გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკზე“ ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა მითის შესახებ უზიარებს ინფორმაციას.
გთავაზობთ მის მორიგ პოსტს:
„ძალიან დიდი ყურადღება მიაქციეთ ამ ფაქტორს!
კიბერქონდრია - ინტერნეტით ავად.
ინტერნეტი სავსეა ყოველგვარი ინფორმაციით ყველანაირ თემაზე ყველა კატეგორიის წყაროდან.
ჯანმრთელობის შესახებ ინტერნეტში უგზო-უკვლოდ ბოდიალი მარტივად აავადებს ადამიანს, პირველ რიგში ფსიქიკას.
მე ამას უკვე Morbus Google ვეძახი, რადგან ექსპონენციალურად მატულობს იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ინტერნეტფორუმებში ჯანმრთელობის თემებზე უფრო მეტ პრობლემას პოულობს, ვიდრე გამოსავალს.
ჯანმრთელი, კარგად ნამკურნალები, კმაყოფილი ადამიანები არ წერენ ასეთ ფორუმებში თუ გვერდებზე, ლოგიკურია.
წერენ ისინი, ვინც ვერ იპოვა გამოსავალი, სწორი მკურნალობა თუ მკურნალი, ვისაც შეემთხვა უსამართლობა და ისინი, ვინც ყოველგვარი დიფერენცირებული აზროვნების გარეშე ავრცელებენ დეზინფორმაციას და თქვენ ამ ყველაფერს კითხულობთ, კითხულობთ, იჯერებთ და ავადდებით.
ჩემი სერიოზული თხოვნა და მოწოდებაა: გამოდით ჯანმრთელობის ყველა ფორუმიდან, მით უმეტეს ფსიქიკური ჯანმრთელობის გარშემო და ქართულ ენაზე.
ეს ნაბიჯი მხოლოდ გარგებთ და დადებითად აისახება თქვენი ცხოვრების ხარისხზე. თუ გჭირდებათ კონკრეტული სამედიცინო ინფორმაცია, წაიკითხეთ სტატიები ვიკიპედიაზე. აქ ფაქტებზე ეყრდნობა ინფორმაცია და არა მოსაზრებებზე თუ გამოცდილებებზე.
თუ უცხო ენები იცით, მაშინ ინგლისური, გერმანული, ესპანური ვიკიპედია გამოიყენეთ.
დანარჩენი თემები მოძებნეთ ჯანმოს, CDC, FDA და ასეთ სანდო გვერდებზე.
ქართულ ენაზე არ ვიცი ისეთი გვერდები, რომ გირჩიოთ. რაც არ ნიშნავს, რომ ისინი არ არსებობს.
მე, როგორც იცით და ატყობთ, ყოველთვის ვცდილობ ფაქტებზე, მეცნიერებაზე დაყრდნობილი ინფორმაცია მოგაწოდოთ გასაგებ ენაზე და ყოველგვარი ისტერიის, დრამის, დაფეთების გარეშე.
როგორც ნაგავი არ შემოგაქვთ სახლში, ასევე ნუ დააბინძურებთ თქვენს ძვირფას, მგრძნობიარე ორგანიზმს, ფსიქიკას, ჯანმრთელობას არასწორი, პესიმისტური, დრამატული, ნიჰილისტური, დამანგრეველი ინფორმაციული ნაგვით.
ფსიქიკური ჯანმრთელობა მისი დაცვით იწყება!“, - წერს ლევან შელეგია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ლილი 2 წლის...“ - ნოე სულაბერიძემ და ჯანეტ ქერდიყოშვილმა შვილის დაბადების დღე აღნიშნეს