Digest Logo

„როცა გთხოვენ, შენობიდან გამოხვიდე – უნდა გამოხვიდე! მერე კი არ უნდა აბრალო ხელისუფლებას“ – ავარიული კორპუსის მცხოვრები სადგურის მოედნის ტრაგედიაზე

1752584036
 ადგილობრივი

14 ივლისს სადგურის მოედანზე ავარიული კორპუსის ფასადის ნგრევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. მეორე ცხედარი მაშველებმა გვიან ღამით ნანგრევებში იპოვეს. კლინიკაში რჩება დაშავებული მოქალაქე. 

ძებნა-შველის ოპერაცია დასრულებულია, თუმცა ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. შენობაში ექსპერტები მუშაობენ, გარე პერიმეტრი კი ყვითელი ლენტითა და რკინის ჯებირებითაა შემოსაზღვრული. უსაფრთხოების გამო მოქალაქეებს შენობასთან მიახლოება ეკრძალებათ, ხოლო თევდორე მღვდლის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.

ადგილობრივები მომხდარის შესახებ საუბრობენ. მათი თქმით, ეტაპობრივად შედიან ადამიანები, რათა გამოიტანონ თავიანთი ნივთები.

„მერიამ გამოგზავნა სამაშველო ძალა, ეტაპობრივად შეჰყავთ 3-3 ადამიანი, რომ გამოიტანონ ყველაფერი. მერია გვერდში უდგას ამ ხალხს“, - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

„თავიდან მიწისძვრა გეგონებოდა და მერე უცბად იყო ძალიან დიდი ხმაური, ბრახუნი იყო. მეგონა, რაღაც ჩავარდა სადარბაზოში, ჩაიშალა კიბეები, მეშინოდა საერთოდ გამოსვლა. მერე სამაშველო დამეხმარა და გამომიყვანა. ჩანაცვლების პროგრამაზე იყო მოლაპარაკება ამის შესახებ, მაგრამ ამ შემთხვევაში 100% უნდა იყოს თანახმა, ყველა უნდა გასულიყო და 100% არ იყო თანახმა. მე თანახმა ვიყავი“, - აცხადებს კიდევ ერთი ადგილობრივი.

მათივე თქმით, ყველა გაფრთხილებული იყო შენობის ავარიულობასთან დაკავშირებით და არ სურდათ კორპუსის დატოვება.

„როცა ხელისუფლება გთავაზობს, რომ უნდა გამოხვიდე შენობიდან და რეკონსტრუქციას შენობა არ ექვემდებარება, უნდა გამოხვიდე. მერე კი არ უნდა აბრალო ხელისუფლებას. ყველა იყო ინფორმირებული, რომ შენობა დაეცალათ, მაგრამ არავის სურდა გამოსვლა იქიდან. მაინც და მაინც მსხვერპლი უნდა მომხდარიყო? არ შეიძლება ასეთი რაღაც“, - აღნიშნა ავარიული კორპუსის მცხოვრებმა.

აღნიშნულ თემაზე თბილისის მერმაც გააკეთა კომენტარი. კახა კალაძის განცხადებით, კორპუსს ავარიულობის მესამე კატეგორიის ხარისხი აქვს მინიჭებული, გამგეობამ არაერთი შეხვედრაც გამართა, თუმცა ჩანაცვლებაზე მოსახლეობის ასპროცენტიანი თანხმობა ვერ მიიღო.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 სიცხე და შაკიკი - როგორ გვაქცევს ზაფხულის მზე თავის ტკივილის მძევლად?

🎥 „სულიკო“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადდა - რა იცვლება სიმღერა „სულიკოსთვის“ და საქართველოსთვის?

⭕„ვიშლისთი“ მოულოდნელად გარდაცვლილ თანამშრომელს ემშვიდობება: თბილისში მისი სახელობის ფოტო კუთხე მოეწყო

წყარო: rustavi2.ge