ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს თუ როგორ შეუძლია ადამიანს შეეგუოს იმას რასაც სიკვდილი ურჩევნოდა. ფანჯიკიძე ამ სტატუსით ეხმიანება ერთ-ერთ ტელევიზიაში ჩატარებული გამოკითხვის - „მშვიდობა თუ თავისუფლება“ შედეგებს. მის მოსაზრებას „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:
„ნატგეოსთვის დავწერე ადრე საიდბარი ერთ ძალიან სერიოზულ სტატიაზე, - მოზარდმა თვითმკვლელობის მიზნით ყელთან თოფი მიიბჯინა და ისროლა. გადარჩა, მაგრამ განადგურდა მისი ულამაზესი სახე. მედიცინის ისტორიაში სახის რიგით 39-ე გადანერგვის ოპერაცია ჩატარდა. გოგონა იქცა ექიმების „თანამშრომლად“ მეცნიერების განვითარებაში. უამრავი სხვადასხვა ოპერაცია დასჭირდა და დასჭირდება კიდევ და ის იბრძვის სიცოცხლისთვის. ადამიანი, რომელსაც აქ ყოფნა არ უნდოდა.
ჩემს ტექსტს ერქვა „მოულოდნელი მეტამორფოზა“, რომელსაც ასე ვიწყებ, - რამდენჯერ გვიფიქრია, ოღონდ ეს არ დამემართოს და მირჩევნია მოვკვდე, მაგრამ როცა გვემართება ის, რისაც სიკვდილზე მეტად გვეშინოდა, აღმოვაჩენთ, რომ ასე ცხოვრებაც შეიძლება და მეტიც, სასურველი და საბრძოლველიც კია მისი ამ ფორმით შენარჩუნება. როგორ ხდება ეს? როგორ მუშაობს ჩვენი ჰომეოსტაზი (შინაგანი გარემოს სტაბილურობის მექანიზმი)? ბევრს ვფიქრობდი გუშინ შემოგორებულ თემაზე - „მშვიდობა თუ თავისუფლება“? სპონტანური რეაქცია უარყოფითი მქონდა. ძალიან იმოქმედა ჩემზე შემგუებლობის გაჩენის მცდელობამ, რომ ამ ყველაზე ძვირფას აბსტრაქტულ ღირებულებას, რაც კი ჩვენს ადამიანურ ფორმალურ აზროვნებას შეუთხზავს, თავისუფლებას, შეიძლება იოლად შეველიოთ ევოლუციურად განპირობებული ადაპტაციის მექანიზმის ხარჯზე, რომელიც სახეობის ბიოლოგიურ გადარჩენას ემსახურება და ასევე იოლად შევწიროთ მას ერთი მხრივ მატერიალურად არსებული და მეორე მხრივ, ასევე აბსტრაქტული ღირებულება - სამშობლო, როგორც ინდივიდუალური, უნიკალური კულტურული ფენომენი. ტერიტორიულ კვადრატს, სადაც ბალახს ძოვენ, ან მტაცებლები ნადირობენ, ჯუნგლის ბინადრებიც იცავენ. მათაც იციან, რომელია მათი ტყე და სხვისი ტყე, მაგრამ სამშობლო ის ადამიანური გამოგონებაა, სადაც ჩვენი კოლექტიური გონება აგებს „სხვა ტყეებისგან“ განსხვავებულ, საერთო კულტურულ ნაგებობას. მით უმეტეს ქართველებისთვისაა სამშობლო მოუხელთებელი ცოდნა, რადგან სსრკ გამოვლილებს მის შესახებ მხოლოდ ფანტაზმური, მითოსური მეხსიერება შემოგვრჩა, სახელმწიფოდ ყოფნის მეხსიერების გარეშე. მსგავსი ან განსხვავებული ფანტაზმები აქვთ აზერბაიჯანში მცხოვრებ ინგილოებს, ფერეიდნელ ქართველებს, თურქ მესხებს... საინტერესოა, მათ როგორი საქართველო ესიზმრებათ. გარემოებებთან ადაპტაციის უნარი ძალიან მნიშვნელოვანი თვისებაა. ცოცხალ ბუნებაში ყველაზე ადაპტურები მცენარეებში სარეველა, ძუძუმწოვართა შორის ვირთხა და მწერთა შორის ტარაკანა არიან. ბირთვული აფეთქებაც კი ვერ მოსპობს მათ, ასე ინება ღმერთმა. ლტოლვა სიცოცხლის შენარჩუნებისკენ სრულიად ნორმალური, ჯანსაღი ინსტინქტია ბიოლოგიურ დონეზე, სანამ ეგზისტენციალურ საკითხებს არ მივუახლოვდებით - თუ პიროვნულად მომკლავ, მიღირს კი სიცოცხლე? ვისთვის რაშია ყოფნის და არყოფნის არსი? თუ გააქრობ ჩემს სამშობლოს, ჩემს კოლექტიურ „მეს“, მაქვს ბიოლოგიური გადარჩენის და ადაპტაციის სურვილი? საინტერესო ის გახლავთ, რომ „ნამდვილ ქართველთა“ მიერ ლიბერასტებშერქმეული ხალხი მეტი გააფთრებით იბრძვის დამოუკიდებლობის, მაშასადამე „ქართველობის“ შენარჩუნებისთვის, ვიდრე ერის ის ტრადიციების მოყვარე, კონსერვატიული ნაწილი, სულ რომ „ეშინიათ“, ქართველობას გვართმევენო. ფბ-ს, ბეჭდური სიტყვის ამ ახალ ჟანრს არ უყვარს ზედმეტად სამსჯელო თემები, მაგრამ ჩემი აზრით, გადაცემები ახლა იმაზე უნდა კეთდებოდეს, რა მიგვაჩნია გადარჩენად. ჩვენ ხომ სიკვდილისაც მხოლოდ იმიტომ გვეშინია, რომ არ ვიცით, გაგვყვება თუ არა ის იდენტობა, „მეს“ განცდა, ის ცნობიერება, რომელიც ახლა გვაქვს. რა არის სამშობლო? ჩვენს სამშობლოში პუტინის მიერ აფხაზებისა და ოსებითვის ბოძებული „სამშობლოების“ აღორძინების მაგალითი შეგვიძლია გადარჩენის სასურველ ნიმუშად მივიჩნიოთ?“ - წერს ნათია ფანჯიკიძე.
ასევე დაგაინტერესებთ