2 ოქტომბერს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ქალაქ შელეხოვის რაიონულ საავადმყოფოში ირკუტსკის „შავი ჭირის“ საწინააღმდეგო ინსტიტუტის ლაბორანტი, 28 წლის დარია შიპილოვა ფილტვისმიერი ჭირით გარდაიცვალა. მისი დაინფიცირების ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, შიპილოვას ჭირის პათოგენის შემცველი სინჯარა შემთხვევით გაუტყდა. ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ რუსეთში შავი ჭირის ეპიდემიის გავრცელების რისკი დაბალია.
ექიმი კოტე თოდუა სწორედ „შავი ჭირის“ ფორმებსა და გავრცელების თავისებურებებზე საუბრობს იუთუბის არხზე გავრცელებულ ახალ ვიდეოში.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ფილტვისა და სეპტიცემიური ჭირი უკიდურესად საშიში და სწრაფად განვითარებადი ინფექციებია, შავი ჭირი კოვიდ-19-ის მსგავს მასშტაბურ პანდემიას ვერ გამოიწვევს.
კოტე თოდუა განმარტავს, რომ დაავადების მოკლე ინკუბაციური პერიოდისა და სიმპტომების სწრაფი გამოვლინების გამო, ინფიცირებულის მიერ ვირუსის მასობრივად გადადება პრაქტიკულად შეუძლებელია, ამასთან, კაცობრიობისთვის ცნობილია მასთან ბრძოლის შესაბამისი მექანიზმები:
„შავი ჭირი არის ბაქტერია, რომელიც მსოფლიოს ძალიან მძაფრად ახსოვს ისტორიულად. მე-14 საუკუნიდან მოყოლებული არსებობს ეს პანდემია და უამრავი დაავადება გამოუწვევია.
ამ დროს სისხლის მიმოქცევა ირღვევა, ქსოვილები კვდება და თითები, ცხვირი და უბნები შესაძლოა გაშავდეს. ალბათ ამიტომ ეძახიან „შავ ჭირს“.
შუა საუკუნეებში დაავადებას „შავ ჭირს“ სულაც არ ეძახდნენ. შავი სიკვდილის სახელით მოიხსენიებდნენ და შემდეგ უკანასკნელი სახელი დამკვიდრდა. ამან მილიონობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვია, ევროპაში კი ადრე ყოველი მეორე ადამიანი იყო დაავადებული. წარმოსადგენად ძალიან რთულია.
„შავ ჭირს“ აქვს სამი მთავარი ფორმა: ჭირის ყველაზე გავრცელებული ფორმა ბუბონურია, მაგრამ ფილტვის და სეპტიცემიური ფორმები უფრო მომაკვდინებელია. პნევმონიური ჭირი მკურნალობის გარეშე პრაქტიკულად ყოველთვის შეიძლება ფატალური გახდეს. ფილტვის ჭირის ინკუბაცია ხშირად მხოლოდ 1–3 დღეა, ამიტომ დაავადება ძალიან სწრაფად ვითარდება.
ადამიანი რომელსაც მაგალითად ფილტვის ფორმა აქვს, შესაძლოა მივიდეს კლინიკაში, იქაც გადასდოს ადამიანებს. თუმცა კოვიდისგან განსხვავებით აქვს ის თვისება, რომ ასე მარტივად არ ვრცელდება. შევიდეს ადამიანი კლინიკაში და ყველას გადასდოს, ასე არ ვრცელდება. ამ დროს დრო ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, როცა ვახსენეთ ინკუბაციის დღეებად 1-3, უნდა დავაკვირდეთ ამ ფაქტორს. კოვიდს ორი კვირა და ზოგჯერ მეტიც ჰქონდა ინკუბაციური პერიოდი, აქ პირიქითაა, მალე ვლინდება სიმპტომები. ამიტომ ძალიან ძნელია ასეთმა ადამიანმა მოსდოს ბევრ ადამიანს.
გასათვალისწინებელია ის ფაქტორი რომ „შავი ჭირის“ გავრცელების არეალი არ დაემსგავსება კოვიდს, რადგან კოვიდი იყო პანდემია, რომელიც კაცობრიობისთვის იყო უცხო. არ იყო ცნობილი მასთან ბრძოლის მექანიზმები“, - აღნიშნა კოტე თოდუამ.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო;
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „რასაც ებრძვი, სწორედ ის გმართავს“ - ხათუნა ნოელი ნეგატიურ კონფორმიზმსა და ცრუ თავისუფლებაზე