მამა საბა, ერისკაცობაში სულხან ჭიკაიძე, თბილისის ორ ეკლესიაში მსახურობს და მთელი ქვეყანა იცნობს.
იგი პოდკასტის „ირინას ეპიზოდი“ სტუმარი იყო, სადაც ნათლობაზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ერთადერთი რამ, რასაც ნათლიის არჩევის დროს ყურადღება უნდა მიაქციოთ არის ის, თუ რამდენად კარგი ქრისტიანია პიროვნება:
- როგორ შევარჩიოთ ნათლია?
ნათლიის ასარჩევად უნდა დავაკვირდეთ ერთადერთ რამეს, ეს ადამიანი ვინც გვინდა, რომ ნათლიად გამოდგეს ჩვენი შვილისთვის, უნდა იყოს კარგი ქრისტიანი. მეტი არაფერს უნდა მიაქციო ყურადღება! თავად უნდა იყოს კარგი ქრისტიანი იმისთვის, რომ შეძლოს შენი შვილის მაგივრად ღმერთს პირობა, აღთქმა დაუდოს, რომ ისიც კარგი ქრისტიანი გაიზრდება და მერე მან ეს პირობა შეასრულოს!
ის რომ ლამაზია, ცნობილია, ფულიანია, გავლენიანია და ამის გამო გინდა შენ მისი დაახლოება, დანათესავება - ეს ანგარებაა და არ შეიძლება.
ჩვენ ნათლიებს ყოველთვის ვუტარებთ პატარა კატეხიზაციას და ვეკითხებით, ცხოვრობ შენ თავად ქრისტიანულად?
შენ რომ გინდა ამ ბავშვის მაგივრად ღმერთს შეპირდე, შენ თვითონ ხარ შემდგარი ქრისტეს გზას?
ცხოვრობ ეკლესიური ცხოვრებით?
გყავს სულიერი მოძღვარი?
ხარ მაზიარებელი, აღმსარებელი?
თუ არ ხარ როგორ აძლევ შენს თავს უფლებას, რომ მოხვიდე და შეპირდე, რომ გაიზრდება კარგი ქრისტიანი და შენ ამისთვის ყველაფერს გააკეთებ. შენი თავისთვის ვერ გიშველია, ვერ მიგიხედავს, ცოდვებში ხარ ჩაძირული.
- შეიძლება ნათლიობაზე უარის თქმა?
ტყუილია, რომ არ შეიძლება უარი თქვა ნათლიობაზე. ყოველთვის სჯობს თქვა უარი, ვიდრე შეპირდე ღმერთს და არ შეასრულო დანაპირები, მით უმეტეს ბავშვის გამო. ისიც ტყუილია, 7 ნათლული თუ გეყოლება ცხონდები და ა.შ. რაც მეტი ნათლული გყავს, მით მეტი პასუხისმგებლობა გაქვს“, - ამბობს დეკანოზი მამა საბა (ჭიკაიძე).
ვრცელი ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=ydfphmgkTko

ასევე დაგაინტერესებთ: