18 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს მოდელი კესარია აბრამიძე. არსებული ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული პირი დაკავებულია, დანაშაული კი 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კესარია აბრამიძეს სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი ემშვიდობება, მათ შორის არიან ცნობილი სახეები და მის შესახებ ისტორიებს იხსენებენ. ერთ-ერთი კი ტელეწამყვანი მაია ასათიანია, რომელიც ჰყვება, რომ კესოსთან შვილის გარდაცვალების შემდეგ ახლო ურთიერთობა ჰქონდა.
„ჩვენ ახლო ურთიერთობა გვქონდა და ჩემი შვილის გარდაცვალების შემდეგ ეს ურთიერთობა სხვანაირი ფორმებით გაგრძელდა. მე ძალიან ცოტა მეგობარი და ახლობელი მყავს. არ ვუშვებ ხოლმე ჩემს ცხოვრებაში ძალიან ახლოს ადამიანებს, მაგრამ იყო ერთი ფაქტი, რომელმაც ჩვენ დაგვაახლოვა. ნუცას დაკრძალვაზე მოვიდა კესო, გვერდზე მომიჯდა და მითხრა, რომ ცხოვრებაში პირველად ვარ დაკრძალვაზეო. ძალიან გამიკვირდა, საქართველოში რანაირად შეიძლება იცხოვრო, რომ დაკრძალვაზე არ წახვიდე, მითხრა, ვერ დავდივარ, მეშინია, რომ გამაგდებენო“, - ამბობს მაია ასათიანი გავრცელებულ ვიდეოში.
მოდელისა და მსახიობის კესარია აბრამიძის სამოქალაქო პანაშვიდი ალექსანდრე საშა იოსელიანის N96-ში გაიმართება - ჯიქიას სახელობის სახელობის სასაფლაოს მდებარე დარბაზში.
უკანასკნელ გზაზე მას კვირას, 22 სექტემბერს, 14:00 საათზე გააცილებენ და ვაკის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: