სამზარეულოს ფარდისგან და მამის პერანგებისგან შეკერილი განსხვავებული სამოსი, ბავშვობაში ჩაწერილი წარმოსახვითი ინტერვიუები და რთულ წლებში მიღწეული მაქსიმუმი - ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა, ავთანდილ ცქვიტინიძემ, განვლილი გზა და წარმატების საიდუმლო გადაცემაში „იმედის დილა“ გაიხსენა:
„როცა საერთაშორისო ასპარეზზე გავედით, რთული იყო ჩემი გვარის წარმოთქმა, ამიტომ მხოლოდ სახელი დავტოვე ბრენდინგად. ბავშვობაში ხშირად ვხატავდი, სტენდის გაზეთებს, მხიარული ვიყავი, იუმორიც ყოველთვის მქონდა. პრობლემური მეგობრობა და ბავშვობა არასდროს მქონდა. ბულინგის ეტაპიც არ მქონია. ერთადერთი იყო ის, რომ მეცვა ყოველთვის განსხვავებულად. თუ შემოვიდოდა რაღაც გაზეთი, სადაც რაიმე სიახლეს ვნახავდი, ჩამოვხსნიდი სამზარეულოს ფარდას, დავადებდი მამაჩემის პერანგს და ვკერავდი.
როცა პატარა ვიყავი, ბავშვობაში საკუთარ თავს ინტერვიუებს ვუწერდი. ვიჯექი და ჩემს ოცნებებს ვიწერდი. ახლა ვხვდები, რომ ეს მანიფესტაცია იყო, თუმცა მაშინ ბავშვური ოცნებები. ჩემს ოჯახს არ ჰქონდა იმის საშუალება, რომ პარიზში ან სადმე მესწავლა, იმ პირობებში და წლებში, რაშიც მე დავიბადე მაქსიმუმი გავაკეთე. მნიშვნელოვანია იყო რეალიზებული და არ გაექცე პასუხისმგებლობებს. იუმორი გადაგვარჩენს“, - აღნიშნა ავთანდილ ცქვიტინიძემ.
ცნობისთვის ავთანდილ ცქვიტინიძე ქართული მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და გამორჩეული სახეა. მან საკუთარი შემოქმედებითი გზა 1990-იან წლებში, რთულ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში დაიწყო, თუმცა ბავშვობისდროინდელი გატაცებისა და უდიდესი შრომის წყალობით შეძლო ქართული მოდა საერთაშორისო პოდიუმებზე დაემკვიდრებინა და მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ბრენდი შექმნა.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: