Digest Logo

ზაზა კოლელიშვილი: რომ არა ნათია, დღეს ჩარჩოში ჩასმული და კედელზე დაკიდებული სურათი ვიქნებოდი

1779297397
ზაზა კოლელიშვილი

მსახიობმა ზაზა კოლელიშვილმა ჟურნალ „თბილისელებთან“ ცხოვრების განვლილ გზაზე, მეუღლესა და კარიერაზე ისაუბრა:

ზაზა კოლელიშვილი: ახლა, როცა უკან ვიხედები, ვხვდები, რომ არაცარიელი გზა გამოვიარე, მე კმაყოფილი ვარ. რაც ვერ გავაკეთე, ჩემი ბრალია, რაც გავაკეთე – ისიც ჩემი ბრალი. ადამიანი ცხოვრობს, როგორც ეცხოვრება. ცოტა ეგოისტიც ვიყავი და ახლა, როცა 70 წლის ვხდები, შემიძლია, ვთქვა – ის, რაც გავუკეთე საკუთარ თავს, მტერი არ გაუკეთებდა.

რომ არა ნათია, დღეს ვიქნებოდი ჩარჩოში ჩასმული და კედელზე დაკიდებული სურათი. ნამდვილად ასე იქნებოდა. მე ყოველთვის ვაფასებდი ჩემს მეუღლეს და ხშირად მითქვამს: ნათიას ღირსი არ ვარ-მეთქი. ახლახან ჯვრისწერიდან 42 წელი შეგვისრულდა და არავინ მითხრას, სიყვარული დროთა განმავლობაში ხუნდებაო. კი არ ხუნდება, იღებს სხვადასხვა ფერს და ფორმას, ასაკის მიხედვით. ადრე თუ ვნებაა და ლტოლვა, შემდგომ ემატება შვილები და ოჯახური მოვალეობები. ეს გავსებს, მეტ პასუხისმგებლობას გძენს. ან, პირიქით, არ გავსებს და იმისდა მიხედვით იქცევი შენს ცხოვრებაში. ჩემს შემთხვევაში, წლების მატებასთან ერთად, ჩემი და ნათიას სიყვარული უფრო და უფრო ივსებოდა, ძლიერდებოდა და ღვივდებოდა. ნაბიჯს არ ვდგამდით უერთმანეთოდ და დღემდე ასეა. ნათიას დავარქვი „ჩემი შეცდომების გასწორება“. მე ვაშავებდი, ის ასწორებდა (იცინის). უერთმანეთოდ არ შეგვეძლო, ძალიან ვუყვარდი და ამიტომ, ბევრ რამეს მპატიობდა.

ოცი წლის ვიყავი, რომ დავოჯახდი და 21 წლისას უკვე პირველი შვილი, ნინო გვყავდა, რომელიც ახლა 45 წლისაა და ჰყავს სამი შვილი. უფროსი, 32 წლის შვილიშვილი მყავს. მოკლედ, ხუთი შვილისგან, სულ მყავს ათი შვილიშვილი და მეთერთმეტეს ველოდები. სხვათა შორის, ახლაც მახსოვს პირველი შეხვედრა ნათიასთან. მე თელაველი ვარ, ნათიაც იქ დაიბადა და მერე გადმოვიდა დედაქალაქში. მამამისი, დავით გოგოჭური, იყო პროფესორი, ეთნოლოგი, ფილოლოგი, ძალიან ცნობილი პიროვნება. დედა ჟურნალისტი მყავდა, მეათე კლასში ვსწავლობდი და დედასთან ერთად სტამბაში ვიყავი. დავინახე, გოგო შემოვიდა ბიძასთან ერთად, წელს ქვემომდე გრძელი ნაწნავით, ყავისფერი ზამშის ქვედაკაბით. ამიჟუჟუნდა თვალები. წავიდნენ ნადიკვარზე და მე და ჩემი ძმაკაციც გავყევით. მოკლედ, იქ შევხვდით პირველად. მერე, მე ჩავაბარე თეატრალურში, ნათია უკვე პირველ კურსს ამთავრებდა და ძალიან დავმეგობრდით. ნათიას ვაბარებდი ხოლმე ჩემს დღიურს, სადაც შეყვარებული ქალების სახელები მეწერა (იცინის). ჩემი მესაიდუმლე იყო და მხოლოდ მას ვანდობდი ჩემს საიდუმლოებებს. მერე, რომ გამოვეკიდებოდი მთვრალი და ვყვიროდი მიყვარხარ-მეთქი, აღარ მიჯერებდა (იცინის). ერთ დღესაც, თეატრიდან გამოვედით, ვიჩხუბეთ, ერთი საათი ვიბოდიალე ქუჩაში, მერე ჩავედი მეტროში და ნათია იქ დამხვდა. შევეჩეხეთ ერთმანეთს და აგვიტყდა ისტერიკული სიცილი, წამოვიყვანე სახლში და იმ დღიდან ცოლ-ქმარი ვართ.

კრიზისი როგორ არ იყო, მაგრამ ქვეყანამ კი არ უნდა გაიგოს. ჩვენ თავად გადავლახეთ ის კრიზისები. როცა პოპულარული ხარ, საცდურიც ბევრია, იყო დაბნეულობის მომენტებიც. მაგრამ, მე იმ საზღვარსაც გავცდი. ახლა პოპულარულობა კი აღარ არის, არამედ ხალხის სიყვარულია, რასაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ. პოპულარული ვიყავი 1977 წლის 15 სექტემბერს, როცა „ნატვრის ხე“ გამოვიდა და პოპულარულმა გავიღვიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ახლა შენს თავზე პასუხისმგებელი თავად ხარ“ - რას წერს გია მურღულია

⭕ „მსოფლიო ვიტამინ D-ის დეფიციტის ჩუმ პანდემიას ებრძვის“ - რა რეკომენდაციებს გვიზიარებს არუნ ხათრი

⭕„ჰგავხარ თუ არა ქრისტეს, დააკვირდი როგორი ურთიერთობა გაქვს ადამიანებთან“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე