„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ჟურნალისტი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს.
როგორც ინაშვილი წერს ჟურნალისტიკა ჰუმანური პროფესიაა, თუმცა მისი თქმით, დროთა განმავლობაში ბევრმა დაკარგა სახე და წინა პლანზე ფესვდოჟურნალისტები წამოვიდნენ.
„ჟურნალისტის პროფესია ერთ - ერთი ყველაზე მძიმე და საპასუხისმგებლო პროფესიაა. პირველი კურსის პირველსავე ლექციაზე, მახსოვს, ასეთი რამ გვითხრეს: მეშახტეების მერე, ჟურნალისტებს უსკდებათ გულიო.
კი არ შეგვაშინეს, ირიბად გვირჩიეს, რომ თუ არ ხართ მზად, ახლავე გადაბრძანდით სხვა ფაკულტეტზეო.
ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ ჟურნალისტი უნდა იყოს მცოდნე, გაბედული, ძლიერი, პრინციპული, უნდა იცავდეს ჟურნალისტურ სტანდარტს. მის მიერ მომზადებული სტატია ან სიუჟეტი უნდა იყოს არგუმენტირებული, ფაქტებით გამყარებული, მრავალ წყაროზე გადამოწმებული და საზოგადოებისათვის არა საზიანო, არამედ სასიკეთო.
ერთხელ ერთ-ერთ გადაცემაში მოვყევი, აფხაზეთის ომის დროს, ხშირად გამიშვია კამერისთვის ხელი, დამიკარგავს კადრი, არ ჩამიწერია ინტერვიუ, მაგრამ იმ მომენტში სხვა ადამიანს და ადამიანებს ვჭირდებოდი.
ვჭირდებოდი, როგორც ადამიანი და არა როგორც ჟურნალისტი.
ბევრი ჩემი კოლეგა მოქცეულა ასე.
მე გამონაკლისი სულაც არ გახლავართ. ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გვძულდეს რესპონდენტი, მიუხედავად მისი აზრებისა და პოზიციებისა.
მეტიც, უნდა ვიყოთ თანაგრძნობით განმსჭვალული და ფრთხილნი, თუ ჩვენი მასალა ტრაგედიას, კატასტროფას ან კრიმინალური შემთხვევისას დაღუპულებს ეხებათ. ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ არ უნდა გავიყიდოთ, არ უნდა ვიქცეთ ინსტრუმენტად არავის ხელში, უნდა ვემსახუროთ სიმართლეს. კიდევ ბევრ რამეს გვასწავლიდნენ, რაც ამ პროფესიის ფუნდამენტია. გარდამავალი ეპოქა იყო.
საბჭოთა კავშირი ინგრეოდა და დამოუკიდებელი საქართველოს პირველი კონტურები იძერწებოდა. იმედებით ვიყავით სავსე. ჯერ ერთადერთი ტელევიზია ფუნქციონირებდა და ჩემი თაობის ყველა ჟურნალისტმა პირველ არხზე აიდგა ფეხი.
მოგვიანებით, გაჩნდა სხვა არხები, გაჩნდა კონკურენცია, დაიხვეწა ტელევიზიის ტექნიკური მხარე, ახალი ფორმატები დაიბადა, მაგრამ ამასობაში ზოგიერთი ჟურნალისტის სული გაუხეშდა. გულგრილობის, ცინიზმის, ზედაპირულობის ხარისხიც, სამწუხაროდ, გაიზარდა. მოაზროვნე პერსონების პარალელურად, წინა პლანზე ფსევდოჟურნალისტებმაც წამოიწიეს, რომელთათვისაც ჟურნალისტის პროფესია გაიგივებულია ყველაფრისმკადრებლობასთან.
ჟურნალისტიკა არაა ყველაფრისმკადრებლობა, არაა არასასურველი რესპონდენტების განადგურების მცდელობით გამოწვეული შავი სიხარული, რაც მეც გადამიტანია საკუთარ თავზე… ბევრჯერ, სხვათა შორის.
არაა დაცინვა, აბუჩად აგდება, ცილისწამება და ბულინგში თანამონაწილეობა. ეს ჰუმანური პროფესიაა.
ჟურნალისტი არ შეიძლება იყოს კაცთმოძულე და დამბრალებელი. არ შეიძლება იყოს სულით ბოროტი, როგორც ექიმი არ შეიძლება იყოს ჯალათი. სიმართლის მსახურება დიდი პასუხისმგებლობაა. მსხვერპლიცაა, ვინაიდან სიმართლის მსახურის ცხენი შეკაზმული უნდა იყოს.
გამძლეობას, მხნეობას და მოთმინებას ვუსურვებ ამ პროფესიის ჭეშმარიტ და ერთგულ წარმომადგენლებს, რომელთა შრომას, თავდადებას, გამბედაობას და წესიერებას გრძნობს და ხედავს საზოგადოება. ყველას გილოცავთ ქართული ჟურნალისტიკის დღეს.
ვინც წაიკითხავს ამ პოსტს და გაუჩნდება კომენტარის დაწერის სურვილი, ვთხოვ კორექტულობას და კონკრეტული პერსონების ჩაქოლვისგან თავშეკავებას.
დაფიქრებისთვის დაიწერა ეს პოსტი და არა ერთმანეთის დასაკლავად, რა ტენდენციაც ასე მძლავრობს დღეს სოციალურ ქსელში… და სამწუხაროდ, ამ ქსელის მიღმაც“, - წერს ირმა ინაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵 „ისევ მოვბრუნდი. ამჯერად მართლა უკანასკნელად...“ - რას წერს გიორგი კეკელიძე
🔵 „ქვეყნის ისტორია სავსეა დახოცილი ან სუიციდამდე მიყვანილი მწერლებით“ - ნათია ფანჯიკიძე