Digest Logo

„ადექი და ეცადე, რომ სიყვარულით კეთილი საქმე გააკეთო...“ - რას წერს გია მურღულია

1755346195
გია მურღულია

პოეტური ჩანაფიქრით და ფილოსოფიური სიღრმით გამოირჩევა გია მურღულიას ახალი ჩანაწერი, რომელიც სოციალური ქსელში თავად გაავრცელა:

„ისე, კაცმა რომ თქვას, დრო მოდის თუ მიდის?
საიდან მოდის, სად მოდის ან საით მიდის?
ამ კითხვებს პასუხები რომ გასცე, აუცილებელია იცოდე, შენ ვინ ხარ და სად დგახარ.
ათვლის წერტილია საჭირო, რადგან ერთმანეთთან დამოკიდებულებაში ყველაფერი ფარდობითია.
დღეს შაბათია, ჯერ კვირა არ დამდგარა - ესე იგი, დრო მოდის.
როგორც კი მოვა, მაშინვე წარსულად იქცევა - ესე იგი, მიდის.
თითქოს მდინარესავითაა - ერთბაშად მოდის და მიდის კიდეც.
მავანი იტყვის, რომ ხანდახან ადგილზეც დგას - მთელი 24 საათი ხომ შაბათია?
არადა, ეს დალოცვილი შაბათი ძალიან მოძრავია - შეუჩერებლად მიედინება.
ვიღაცამ ისიც შეიძლება თქვას, რომ მარადისობა სულ ერთი წამია, რომელიც ვიღაცის ნებით უსასრულოდ დანაწევრდა - განა ბლეზ პასკალმა თავის დროზე არ გვითხრა, რომ უსასრულო სიდიდესთან (მაკროსამყაროსთან) ერთად უსასრულო სიმცირეც (მიკროსამყაროც) არსებობს?!
განა ისიც არ დაამატა, რომ ადამიანი ამ ორი უსასრულობის შუაში დგას (დროზე ფიქრისას ამიტომ აქვს მნიშვნელობა, ვინ ხარ შენ)?!
დრო ადამიანის გულსაც გამოივლის და მთლიანად კაცობრიობისაც.
პარადოქსი კი ის არის, რომ ჩვენ (დრო და ადამიანები) ერთმანეთში „დავდივართ“- დრო ყოველწამიერად შემოდის ჩვენში, ჩვენი კი, ასევე მუდმივად, მასში შევდივართ.
ამას დასაწყისი და ბოლო აქვს, რომლებსაც ადამიანის დაბადება და ამ ქვეყნიდან გასვლა განაპირობებს.
თავად დროსაც (რომელიც უსასრულო ჩანს) აქვს დასაწყისი და დასასრული - ის მხოლოდ წუთისოფელთან ერთად არსებობს.
უსასრულო მხოლოდ მარადისობაა.
დრო ისაა, რომელთან დამოკიდებულებაში ღმერთმა თქვა: "მე ვარ ანი და ჰოე" (ანუ: მე ვარ დასაწყისი და დასასრული).
მარადისობაზე კი ასე თქვა:
„მე ვარ, რომელი ვარ“.
დიონისე არეოპაგელმა გამოაცხადა, რომ ადამიანი "შეზავებულია".
რა შეუზავდა ერთმანეთს ადამიანში?
1. ცა და მიწა
2. სული და ხორცი
3. დრო და მარადისობა.
ყველაფერი ასე რთულად და ბუნდოვნად არის.
ასე ვცხოვრობთ საუკუნეებია.
„ცოცხალნი შობენ მკვდართა და მკვდარნი ცოცხალთა ბადებენ“, - დავით გურამიშვილი ასე ამბობს.
აბა, უფრო მარტივი რა არის?
რით გაგვიადვილა ღმერთმა ამ „შეუთავსებელი შეზავებულობის“ აღქმა, ატანა და გამოხატვა?
რით და ღვთაებრივ - ადამიანური შეთანხმების უბრალოებით:
თუ უკვე გათენდა, ადექი და ეცადე, რომ სიყვარულით კეთილი საქმე გააკეთო.
ეს საკმარისია იმისთვის, რომ არსებობის ბუნდოვანება თუ სირთულე დაძლიო.
ბევრი ბევრ რამეს იმიზეზებს, მაგრამ, თუ მოინდომებ, ეს ადვილიც არის.
ღმერთს ადამიანურობა ისე არ გაურთულებია, რომ შეუძლებელი იყოს.
შენც ადექი და იყავი ადამიანი.
ყველა სხვა გზა ცუდი ადგილისკენ მიდის.
აი, ერთად ვფიქრობდით და რამდენი დრო გასულა.
საიდან მოვიდა, სად მოვიდა, ან საით მიდის?
თუმცა ეს კითხვები დასაწყისში ხომ უკვე დავსვით...“, - წერს გია მურღულია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ პატრიარქი - „როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო ჰუმანიტარულ მკვლევართა რიცხვს გამოაკლდა დიდი მეცნიერი, გამორჩეული ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოებული დიდი პიროვნება, ბატონი რისმაგ გორდეზიანი“

⭕ „ორი კანადელი გაუბედურებულ, გაქურდულ - დაყაჩაღებული შევხვდით ერთმანეთს...“ - რას წერს ირაკლი ლომაია

⭕ „ადამიანი საკუთარ ჯოჯოხეთს, ღმერთთან ყოფნის უუნარობას როცა განიცდის - მას სხვების განსაკითხად აღარ სცალია...“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე