13 ოქტომბერს ვაკის პარკში უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა. მოზარდებს, რომლებიც პარკში თამაშობდნენ, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად ჩასულებს კი დენმა დაარტყათ, რასაც 13 წლის მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
კაცი, რომელმაც დენის რამდენჯერმე დარტყმის მიუხედავად, 3 ბავშვიდან 2 -ის ამოყვანა და მათი გადარჩენა შეძლო, დევი მეზურნიშვილია.
„პრაიმ ტაიმი“ ჩვენი დროის გმირს, ვაკის პარკის უფროს მებაღეს დაუკავშირდა, რომელმაც ინტერვიუში ისაუბრა, თუ რას გრძნობდა მომხდარი ფაქტის ხილვის დროს.
- ბატონო დევი, თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც ვაკის პარკში ორი ბავშვი, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, გადაარჩინა. როგორ გაიხსენებდით მომხდარ შემთხვევას?
- ამ ამბავს ახსნაც არ სჭირდება. შეიძლება, იქ ჩემი შვილი ყოფილიყო და არც დავყოვნებულვარ, ისე ჩავედი მათ გადასარჩენად. ბავშვები უგონო მდგომარეობაში იყვნენ. არ მიფიქრია იმაზე, რომ დენი მეც დამარტყამდა. უბრალოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ ბავშვები გადარჩენილიყვნენ. რაც შემეძლო გავაკეთე. მე ცოტა მოშორებით ვიდექი, ყვირილი რომ დაიწყეს და შველა ითხოვეს, იქ გავიქეცი.
- ერთ-ერთი ბავშვი, სამწუხაროდ, ამ შემთხვევას შეეწირა. რას ეტყოდით ბავშვების ოჯახის წევრებს მომხდარი ფაქტის შესახებ?
- ღმერთმა ყველას გადაურჩინოს შვილი. ვწუხვართ იმის გამო, რომ იმ საბრალო გოგონას გადარჩენა ვერ შევძელი. მე საკუთარ თავზე არც მიფიქრია, რადგან ვხედავდი, რომ წყალში სამი არასრულწლოვანი იყო. ახლაც იმავეს გავაკეთებდი. უბრალოდ, ნეტა შემეძლოს იმ გოგონას ხელახლა გადარჩენა, ალბათ, შევძლებდი.
- საზოგადოებამ თქვენი კეთილი საქციელის გამო გმირად შეგრაცხათ. ხალხი მადლობას გიხდით და გლოცავთ. გსურთ რამდენიმე სიტყვით მიმართ მათ?
- საზოგადოებას ვეტყოდი, რომ ყველას უნდა უყვარდეს ერთმანეთი და ყველა პატივს უნდა სცემდეს ერთმანეთს, მით უმეტეს ქართველი ხალხი. ყველა ერთმანეთს უნდა ედგას მხარში. ერთობის გარეშე არაფერი არ გამოვა.
ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკში უბედური შემთხვევა მოხდა. მოზარდებს, რომლებიც პარკში თამაშობდნენ, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ. მის ამოსაღებად ჩასულებს კი დენმა დაარტყათ.
სამივე მათგანი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, რომელთაგან ერთ-ერთის, 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.
14 ოქტომბრის ინფორმაციით, ორი მოზარდიდან ერთი, რომელიც იაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა, კლინიკიდან გაწერეს. ექიმების შეფასებით, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, ხოლო მეორე მოზარდი, 13 წლის ლაზარე ლობჟანიძე კონტაქტურია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. მოზარდი რეანიმაციულ ბლოკში ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება.
ამავე თემაზე:
წყარო: primetime.ge