მწერალ დავით ტურაშვილსა და მწერალ გიორგი კეკელიძეზე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე, სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ მწერლებზე შეტევა ახალი მოვლენა არაა.
🔵 დათო ტურაშვილი ახლა უკეთაა, თუმცა დღეს კლინიკაში დარჩება – ანაკო ტურაშვილი
ფანჯიკიძის თქმით, სავსეა ქვეყნის ისტორია დახოცილი ან სუიციდამდე მიყვანილი მწერლებით.
„შემთხვევითი არ არის, რომ ჩემს ორ უძვირფასეს მეგობარს განსაკუთრებით ერჩის სახელმწიფო მანქანა.
დათო ტურაშვილი და გიორგი კეკელიძე ორი ის ადამიანია, რომლებიც წლებია, ფეხდაფეხ დადიან ქვეყნის ყველა კუთხეში, რომ სინათლე, სიყვარული, განათლება გაავრცელონ. ორი ის ადამიანი, რომელიც არასდროს წვრილმან ინტრიგაში არ ჩართულა, სიყვარული, რომელიც მოიპოვეს, უდიდესი შრომის და საკუთარი ჯანმრთელობის ფასად უჯდებათ.
ერთხელ მაინც თუ ყოფილხართ ტურიკას ტურში, როგორ მუშაობს ის ადამიანებისთვის, ეს უბრალო გიდობა არ არის, არც უბრალოდ ისტორიის ცოდნაა, ეს არის თავდაუზოგავი მიძღვნა ქვეყნისთვის და იმ კონკრეტული ადამიანებისთვის, ვისზეც იმ კონკრეტულ მოგზაურობაში იღებს პასუხისმგებლობას.
ასეთი ჯანმრთელობის პატრონი, გაუჩერებლად დადის მთაში, ბარში, არ ჩერდება, ოღონდ მოგიყვეს, როგორაა შერწყმული სვანური ტაძრების მხატვრობაში ანტიკური სურათები ქრისტიანულ ფრესკებთან და სხვა.
ვისაც გიორგი კეკელიძესთან ერთად გიმუშავიათ ერთხელ მაინც, ან საქმე დაგიჭერიათ, როგორი ხაზგაუსმელი ერთგულებით იცის მხარში დგომა, როგორ ყველასთვის მზადაა გაანაწილოს ასპარეზი, ხელი შეუწყოს ნებისმიერი ადამიანის პროფესიულ წარმოჩენას თავის სივრცეში და როგორ დადის და ავსებს წიგნებით ქვეყნის ყველა კუთხე-კუნჭულს. ისინი არასდროს ასხვავებენ ხალხს მათი პოლიტიკური მიკუთვნებულობის, თუ სხვა რაიმე ნიშნით. მათ უბრალოდ ადამიანები უყვართ.
ამ სიყვარულს გრძნობს ხალხი, ამიტომ აქვთ ავტორიტეტი, მათთვის ეს ავტორიტეტი არავის უჩუქნია და შარავანდედი მემკვიდრეობით არავის დაუტოვებია. ამ სიყვარულს ვერ პატიობენ უსიყვარულოები.
სწორად ლაპარაკი ბევრმა იცის, მაგრამ სიტყვები ვერ მიდის გულებამდე, თუ ამ სიტყვების უკან სწორი ადამიანი არ დგას.
დათო და გიორგი ის ორი სწორი ადამიანია, რომელთა სინათლეც თვალს ჭრის მათ, ვისაც "მუსიკა არ ესმის". ასეთ კარგობას იოლად ვინ აპატიებს, ეს ხომ ორი ის კაცია, რომელთაგან არავის ახსოვს საწამლავი, ბოღმა, ღალატი.
მწერლებზე შეტევა ახალი მოვლენა არაა, სავსეა ჩვენი ქვეყნის ისტორია დახოცილი ან სუიციდამდე მიყვანილი მწერლებით. ტრადიციას გამოუჩნდნენ გამგრძელებლები - ერთს გულს უხეთქავენ, მეორეს თვითმკვლელობის წარუმატებლობას უწუნებენ.
მსხვერპლი მით უფრო მიმზიდველია, რაც მეტად უცოდველია.
მრავალი წელია კაგებე ცდილობს მოსპოს სწორედ ასეთი ხალხი, რომ სრულად დეზორიენტირდეს ქვეყანა, ვეღარავინ გამოარჩიოს რა არის კარგი და რა ცუდი.
სადაა სიყვარული და სად სიბნელე.
ვერ გამოუვათ, რადგან ეს კინო ნანახი გვაქვს.
ტურიკა არ გვიღალატებს, კარგად იქნება მალე, აღარც გიორგის ექნება ძალის დაკარგვის ეპიზოდი.
საქართველო აუცილებლად გახდება ევროპის ნაწილი.
უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს.
სიყვარულის დროც აუცილებლად დაბრუნდება“,- წერს ფანჯიკიძე.
ცნობისთვის დათო ტურაშვილი გულის შეტევით კლინიკაში გადაიყვანეს.
ასევე დაგაინტერესებთ: