„პარი სენ-ჟერმენისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ Le Parisien-თან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„პარი სენ-ჟერმენში“ ტრანსფერზე
ხვიჩა კვარაცხელია: ორჯერ არ დავფიქრებულვარ, უბრალოდ ვუთხარი ჩემს აგენტს, რომ პსჟ-ში მინდოდა გადასვლა. სხვა ვარიანტებიც მქონდა, მაგიდანზე რამდენიმე შემოთავაზება გვედო, მაგრამ მწვრთნელისა და სპორტული დირექტორის მიერ პროექტის წარდგენამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
„პსჟ-ში“ გადასვლა ოცნება იყო? რა თქმა უნდა, ეს ოცნება იყო! ძალიან ვამაყობდი ამ ტრანსფერით. როდესაც პსჟ დამიკავშირდა, ნამდვილად მივხვდი, რომ მსოფლიო დონის მოთამაშე ვიყავი. „პარი სენ-ჟერმენის“ დაინტერესების შემდეგ, ვფიქრობ, ჩემი მეუღლე მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი გახდა. პარიზი ძალიან მიყვარს! რაც უფრო მეტს ვფიქრობ ამაზე, მით უფრო მომწონს ამ ქალაქში ყველაფერი. როდესაც პატარა ქვეყნიდან ხარ, ძალიან მცირე შანსი გაქვს ითამაშო ისეთ დიდ კლუბში, როგორიც „პარი სენ-ჟერმენია“, სწორედ ამიტომ ვამაყობ, რომ ამ გუნდის წევრი ვარ.
ჩემპიონთა ლიგა
ხვიჩა კვარაცხელია: შიმშილის გრძნობა ისევ გვაქვს და სწორედ ამ გრძნობით მოვიგებთ უფრო მეტ ტიტულს მომავალში. ჩვენ ვართ პსჟ და ეს კლუბი წარმოუდგენლად ძლიერია. ვიცით, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება კიდევ შეგვიძლია.
მწვრთნელი წარმოუდგენლად დიდ სამუშაოს ასრულებს და ყველა ყველაფერს აკეთებს წარმატების მისაღწევად. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ - გვიხარია ერთმანეთის ნახვა, ერთად ვარჯიში და შემდეგ ერთად თამაში. გუნდში უამრავი ტოპ ფეხბურთელი ირიცხება, ყველა ძალიან ძლიერი მოთამაშეა და ერთის გამორჩევა შეუძლებელია.
ლუის ენრიკე
ხვიჩა კვარაცხელია: ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მას შეუძლია მიყვიროს, გამაკრიტიკოს, რაც უნდა ის თქვას, რადგან ვიცი, რომ მას სურს, რომ საკუთარი თავის უკეთესი ვერსია გავხდე. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ მისი რჩევები გავითვალისწინო და ყოველდღიურად განვითარდე. ლუის ენრიკესთან მუშაობის შემდეგ, ვფიქრობ, ძალიან შევიცვალე.
ჩემი საფეხბურთო თვისებები? მომთმენი, აგრესიული, მებრძოლი და ქართველი! ბოლო ორი თითქმის ერთსა და იმავეს ნიშნავს. ამას ზუსტად ქართველები გაიგებენ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ჩემი შვილები კარგად არიან, უყვართ ორივე, დედაც და მამაც...“ - სალომე გოგიაშვილი ოჯახის დანგრევაზე
🎥 გაზაფხულის სეზონური ალერგიები, სიმპტომები და ბრძოლის გზები - ალერგოლოგის რეკომენდაციები
წყარო: lagazzetta.ge