Digest Logo

„სხვა გზა არ იყო, უნდა მემღერა... გული დამძიმებული მქონდა...“ - ოთო ნემსაძე რთულ პერიოდზე

1751447152
 ოთო ნემსაძე

15 ივნისს, ოთო ნემსაძის ახალი კლიპის პრეზენტაცია შედგა. სიმღერა მისი ალბომიდანაა, რომელიც სულ მალე გამოვა და მომღერლის ერთგულ მსმენელს გაახარებს.

ამჯერად მან ჟურნალ „თბილისელებთან“ კარიერაზე, ცხოვრების რთულ მომენტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა:

საზოგადოებამ წლების წინ მუსიკალური კონკურსიდან გაგიცნო და შენი განსხვავებული ხმის ტემბრის და შესრულების მანერით შეგიყვარა. ეს იყო სწორ ადგილას სწორ დროს მოხვედრა? იღბლიან ადამიანად თუ მიიჩნევ თავს?

– ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ. ბოლოს და ბოლოს, შვიდი პროექტი მაქვს მოგებული და ძალიან ბედნიერი ვარ. განსაკუთრებულად ქართველ მსმენელს ვუყვარვარ, ამას ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ. მყავს უსაყვარლესი მეუღლე, მშობლები, ძმა, მეგობრები და ვაკეთებ იმას, რაც ძალიან მიყვარს. საჭირო დროს, საჭირო ადგილას კი, ალბათ, ბედისწერა მახვედრებს. 

ოთო, იყო შენს ცხოვრებაში პერიოდი, როცა არ გემღერებოდა, თვალზე ცრემლი გედგა, მაგრამ სცენაზე იდექი და მღეროდი?

– ალბათ, ბევრჯერ იყო, მაგრამ განსაკუთრებულად მახსენდება ბებიის გარდაცვალების ამბავი, რომელიც ძალიან მიყვარდა. იმ დღეს კონცერტი იყო, კონტრაქტი მქონდა დადებული და სხვა გზა არ იყო, უნდა მემღერა. გული დამძიმებული მქონდა, მაგრამ ვიდექი სცენაზე და ვმღეროდი. ასევე, ჩემი მეგობრის გარდაცვალების დღეს მომიწია სიმღერა, რომელიც მას მივუძღვენი ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზიდან. არის ასეთი მომენტები ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ არ მინდა, ამაზე აქცენტი გავაკეთო, მაგრამ ძალას ის მმატებდა, რომ მათ მოსწონდათ ის, რასაც ვაკეთებდი და ასმაგი მოტივაციით ვიდექი სცენაზე მიკროფონით ხელში. ასე რომ, არის პერიოდები, როცა შენი ემოციები უნდა მოთოკო, აკეთო შენი საყვარელი საქმე და მსმენელს მისცე ის, რაც შენგან სჭირდება.

ესე იგი, ემოციების მოთოკვა შეგიძლია?

– როცა საქმე ჩემს ემოციებს ეხება, ვთოკავ. მაგრამ, როცა ჩემს საყვარელ ადამიანებს ეხებიან, ამ შემთხვევაში ემოციებს ვერ ვთოკავ, ცუდად ვიქცევი და მერე ძალიან ვნანობ. ჩემთვის მთავარია, ჩემ გარშემო მყოფი ადამიანები იყვნენ ძალიან კარგად, ცუდად არავინ მოექცეს, თორემ ოთო ყველაფერზე წამსვლელია (იცინის). ძალიან ჯიუტი და შეუპოვარი ვარ, როცა საქმე შემოქმედებას ეხება. ეს ძალიან მომწონს ჩემს ხასიათში. 

რა მოგწონს შენს ხასიათში გასაგებია, მაგრამ რა არ მოგწონს?

– არ მომწონს ამ სიჯიუტის მეორე მხარე. ხშირ შემთხვევაში ჩემი პრინციპები ბევრ რამეს მაკარგვინებს, ფინანსურ მხარეს ვგულისხმობ. არის პრინციპები, რომელსაც არასოდეს ვახტები და ეს პრინციპები მერე, ცუდად მუშაობს ჩემს ფინანსურ სფეროზე, ეს არ მომწონს (იცინის). ამის დაბალანსება შეიძლებოდა, მაგრამ ეს არასოდეს ყოფილა ჩემთვის მნიშვნელოვანი მუსიკაში, შესაბამისად ამაზე დიდად არ ვდარდობ.

არასტაბილური გარემო ახსენე. არ დაფიქრებულხარ უცხოეთში კარიერის გაგრძელებაზე?

– ბევრი მცდელობა მქონდა, კარგადაც ვიყავი, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც აქეთ მომიწევს გული. არ ვიცი, ხვალ და ზეგ რა იქნება, მაგრამ ქართულ მუსიკასთან რომ სულ მჭიდრო კავშირი მექნება, ზუსტად ვიცი.

დაგეგმილი ცხოვრება გიყვარს თუ სპონტანურობა გირჩევნია?

– არ მიყვარს დაგეგმილი ცხოვრება, სპონტანური ცხოვრება მაქვს. ვცხოვრობ ყოველდღიური ცხოვრებით. თუმცა, რაც ჩემს საქმეს ეხება, იქ ვგეგმავ, ამას ვერ გავექცევი. საქმესთან დაკავშირებით სპონტანურობა ძალიან ცუდია. თუმცა, ემოციების დონეზე, ძალიან ემოციური ვარ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „არ ველოდი ამ შედეგს...“ - რას ჰყვება მეგაშოუ „საქართველოს ხმის“ გამარჯვებული აჩი ჯაიანი

🎥 ალერგიული დერმატიტი - როგორ ვუმკურნალოთ ალერგენებით გამოწვეულ სიმპტომებს?! - ზაზა თელიას რჩევები

🎥 „გადადგით ნაბიჯები, რომლის გადადგმასაც აქამდე ვერ ბედავდით“ - 2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

წყარო: tbiliselebi.ge