„ოპერაცია მადონა“ დასრულდა“, - ასე ეხმაურება ზურა შევარდნაძე სკანდალურ ვიდეომიმართვასა და მასზე მოჰყოლებულ მწვავე კრიტიკას ახალი განცხადებით. ფლორისტი საზოგადოებას ბოდიშს უხდის იმ უხერხულობისთვის, რომელიც მისმა ქმედებამ გამოიწვია, თუმცა ამავდროულად აღნიშნავს, რომ მის წინააღმდეგ აგორებული აგრესია მისთვის „დიდი გაკვეთილი“ და ადამიანების ნამდვილი სახის დანახვის საშუალება გახდა.
„არასდროს მადლობისა და ბოდიშის თქმა არ გამჭირვებია. არ ყოფილა სხვა შემთხვევა, რომ დამგვიანებოდეს მადლობა და ბოდიში, მაგ ორ სიტყვასთან ერთად ვარ გაზრდილი. ამ ოპერაციიდან მეორე დღეს მივხვდი, რა ტრიალებდა ჩემს თავს. დაიწყო უცნაური დღეები. მივხვდი, რომ ადამიანებს უნდა ვაცადო, ვადროვო. არცერთი კომენტარი არ წამიშლია; საოცრად გულსატკენი ტექსტები დევს, თუმცა კარგია, რომ დევს და შენახულია. ძალიან მომინდა დამენახა, სადამდე შეიძლება მივიდეს აგრესია, თუნდაც შემცდარი და ცუდად მოქცეული ადამიანის მიმართ. ამ დღეებმა აჩვენა უდიდესი ტკივილი, ძალიან მძიმე იყო ამ დღეებში შრომა. მძიმედ განვიცადე, თუმცა ამ დღეებს ახლდა უდიდესი სიხარული და გაოცებაც. ბევრი ის ადამიანი, რომელიც ჩემ გვერდით უნდა ყოფილიყო, არ იყო, ხოლო ბევრი ისეთი, ვისი არსებობაც არ მახსოვდა, უბრალო ნაცნობები მწერდნენ, მეფერებოდნენ, აცხობდნენ ნამცხვრებს, მოდიოდნენ აქ... ვხვდებოდი, რომ ეს ჩემს მხარდასაჭერად ხდებოდა. ამის განცდა და გააზრება ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა. მოსაწონია ამხელა მხარდაჭერა იმ გულისტკივილთან ერთად. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გაივლის და გავლილია.
ოპერაცია „მადონა“ დასრულდა.
მე გავაგრძელებ ცხოვრებას ისე, როგორც შემიძლია. ამ დღეებმა მასწავლა, რომ რაღაც სწორად არ გავაკეთე ე.ი. უფრო მეტი სიფრთხილე მჭირდება, იმაზე მეტი სიყვარული უნდა გავცე და იმაზე მეტი ვიშრომო, ვიდრე აქამდე. ჩემთვის ეს ძალიან კარგი ჭკუის სასწავლებელი დღეები იყო, რისთვისაც მადლიერიც კი ვარ. არცერთი არაგულწრფელი სიტყვა ჩემს საუბარში არ ურევია. დიდ შეურაცხყოფასთან ერთად, გახარებული ვარ, რომ ყველაფერი გამოჩნდა და ნათელი გახდა. ბოდიშს გიხდით თქვენ, იმ ადამიანებს, ვინც ასე შევაწუხე და ვისაც გული ეტკინა ჩემი შეურაცხყოფის გამო. ამხელა ყურადღება რომ მივიპყარი, ამ უხერხულობისთვის ბოდიშს ვიხდი, მხარდაჭერისთვის კი, მადლობას გიხდით.
მშრომელი ადამიანების დაფასების მეტი რა ვიცი? ჩემ ირგვლივ სულ შრომაა. ჩემნაირი დამფასებელი და პატივისმცემელი მშრომელი ადამიანისა, ჩემ ირგვლივ არ მეგულება. შევძელი ამდენი უარყოფის ატანა, რაც სიყვარულის ფონზე შემაძლებინა უფალმა. რამდენი ადამიანი გეგულებათ, ვინც ამას გაუძლებს? ამაზე ვინმეს უფიქრია? ასე ხელაღებით გადაუარო ადამიანს... ერთი კომენტარი მაჩვენეთ, სადაც ვინმეს რაიმე მივუთითე ან ჭკუა ვასწავლე. კამერის წინ მორიდებით გიზიარებთ იმას, რასაც ვაკეთებ. უამრავი კეთილმოსურნე მყავს, ვინც ჩემზე კარგად ერკვევა კომუნიკაციის საკითხებში და მირჩევდნენ: „ეს დაწერე, ეს არ დაწერო“. თუმცა ეს იყო ჩემი არჩევანი მენახა, ამხელა სიყვარულის ფონზე, რომელიც მთელი ცხოვრება მეყოფა, როგორ შეიძლება ადამიანების ნაწილმა, დედაჩემის ტოლა ქალებმა, ასეთი სიტყვებით „შეგაქონ“. ეს უნდა მენახა, როგორ შეიძლება სიყვარული გადაბრუნდეს და სიძულვილად გადაიქცეს.
ეს იყო დიდი გაკვეთილი ჩემთვის. როგორ შეიძლება უსაშველო სიყვარული გადაკეთდეს სიძულვილად, შურად, ზიზღად... უსაშველოდ მადლიერი ვარ მხარდაჭერისთვის. დედაჩემმა ინერვიულა, ჩემი ოჯახის წევრებმა რა დააშავეს? ბოდიში, რომ აგაფორიაქეთ. გამოხატული სიყვარულისთვის, მადლობა“, - ამბობს ვიდეომიმართვაში ზურა შევარდნაძე.
შეგახსენებთ, რომ სკანდალი მას შემდეგ გამწვავდა, რაც ზურა შევარდნაძის ყოფილმა თანამშრომელმა მას შრომის ინსპექციაში უჩივლა. მოსარჩელე მხარე შევარდნაძეს სამსახურიდან მიზეზის ახსნის გარე გაშვებასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.
ამ დროისთვის საზოგადოების აზრი ორად არის გაყოფილი: ნაწილი ფლორისტს მხარდაჭერას უცხადებს, ნაწილი კი სამუშაო გარემოში არსებულ შესაძლო ძალადობაზე საუბრობს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რატომ არის მნიშვნელოვანი ფიზიკური დატვირთვა ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციისათვის - ექიმის რჩევები
⭕გიორგი გულიაშვილმა ესპანეთში მესამე გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა