
1980 წლის 17 მაისი, აფხაზეთი, გალის რაიონი, სოფელ ოტობაია. იზორიების ოჯახში ბიჭი დაიბადა - ჯანო დაარქვეს. არდადეგებზე ქალაქ ფოთს ტოვებდა და დროს სოფელში ატარებდა. როგორც თავად ამბობს, ფეხშიშველი დადიოდა და ასე გრძნობდა თავისუფლებას. არასდროს რცხვენოდა ეზოსა და უბნის კონცერტებში მონაწილეობა. მერე ყველაფერი თავისით მოხდა, ცხოვრების დინებამ იქ მიიყვანა, სადაც საჭირო იყო და მოხვდა იმ დაუჯერებელ სამყაროში, რასაც კინო და თეატრი ჰქვია. ჯანომ არაერთი სამახსოვრო პერსონაჟი შექმნა, რითაც მაყურებლის სიყვარული დაიმსახურა.
მან ამჯერად ჟურნალ „თბილისელებთან“ საკუთარ დაბადების დღეზე, კარიერასა და ცხოვრების რთულ მომენტებზე ისაუბრა:
ჯანო იზორია: დაბადების დღე 17 მაისს მაქვს. რაღა დაგიმალოთ და, მიყვარს ეს დღე. რამდენიმე დაბადების დღე განსაკუთრებულად დამამახსოვრდა. ერთ-ერთი აფხაზეთში, სოფელში აღვნიშნეთ. ბებო-ბაბუმ სუფრა მოამზადეს, გოჭითა და თავის ატრიბუტიკით. აფხაზეთში ორი სახლი გვქონდა. ერთი – ეზოში, რომელშიც ძირითად დროს ვატარებდით და მეორე, დიდი სახლი – სადაც სტუმრებს ვმასპინძლობდით. ამ სახლში, ზალაში გაგვიშალეს ლამაზი სუფრა. ბიძაშვილები მოვიდნენ, შედარებით უფროსები, პისტოლეტები მომიტანეს საჩუქრად. მერე მეზობლები მოვიდნენ. თითქოს, განსხვავებული არაფერი, მაგრამ თან, ძალიან განსაკუთრებული დღე იყო.
შემდეგი დაბადების დღე უკვე ფოთიდან მახსოვს. მე დეიდების გაზრდილი ვარ. პირველი შვილიშვილი ვიყავი დედის მხრიდან და განსაკუთრებულად ზრუნავდნენ ჩემზე. სხვათა შორის, მე რომ დავიბადე, დეიდას ჩემი პირველად მოჭრილი პაწაწინა ფრჩხილი სოფლის ბიბლიოთეკაში, აკაკი ხორავას წიგნში ჩაუდევს (იცინის).
– საერთოდ, როგორ აღნიშნავ ხოლმე ამ დღეს?
– ძირითადად, სულ გადარბენები მაქვს. წლევანდელ დაბადების დღეზე განსაკუთრებული არაფერი. რეპეტიცია მქონდა, მერე საქმეზე გავედი და გზაში ცოტა სევდა შემომერია, თვალებიც ამიწყლიანდა. მთლად ისე როგორ დავიძინო, ორი ჭიქა ღვინო არ დავლიო მეთქი, ვიფიქრე და ჩემს ორ მეგობარს დავურეკე. მოვიდნენ ჩემთან სახლში და ერთად აღვნიშნეთ.
სხვათა შორის, მაგარი ამბები ემთხვევა ხოლმე ჩემს დაბადების დღეს. ერთ-ერთ 17 მაისს „ცეკვავენ ვარსკვლავების“ სცენაზე შევხვდი და ეთერში განსაკუთრებული მოლოცვები მივიღე. ერთ დაბადების დღეს ბერლინში გადაღება დაემთხვა. ბერლინში რომ გადაღებაზე მიდიხარ და თან შენი დაბადების დღე ემთხვევა, ამას რა სჯობია. სოხუმის თეატრშიც მქონდა ამ დღეს სპექტაკლი და სპექტაკლის შემდეგ იქაც გემრიელად აღვნიშნეთ. ნეტა, ყველა ის ადამიანი, ვისთან ერთადაც ეს დღე სხვადასხვა დროს აღმინიშნავს ჩემი ოცნების დაბადების დღეზე მანახვა ოტობაიაში.
– ცრემლი ახსენე, ამის მიზეზი რა არის?
– ცხოვრება გასაოცარი რამეა. რომ იზრდები, რაღაცები გიგროვდება. ციფრებს არ ვაქცევ ყურადღებას, მთავარია, ჯანმრთელად ვიყო, მაგრამ ადამიანის ცხოვრებაშიც ჯერ რაღაცები გროვდება, გროვდება და მერე გამოიღებს ხოლმე ნაყოფს. სანერვიულო და სადარდებელი იმდენია, შეიძლება, მეორე დაბადების დღემდე ვერ მიაღწიო, მაგრამ ეს ყველაფერი მარტომ უნდა გადახარშო, შიგნით. რამდენ გასაჭირს ვხედავთ გარშემო, რამდენი ადამიანი გვაკლდება გვერდიდან, რამდენი სატკივარია და ასაკთან ერთად, განცდილის გამო გულჩვილობა გეპარება, რაც დაბადების დღეზე განსაკუთრებით შემომიტევს ხოლმე. მატერიალურად როგორი პროგრესიც არ უნდა მქონდეს, დაბადების დღეს სულ რომ საკუთარ იახტაში ვიხდიდე, საკუთარ თავთან მარტო რომ დავრჩები, სევდა მაინც შემომეპარება. დაბადების დღეს სევდა ახლავს, ეს ასეა. მით უმეტეს, იხსენებ, რომ შენი ცხოვრების გზა არ ყოფილა სულ ია-ვარდებით მოფენილი. როგორც ამბობენ, ტკბობის ფიალაში ოდნავ სევდაც თუ არ ჩაიღვარა, გადამლაშდება. ბავშვობაში ამას ვერ გრძნობ, მაგრამ რომ იზრდები, ნელ-ნელა შემოდის ეს განცდა.
– საუკეთესო საჩუქართან დაკავშირებით რა გახსენდება?
– სულ ვხუმრობ ხოლმე, სუნამოებით არ ვარ განებივრებული მეთქი (იცინის). ყველა საჩუქარი საუკეთესოა, როცა მას ადამიანი სულითა და გულით გჩუქნის. ჩემს ბავშვობაში ძალიან დრამატული ამბებიც ხდებოდა, საჩუქრის საშუალება რომ არ ჰქონდათ, ამის გამო შეიძლება, არ წასულიყვნენ მეგობრის დაბადების დღეზე. უსაჩუქროდ რომ მოსულა ადამიანი, ესეც ძალიან მაგარი საჩუქარია. თუ შენიანია უნდა გესმოდეს და ამის გამო არ უნდა გაჭორო.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „სხვა გზა არ იყო, უნდა მემღერა... გული დამძიმებული მქონდა...“ - ოთო ნემსაძე რთულ პერიოდზე
🎥 „არ ველოდი ამ შედეგს...“ - რას ჰყვება მეგაშოუ „საქართველოს ხმის“ გამარჯვებული აჩი ჯაიანი
🎥 ალერგიული დერმატიტი - როგორ ვუმკურნალოთ ალერგენებით გამოწვეულ სიმპტომებს?! - ზაზა თელიას რჩევები
წყარო: tbiliselebi.ge