„ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას მანქანა რეკორდულად სწრაფ დროში მოიძებნა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მანქანა ქალაქ ავერსას მახლობლად, ერთ-ერთ ქუჩაზე, მიტოვებული ნახეს.
სამართალდამცველების განცხადებით, ავტომობილი კარგ მდგომარეობაშია და ის პატრონს დაუბრუნდა.
ცნობისთვის, 3 ნოემბერს ნეაპოლის შემოგარენში, კუმას დასახლებაში მდებარე ფეხბურთელის სახლიდან მისი ავტომობილი Mini Countryman მოიპარეს.
მოგვიანებით სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქურდი ქართველი იყო, რაც საბედნიეროდ, ტყუილი აღმოჩნდა.
თავად პოსტის ავტორმა, რომელმაც ბოროტად იხუმრა, „ქართველი ქურდის“ შესახებ, მოგვიანებით ასეთი რამ დაწერა.
„ქურდი არა, მაგრამ პოლიციელი, რომელმაც ხვიჩას მანქანა იპოვა, ნახევრად ქართველი აღმოჩნდა. ჯორჯო მარგალინი-გეგუჩავა:
„მე ბავშვობიდან ნაპოლის თავგადაკლული ფანი ვარ. დღეს ვისვენებდი, მაგრამ როგორც კი გავიგე ხვიჩას მანქანა მოპარესო, სახლში ვერაფრით გავჩერდი. შატოდან სამსახურში საკუთარი მოტოციკლით გამოვცხადდი და ბიჭებთან ერთად შევუდექი ძებნას. ძალიან გამიმართლა, მანქანა მალევე ვიპოვეთ. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ისტორიული სამშობლო ასე გავახარე. ვიცი როგორ ნერვიულობდა ყველა. ამან უფრო მეტი ძალა მომანიჭა. აქამდე არ მიფიქრია საქართველოში წამოსვლაზე. ახლა დარწმუნებული ვარ, რომ იქ ცხოვრება მინდა. ცოლსაც ქართველს მოვიყვან. დედა მიყვება ხოლმე ქართველი გოგონების სილამაზის და ინტელექტის შესახებ. ქართულად და მეგრულად მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ვიცი, აწი მეტს ვისწავლი. გენაცვალე საქართველოვ! მა სი მიორქ! "ჯორჯო მარგალინი-გეგუჩავა 27 წლისაა და კარაბინერად 3 წელია მუშაობს. “, - დაწერა სტეფანიამ.
თუმცა მოგვიანებით „კვირის პალიტრასთან“ ვრცელი განმარტება გააკეთა.
„გამიჩნდა იდეა, მეხუმრა და უკვე პოლიციის მხრიდან მომეძებნა ,,ქართული კავშირები“ - სულ კრიმინალთან რომ არ გაგვეიგივებინა თავი. თან მაინტერესებდა, რა რეაქცია იქნებოდა. ვინაიდან ემიგრაცია ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა, ჩავსვი ეს კომპონენტიც - ემიგრაციაში დაბადებული ბიჭი როგორ გულშემატკივრობს იქ ჩასულ ქართველს და უჩნდება საქართველოში ცხოვრების სურვილიც...“
- ტექსტის შინაარსზე ბევრი იფიქრეთ? აქაც მეგრული გვარი შეგნებულად რომ არის გარეული, ესეც ცალსახაა.
- არა ექსპრომტია. 5 წუთი დამჭირდა ფოტოს მოძებნიან-ტექსტიანად.
- პირად მიმოწერებში რას გწერდნენ, ამოწმებდნენ სიმართლე იყო თუ არა?
- არავის გადაუმოწმებია. ღამით, როცა დავდე, რამდენიმე მეგობარმა დააკომენტარა და მე თვითონ მივწერე იქვე და პირადშიც, რომ არ იყო სიმართლე. კომენტარებში თავიდანვე დავაფიქსირე ეს. უმეტესობა ზოგადად, კომენტარებით იგებს რეალურად რა ხდება. ვინც არ კითხულობს კომენტარებს, ძირითადად ის ხალხი ვერ ხვდება შეიძლება უცებ. თან როდესაც სხვა აზიარებს, ყველა არ შედის ავტორის ორიგინალ პოსტზე და არ ნახულობს კომენტარებს. ამდენი დრო ბევრს არ აქვს.
ასევე დაგაინტერესებთ