Digest Logo

„ხვიჩა ძილის წინ ფილმების ნაცვლად, მსოფლიო ფეხბურთზე რჩეულ მომენტებს უცქერდა, იმახსოვრებდა, იზეპერებდა და მერე ალბათ სიზმარში იმეორებდა“ - გიორგი კეკელიძე

1680082745
გიორგი კეკელიძე და კვარაცხელია

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი - გიორგი კეკელიძე ფეხბურთელ - ხვიჩა კვარაცხელიაზე წიგნს წერს.

🔵 ხვიჩა კვარაცხელიამ ონკოპაციენტს ოცნება აუხდინა - „უდიდესი მოტივაციით გააგრძელებს ბრძოლას“ 

ის სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ხვიჩა მსოფლიო ფეხბურთზე იმდენად შეყვარებული იყო, ძილის წინაც კი მას უყურებდა.

        🔵„ქარის ბრალი ყოფილა“, „მამარდ მადლობა!“ „კიდევ კარგი ის საქონელი არ ჰყავდათ, თორე რაც გამაზეს ყველას გაიტანდა, ცხოველი“ - ქომაგები ნორვეგია-საქართველოს მატჩზე

„ათასგვარად შეიძლება გაიხსენო, თუ რას ნიშნავს საქართველოსთვის ფეხბურთი - ბევრია ასეთი მოგონება და კადრი - მხატვრულიც, ნამდვილიც და მითიურიც.

არის ეს მსოფლიოში ფეხბურთზე გადაღებულ საუკეთესო ფილმის ფინალში (მარტო ის ღირს საამბოდ, ქალმა რომ შექმნა ,,პირველი მერცხალი") მოტყუებული ფოთელი ფეხბურთელების სიმღერა თუ სხვა სურათში, იპოლიტე-ფეოლას უნებლიე მწვრთნელობა და მღელვარება.

არის ეს უიმედო რიგები ბილეთისთვის სტადიონზე მოხვედრის მოსურნე ჯიბის ქურდებით, საზარელი იმადგაცრუბისთვის რომ წირავდნენ ბილეთშეძენილ პატიოსან მოქალაქეებს თუ მესხისტი ორბილეთიანები, რომლებიც საგანგებოდ ყიდულობდნენ ორ საშვს ორივე კარის უკან და ტაიმებს შორის გადაინაცვლებდნენ, იმის მიხედვით, თუ საით უტევდა მიშა მესხი – ზოგი ამბობს, ტყუილია ორი ბილეთის ამბავი, ერთსაც ძლივს იშოვიდი, უბრალოდ გადაჯგუფდებოდნენ და ერთ სკამს ორი იყოფდაო, მაგრამ ორივე ლეგენდა ლამაზია – ტყუილიც და მართალიც.

არის ეს ყიფიანის კისერზე გაყინული ბურთი თასების თასის ფინალში თუ გაბელიას მოულოდნელად გადაწერილი პირჯვარი გადამწყვეტი პენალტისას.

არის ეს მიკერძოებული მსაჯის მოსაკლავად აზვირთებული სამოციათასი გულშემატკივარი სტადიონზე, 1977 წლის 23 ივლისს, ,,დინამოს" და ,,ზარიას" შეხვედრისას და ხალხის დასაშოშმინებლად მინდორზე გასული ცეკას პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე თუ 1981 წლის ტრიუმფი და ადამიანებით სავსე თბილისის ქუჩები, როცა მოსისხლე მტრებიც კი ერთმანეთს კოცნიდნენ და ულოცავდნენ.

დემიკო ლოლაძის მოცახცახე ხელით გადაღებული ფოტოები ამავე ფინალიდან თუ ერთი ფოტო, ქართული ფეხბურთის პატრიარქის, ანდრო ჟორდანიასი, როცა სახურავგადახდილ მანქანაში ფეხზე მდგარი ისეთი ამაყი სიხარულით იმზირება, თითქოს, ნოე ჟორდანიას ძმისშვილობის გამო, ყოველწუთიერად თავს ბოლშევიკური ტერორის აჩრდილი არ დასტრიალდება.

გენიალური ეროსი მანჯგალაძის მიერ წაყვანილი რადიო-რეპორტაჟები, რომელიც ცალკე, ტრაგი–კომიკურ მონო-სპექტაკლად ღირდა თუ გენიალურივე მწვრთნელის, ნოდარ ახალკაცის თითქოს აუღელვებელი სახე და იშვიათი ბოლთის ცემა გატანილი გოლებისას, თითქოს სიხარულის გამხელა ერიდებაო. არავინ იცის.

ალბათ ყველა ერთად და ცალ-ცალკე.

თუმცა თუ ვინმე ერთი ისტორიის მოყოლას მომთხოვს, აუცილებლად პანტიანის მინდორზე მოვუთხრობ . ეს საქმე კი ასეთია:

საბჭოთა კავშირში და მათ შორის, ცხადია, რომ საბჭოთა საქართველოში საერთაშორისო თამაშის ცქერა შეუძლებელი ამბავი იყო - ტელევიზიით მხოლოდ იმ მატჩებს გადასცემდნენ, სადაც ან საბჭოთა ნაკრები თამაშობდა ანაც კავშირის რომელიმე კლუბი.

სიახლეს მხოლოდ რადიოთი თუ მოკრავდნენ ყურს, ისიც იშვიათად იღბლიანები, ოთახის საგანგებოდ ნაპოვნ კუთხეში რომ იდგნენ, წელში გაწყვეტამდე დაჭიმულ ანტენიანი მოწყობილობა ორივე ხელით ჭერისკენ აღემართათ და რადიო ამერიკის ხმის ან რადიო თავისუფლების ტალღების შრიალში არკვევდნენ, თუ როგორ ითამაშეს პლატინიმ და მარადონამ.

მეორე დღეს სიახლეები ვერის და მუშტაიდის ბაღებში ირჩეოდა - ეს იყო საბჭოთა თბილისის ორი აგორა ან ეგებ აგორაზე მეტიც. იკრიბებოდა ყველა - მწერალი და ხელოსანი, პროფესორი და მეწაღე, ორატორი და სიტყვაძუნწი.

ალბათ რა საოცარი მოსასმენია, ყვებოდე ფეხბურთის მატჩზე, რომელიც არც შენ არ გინახავს - დიკენსს თუ შეეძლო ამგვარი მონუსხვით საუბარი, როცა თავის ახალ რომანებს უკითხავდა შეკრებილ მკითხველებს და შეიძლება არც მას.

ერთხელაც, ვერის ბაღში ხმა დაირხა, დასავლეთ უკრაინის უკიდურეს ქალაქში, უჟჰოროდში, რომელიც ზედ ევროპის საზღვარზეა, რაღაც სასწაულით შემოპარული სიგნალის წყალობით, პოლონურ არხზე ფეხბურთს უყურებენო და გამოჩნდნენ დიდებული, თავგანწირული მოგზაურები, რომლებიც 2548 კილომეტრს დაუზარელად გაივლიდნენ რომელიმე მატჩის სანახავად.

მიუხედავად დიდი მსხვერპლისა, ამ მოგზაურებს ხან უმართლებდათ და ხან არა - ზოგჯერ საბჭოთა დამხშობი იმ სუსტ ტალღასაც მიაგნებდა, მაგრამ თუ ცქერას მოახერხებდნენ, უკანა გზაზე მომავლებს, უდიდეს ბადნიერებად ჰყოფნიდათ მოსაყოლი დეტალების გონებაში დაწყობა.

მერე მანძილი შემოკლდა - ამბავი მოიტანეს, მეზობელ ქვეყანაში, ქალაქ ლენინაკში, ახლანდელ გიუმრში იჭეროს სიგნალი.

ამას მოყვა მოულოდნელი სასწაული, ერთმა ბიჭმა თქვა, აქვე, ჩვენს სამშობლოში, თეთრიწყაროს რაიონში არის რაღაც დაწესებულება, სადაც ერთმა იქაურმა თანამშრომელმა თურქული არხი დაიჭირა და ჩემპიონთა თასის თამაშებს უყურებენო.

დაიძრა დიდი არმია თბილისიდან და დაარტყეს ამ დაწესებულებას ალყა, როგორც დაუნდობელმა დამპყრობლებმა.

ზოგი ღობეზე იყო ჩამოკიდებული, ზოგიც ფეხისწვერებზე იდგა და ასე უყურებდნენ ერთ პატარა ტელევიზორში დიდ მატჩებს ქართველები. ეს ამბებია და ვერის ბაღში შეკრებილმა ფიზიკოსებმა თქვეს - თუ თეთრიწყაროს წვდება ტალღები, ანტენები გავაძლიეროთ და დედაქალაქშიც დავიჭერთო.

,,ანტენების გასაძლიერებლად’’ მათი გათვლით, საჭირო იყო თითბერის და ალუმინის მილები, ასევე ჩვეულებრივი მინა და შემდეგ შესაბამისი, არცთუ მარტივი კომბინაცია. და შეიქმნეს ანტენა და დაიწყეს ძებნა.

თბილისში ეს ძიება ამაო აღმოჩნდა, მაგრამ იხტიბარი არავის გაუტეხავს. გაცდნენ დედაქალაქს. მიდიოდნენ ნელ-ნელა, მანქანაში პატარა, აკუმულატორის მუხტის მყოფნ ტელევიზორით და ჯადოსნური ანტენით, ჩერდებოდნენ ყოველ კილომეტრში ერთხელ და არ იმჩნევდნენ იმედგაცრუებით გაწბილებას.

თუმცა უცებ, როგორც დიდი სასწაულის პირველი ნიშანი - მკრთალი გამოსახულება გაჩნდა.

მალე უკვე შესამჩნევი იყო - ეს ის თურქული არხია, რომელსაც თეთრიწყაროში მიაგნეს და ,,ევრიკა!’’ - თბილისის მახლობელ სოფელ პანტიანში, შემაღლებულ მდელოზე შენ შეგეძლო მისი უდიდებულესობა ფეხბურთი გენახა.

პირველად უხმოდ უცქერდნენ, მერე ანტენები გააუმჯობესეს და მართალია თითქმის ყველასთვის უცხო ენაზე, მაგრამ მაინც კომენტატორის ემოციის თანხლებით ყურება მაინც სხვა საქმე გამოდგა.

მატჩის დღეს, მიდიოდა მანქანების უზარმაზარი რიგი, მიდიოდა ფილოლოგი და ფიზკულტურელი, ქიმიკოსი და მუსიკოსი, მილიციელი და კრიმინალი, ასე განსაჯეთ - უშიშროების ოფიცრებიც კი, რომელთაც წესით უნდა აღეკვეთათ ეს უცნაური მსვლელობა.

ტელევიზორი ან მანქანის სალონში იდგა ანაც საგანგებო კარვებში.

იშლებოდა სუფრა.

ირჩეოდა ფეხბურთი.

სახინკლეც კი გაჩნდა მახლობლად და მოკლედ დიდებული კორპორაცია გაიშალა.

საბჭოთა ტელევიზიით წაქცეული ფეხბურთელის ჩვენებასაც ერიდებობდნენ, არათუ იმას, რაც 1985 წლის 29 მაისს ნახა ყველა თბილისელმა, ლივერპული-იუვენტუსის ფინალი და ,,ეიზელის’’ სისხლიანი ტრაგედია.

პანტიანის მინდორზე, ფეხბურთის ტელე-სიგნალთან ერთად, ქართველები წლების წინ უგზო-უკვლოდ გაფრენილ თავისუფლებასაც იჭერდნენ.

შეულამაზებელს, ზუსტს და აუცილებელს.

ეს იყო ამ ამბის მთავარი მაგია და არსი. ეს არის ალბათ ფეხბურთის უმთავრესი ძალაც.

ჩემს ბავშვობაში საბჭოთა კავშირი უკვე დანგრეული იყო, მაგრამ ფეხბურთის ყურება მაინც რთული საქმე გახლდათ.

ჯერ ხომ ელექტროენერგია უქონლობის გამო, დიდწილად ფეხბურთს უფრო ვკითხულობდით - ,,სარბიელში’’ თუ სხვა რომელიმე გაზეთში.

მომისმენია ტრანსლაცია ტელევიზორიდან, რომელსაც გამოსახულება აღარ ჰქონდა - ეს რადიო-რეპორტაჟს როდი ჰგავს - აბა, რა იცის კომენტატორმა, რომ სადღაც დასავლეთ საქართველოში, ზის ერთი ბიჭი და რასაც უნდა უყურებდეს, იმას უსმენს.

ჩემპიონთა ლიგის მატჩს პირველად ძალიან უცნაურად ვუყურე.

მახსოვს ინტერი–მანჩესტერი იყო, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი. ოზურგეთის ერთ სარდაფში აჩვენებდნენ ამ მატჩს და ერთი ლარი ღირდა ბილეთი. მე ფული არ მქონდა, ვიდექი შესასვლელში და შუშის კარში არეკლილ ტელევიზორს ვუყურებდი – ასე უკუღმა ვნახე ნიკოლა ვენტოლას და პოლ სქოულზის გოლები.

ხვიჩა კვარაცხელიას ბავშვობაში ტელევიზორიც იყო, ელექტროენერგიაც გამოჩნდა და ინტერნეტიც წამოეწია.

თურმე ფეხბურთს იდგა და ისე უყურებდა, თან მოძრაობებს აკეთებდა მცველის, ნახევარმცველის, თავდამსხმელის და ხან მეკარის მაგივრადაც კი.

ბავშვობიდანვე უცნაური ბიჭი გამოდგა ხვიჩა და რა გასაკვირია მისი არჩევანიც, რა ძალიან პიკანტური გემოვნება უნდა გქონდეს ადამიანს, ძალიან მაღალპროფესიული, რომ გალაქტიკოს ეპოქიდან ზიდანს, ფიგუს, ბექემს, რაულს ან რონალდოს კი არ დაადო ხელი, არამედ გუტი გამოარჩიო.

ძილის წინ ფილმების ნაცვლად, რჩეულ მომენტებს უცქერდა, იმახსოვრებდა, იზეპერებდა და მერე ალბათ სიზმარში იმეორებდა.

დიდი და დიდებული იყო ეს სიზმრები – ნაწილი ახდა და ნაწილიც ხვალ ახდება, ოღონდ ამჯერად ხვიჩა იქნება იმ მაგიურ ყუთში, ფეხბურთს სხვანაირად აცოცხლებს, იმ მაგიურ ყუთში – ტელევიზორში.

„ხვიჩა - ვარსკვლავი, სახელად ვარსკვლავი“,- წერს გიორგი კეკელიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ისეთ ფრაზებს მომაწერდნენ ხოლმე, რომელიც საერთოდ არ მითქვამს - ბლიცინტერვიუ გუგული მაღრაძესთან

🔵სკანდალური ჭორები, აბეზარი შეკითხვები და ნივთი, რომლის გარეშეც ვერ ძლებს... - ბლიცინტერვიუ ეკა ბესელიასთან

🔵მინდა მითხრას, რომ გაიხუმრა - ბლიცინტერვიუ ვერა ქობალიასთან

🔵ბავშვობის ოცნება, ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებს და შემთხვევა, რომელმაც შეცვალა - ბაბი კირკიტაძის ბლიცინტერვიუ