სოციალური ქსელის მომხმარებელი ლევან თალაკვაძე იაშვილის ბავშვთა სამედიცინო ცენტრში საკუთარი შვილის მკურნალობის შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მედიკოსების უყურადღებობისა და არაპროფესიონალიზმის გამო მისი შვილი დაიღუპა.
თალაკვაძე კლინიკაში მკურნალობის დაწყებიდან ბავშვის გარდაცვალებამდე მომხდარ ფაქტებს დეტალურად აღწერს და აცხადებს, რომ მის შვილს ექიმებმა არასწორი დიაგნოზი დაუსვეს, არასწორად უმკურნალეს და ფატალური შედეგიც დადგა.
„ქართულ მედიცინაზედ!
პირველად უნდა მოვყვე. 2020 წლის 1 აგვისტოს პედიატრ ეკა ტარყაშვილთან მორიგი ვიზიტის დროს ყურადღება გავამახვილეთ იქამდე სრულიად ჯანმრთელი მართას მუცელზე და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ვაიძულეთ პედიატრი მართასთვის ექოსკოპია დაენიშნა. ორგანოები ვერ გაარჩიეს (პედიატრი გვიმტკიცებდა უბრალო შებერილობააო!). წავედით ციციშვილში, ტომოგრაფია, გაგვიშვეს იაშვილში. ღამით შევედი მორიგე ექიმთან ნინო გვარლიანთან, რომელმაც ყოველგვარი კვლევის გარეშე მომახალა რომ ავთვისებიანი სიმსივნე იყო და ორშაბათიდანვე უნდა დაგვეწყო ქიმია და შემდეგ გაგვერკვია რა დაავადებასთან გვქონდა საქმე !!?? (მერე აღმოვაჩინეთ რომ ასეთი პრაქტიკა აქვთ, მშობლების მაქსიმალურად დაშინების) 2-დღიანი სრული გაურკვევლობის მერე (შაბათ-კვირა დაემთხვა და რა თქმა უნდა არავინ მოსულა) შემოვიდა ტოტოღაშვილი და დავიწყეთ კვლევები, მთელი ეს დღეები პარალელურად ვარკვევდი უცხოეთში წაყვანის ამბებს, დავრეკე ყველგან სადაც ხელი მიმიწვდა, რამდენიმე კლინიკას ვესაუბრებოდი, თუმცა იაშვილის მეორე სტანდარტი: ბავშვი მგზავრობას ვერ გადაიტანს, გზაში მოკვდება, თუ გინდა გარისკეთ! (ყველასთვის აქვთ ნათქვამი)
ვერ გავრისკეთ, არადა 4 თვის მერე გაცილებით მძიმე მდგომარეობაში მყოფმა იფრინა გადაჯდომით ბარსელონამდე. ჩატარდა ბიოფსია (მასალა აიღეს ცოტა და არა იმ ადგილიდან სადაც სიმსივნე დაიწყო), სრულად ვერ მიიღეს შედეგი და დაწერა მორფოლოგმა, თუ ზუსტი დიაგნოზი გნებავთ ხელახალი კვლევა არის საჭირო. ამაზე ახტა და გაიკვანძა ტოტოღაშვილი, დიაგნოზი დასმულია და ან ახლავე ვიწყებთ მკურნალობას ან არასდროსო!.მივწერე ჩვენს საკონტაქტო ექიმს იაშვილში (სახელს შეგნებულად ვფარავ) რომ დიაგნოზის ფორმულირებაში ეჭვი მეპარება და გადამოწმება საჭირო. ყურიც არ შეიბერტყა! დავიწყეთ. ვიფიქრე რამდენიმე ქიმიას გავუკეთებ და რომ მომჯობინდება წავიყვან-თქო. ეგრევე რეანიმაციაში მოხვდა, 20 დღე იქ იყო, ძალიან დასუსტდა, ჩამოდნა, გახდა, მუცელი გაეზარდა. მერე მეორე ქიმია, მესამე...
შედეგები არ უმჯობესდებოდა, ვესაუბრებოდი პროფესორებს გერმანიაში, ისრაელში, თურქეთში - ყველა მთხოვდა AFP-ს, რომლის ანალიზს ცოცხალი თავით არ უღებდნენ. აშკარა იყო რომ უკან მივდიოდით, შედეგი არ გვქონდა.
ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ აქ ათას ადამიანს ვკითხე აზრი, ყველა ამბობდა რომ ტოტოღაშვილი კარგი სპეციალისტია, რომ გერმანიაში მუშაობდა, რომ იმავე პროტოკოლებით მკურნალობს, იმავე წამლებს უსხამს, რომ საუკეთესო ხელში მოვხვდით (??? თითქოს რამდენიმე ალტერნატივა იყო და გაგვიმართლა), არავის სიტყვა არ დასცდენია ერთი ადამიანის გარდა, ვინც დღეს ავსტრიაში ცხოვრობს და გამოვლილი ჰქონდა ტოტოღაშვილის მეთოდები. თურმე სად ვბანაობთ! ვერ დავუჯერე და აქ დავუშვი ცხოვრებაში მეორე ყველაზე დიდი შეცდომა! მეოთხე ქიმიის მერე ტოტოღაშვილმა დაგვიძახა და მოკლედ და არაპირდაპირ გვითხრა წაიყვანეთო, თან თურქეთშიო (ქვეყანაში რომელსაც ვერ იტანს და არ აღიარებს თავისივე სიტყვებით). 10 დღეში ბარსელონაში ვიყავით კორონას და სრული ჩაკეტილობის დროს, იქ შევეჩეხეთ ექიმების გაოგნებულ სახეებს მართას დაჩხვლეტილი ხელები, ფეხები, ყელი რომ ნახეს. ქიმიის გაჟონვისგან ძვლამდე დამწვარი ტერფი, არასრული ანალიზები, არასრული დიაგნოზი, არასწორი მკურნალობა და დიდი ოქროს თმები თავზე (რაც აუცილებლად უნდა გასცვენოდა წესიერი წამლების შემთხვევაში).
ხელახალი კვლევა და ახალი დიაგნოზი, აღმოჩნდა 1 აგვისტოდან 13 ნოემბრამდე სხვა დაავადებაზე მკურნალობდნენ (ჰეპატობლასტომა დაუდგინეს აქ, რაბდოიდული აღმოჩნდა), გადაუსხეს 4 ქიმია და გაუნულეს ისედაც მცირე გადარჩენის შანსი!!!!
აღარაფერს აღარ ჰქონდა აზრი, ჩვენი ისტორიის მოსმენის მერე გამონაკლისი დაუშვეს, მეც და მარიამიც დაგვტოვეს პალატაში, 3 კვირა მარიამს ტახტზე ეძინა, მე სკამზე. დილის 5-ზე გაგვიფრინდა, იმდენი ვკოცნე ცხოვრებაში რომ არ მიკოცნია...
მერე აღმოჩნდა, რომ ჩვენნაირი ისტორიით უამრავი ყოფილა, რომ ბიუჯეტის ფულს სანამ არ გამოხრავენ აქ გტოვებენ და რომ ხვდებიან საქმე ცუდადაა გეუბნებიან ვეღარ ვშველით, წადითო. ასე გარდაცვლილი ბავშვების სტატისტიკას ამცირებენ. მერე ვიპოვეთ ასობით მშობელი, გადახვეწილი ევროპაში, ათობით აღძრული საქმე, კლანები კლინიკებში, მთავრობასთან ჩახუტებული ექიმები, ხელის დაფარება, დაკრიშვა, რეგულირების სააგენტოს სრული უმოქმედობა, მონოპოლია. აღმოვაჩინეთ ექიმებიც ვინც ამ სფეროში რაღაცის შეცვლას ცდილობს უცხოეთიდან, იყო იაშვილის ექიმების შემოტენვა და ზარები, საუბარი თუ როგორ ვერ იტანს იქაურობას და ტოტოღაშვილს/ასმათს.
რაც იაშვილი დროებით დახურეს გამოჩნდა ხალხი, ვინც ცვლილებებისთვის ბრძოლას ბოროტებას უწოდებს, მოგვიწოდებს ჩუმად ვიყოთ რომ სხვა მშობლებმა ვერ გაიგონ რა ქაქში არიან, სიამაყით გაიძახიან რომ მის შვილსაც არასწორად უმკურნალეს, მაგრამ ჩუმად შეუთვალა და ახლა ის ბავშვებზე ნავარჯიშები ექიმი (ალბათ რამდენი შეიწირა) უკვე კარგი სპეცილისტია.
ამ ხალხს ღმერთი არ სწამთ, ის ღმერთი ნამდვილად არა ვისაც მე ვიცნობ და ვინც ებრძოდა ფარისევლობას, უსამართლობას, ტყუილს! ადამიანს, რომელსაც ტკბილი ტყუილი ურჩევნია მწარე სიმართლეს, მომავალი არ აქვს, ჩაირხჩობა იმ ჭაობში, რომელშიც თბილად ზის!
სულ ვფიქრობ, ინფორმაცია რომ მქონოდა, მართას ცოტა შანსი მაინც ექნებოდა, ფული მქონდა, ინფორმაცია არა! სამწუხაროდ, ძალიან ეტყობა საქართველოს მე-20 საუკუნის რეპრესიები, როცა გაჟლიტეს ყველა, ვისაც ხმის ამოღება შეეძლო, გადარჩა ლაქია, მაამებელი და ბელადის მოტრფიალე ხალხი. დღეს რაც ამ ქვეყანაში ხდება სხვა არაფერია!
აქ დაწერილ ყველა სიტყვაზე ვაგებ პასუხს, ატვირთულია ბიოფსია სადაც ხელახალი კვლევის აუცილებლობაზეა საუბარი, დიაგნოზი ტოტოღაშვილის ხელმოწერით, ბარსელონას კლინიკის დასკვნა რომ თავიდანვე საეჭვო უნდა ყოფილიყო დიაგნოზი, ისრაელის კლინიკის ექიმის შეფასება და სწორი ვარაუდი(სადაც წერს რომ შეიძლება საქართველოში საერთოდ არ იცოდნენ როგორ უნდა გააკეთონ ანალიზი - ალბათ ისეთები აქვს ნანახი აქაური), იაშვილის აღიარება, რომ მკურნალობა „გარკვეულწილად“ შეესაბამებოდაო, ანუ სიმსივნე რომ იყო ხომ გავარტყითო! ასევე მაქვს ამ სფეროში აღიარებული ექიმისმ ალექსანდრე თავართქილაძის ვიდეო ჩანაწერი, სადაც ჩვენს შემთხვევაზე პირდაპირ ამბობს, რომ ამ ანალიზებით დიაგნოზს გადაამოწმებდა (შეგნებულად არ ვაქვეყნებ). ყველა ამბობს ერთი და იმავეს, პირველივე დღეს აღებული ანალიზით შეიძლებოდა გამოერიცხათ ჰეპატობლასტომა, მაგრამ უბრალოდ დაიკიდეს!
ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ჩაჭაობებული სისტემის ჩამოშლამდე, ჩვენთვის არა, სხვა ბავშვებისთვის! ამით ნერვების შლის მეტს არაფერს ვიღებთ, მაგრამ სიჩუმით პრობლემები არ გვარდება, პირიქით ღრმავდება.
რაც შეეხება ყველა ექიმის ერთ ქვაბში არ მოხარშვის ამბავს, როცა კლინიკის მთავარი/წამყვანი ექიმის პოსტი გიკავია და ხედავ შენთა ბავშვები არასწორი დიაგნოზით, ანტისანიტარიით, ინფექციით, არაპროფესიონალიზმით იღუპებიან და ჩუმად ზიხარ, ჩვეულებრივი არარაობა ხარ, პროფესიონალიზმის პირველი ნიშანი პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობაა, რაც იაშვილის კლინიკის მესვეურებს იმაზე დაბლა აქვთ, ვიდრე თაგვს სორო,მათსავე პალატებში!
თუ ვინმე დაინტერესდება, შემიძლია სრული დოკუმენტაცია მივაწოდო აშკარა სისხლის სამართლის დანაშაულის და იმის, როგორ არ რეაგირებს ამაზე სახელმწიფო!
ჰო, პირველი ყველაზე დიდი შეცდომა 2014 წელს ამ ქვეყანაში დაბრუნება იყო!!
მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო • M. Iashvili Children's Central Hospital
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო Mariam Mitaishvil“, - წერს ლევან თალაკვაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ყველაფერი ჩამწვარი ჰქონდა ბავშვს, ფილტვები, კუჭი, ყველა ორგანო, პირი სისხლიანი ჰქონდა... წნევის წამალს გათიშულ ბავშვს აყრიდით?“ - დედის სულის შემძვრელი მიმართვა იაშვილის კლინიკას
🔵რას მოუტანს დღევანდელი მზის დაბნელება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს? - ასტროლოგის რჩევები და გაფრთხილება
🔵„პასუხი ყველას გუშინ არ გასული გადაცემის გამო“ - ია ფარულავას საგანგებო განცხადება