Digest Logo

„დიდი ხანია, ისე არაფერი მტკენია, როგორც ამ ლექსის ერთი სიტყვა...“ - რას წერს გია მურღულია

1789110944
გია მურღულია

ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ და ცხოვრებისეულ პოსტს აქვეყნებს:  

„ის აღარ დაუწერია კაცზე, რომელმაც თავისი ისტორიული და ბუნებრივი სახე უარყო - ჩვენშიც და ჩვენ იქითაც.
ძნელია ასეთი ადამიანის ხვედრი - ბედნიერებას რომ თავისი ცის მიღმა ეძებს. აქ მთავარი საიდუმლო ის არის, რომ სამშობლოს ცა და სულის ცა დები არიან - ერთი სისხლისანი.

ვიღაც, მაგალითად, ჩვენი აკაკი, პირდაპირ იტყვის სათქმელს და „ღამურას“ დაწერს.

სხვა, მაგალითად, ერაზმ როტერდამელი, შედარებით ირიბად გვეტყვის: „ჩემი სამშობლო იქ არის, სადაც ჩემი ბიბლიოთეკაა“.

ამ წინადადებაში ერთი „სამშობლოა“ და ორი „ჩემი“.

შენი ქვეყანა მხოლოდ გეოგრაფია არ არის, მაგრამ არ მთლად უგეოგრაფიობაა.

ადგილს სული აქვს და ისეთივე ცოცხალია, როგორიც თავად შენ ხარ - პატრიოტობა ორი სიცოცხლის ურთიერთობაა.

ამ დილას ეს ამბავი რამ გამახსენა?

უწინარეს ყოვლისა - სულ მახსოვს.

ამის დავიწყება არ შეიძლება - ცაც მიკრძალავს, მიწაც, ჰაერიც და სიტყვაც.

მეორეც - გმუსის (გია მურღულიას უნივერსალური სკოლის) ბიბლიოთეკაში ოთარ ჭილაძის ათტომეულის მეშვიდე ტომი („პოეზია“) ვნახე, გადავფურცლე და 1958 წელს დაწერილი ეს ლექსი შემომხვდა:

„ალბათ ყველაფერს მოედო ხავსი
და ალბათ უკვე ვეღარც იხარებს:
ეზო, რომელიც ძილშიღა გვახსოვს,
სახლი, რომელიც გადავიყვარეთ.
სამაგიეროდ... სამაგიეროდ,
ქვეყნის ტალახი გვათოვს და გვაწვიმს...
შენ დაიფარე, ღმერთო ძლიერო,
საკუთარ ფესვებს მომწყდარი კაცი“.

შეიძლება, სიტყვა რომ გეტკინოს?

კი, შეიძლება.

დიდი ხანია, ისე არაფერი მტკენია, როგორც ამ ლექსის ერთი სიტყვა - ოთარმა რომ ზედიზედ ორჯერ ახსენა:

„სამაგიეროდ“.

სამშობლოს „სამაგიერო“ არ არსებობს.

ვინც ფიქრობს, რომ მას ან აკაკის ლექსის ღამურა ჩაანაცვლებს ანაც ერაზმ როტერდამელის ბიბლიოთეკა, დიდად შემცდარია.

განა შეიძლება ადამიანის სული რამით ჩაანაცვლო?“, - წერს გია მურღულია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ყველა ღალატი უცებ არ იწყება – ზოგჯერ ნიშნები მანამდე ჩნდება“ - რას წერს ფსიქოლოგი

⭕„გამოიჩინეთ სიფრთხილე ცეცხლთან...“ - 11 სექტემბრის ახალმთვარეობა: ქეთი ოდიშელის პროგნოზი

⭕„ახალი ეტაპი იწყება“ - 11 სექტემბრის ახალმთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე ძლიერ გავლენას მოახდენს: ნინა ხომერიკის პროგნოზი