულფასოვანი ძილი, ნაღვლის ბუშტის დაზიანება, დეპრესია და ა.შ.“, - ამბობს იაშვილის ბავშვთა კლინიკის ენდოკრინოლოგიისა და დიაბეტის ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ხელაძე.
სპეციალისტების თქმით, საქართველოში სიმსუქნის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება და მოსახლეობის 28% ჭარბი წონის პრობლემა აქვს, რაც დიაბეტის განვითარების რისკს ზრდის.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 18 წლამდე ასაკის მოზარდებსა და ბავშვებში დიაბეტის ნიშნული ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა. ამის მიზეზად კი რამდენიმე ფაქტორს განიხილავენ: არასწორი კვება, პურის ჭარბი მოხმარება, დარღვეული ძილი და ეკრანთან უმოძრაოდ ხანგრძლივი დროის გატარება.
აღნიშნულ თემაზე სიუჟეტი „იმედის დილამ“ მოამზადა.
ასევე დაგაინტერესებთ: