ქართველი ტრანსგენდერი ქალი ლიზა ქისტაური ბელგიაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. მისი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ბელგიისა და საქართველოს ოფიციალურმა უწყებებმა დაადასტურეს.
👉 ლიზა ქისტაურის საქმის დეტალები - რას აცხადებენ ბელგიის პროკურატურაში?
ქისტაურის სიკვდილის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ სოციალური ქსელი მოიცვა, უამრავი ადამიანის გამოხატავს მწუხარებას მომხდარის გამო და ამ ამბის შესახებ საკუთარ ემოციებს გადმოსცემენ. მათ შორისაა ჟურნალისტი ვახო სანაია.
„ერთ-ერთ სკოლაში, სადაც მეც ვიყავი მოწაფე, ერთი ბიჭი სწავლობდა. ალბათ სხვა სკოლიდან გადმოიყვანეს. პატარები ვიყავით. ისიც ჩვენი თანატოლი იყო. თავისი მანერებით ის არ გვგავდა ჩვენ. განსხვავებული იყო. მახსოვს, როგორ ჩაგრავდნენ ბავშვები. არაფრის გამო. მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენნაირად არ დადიოდა, ჩვენნაირად არ ლაპარაკობდა, ჩვენნაირად არ იყო დაინტერესებული სპორტით - ან იქნებ უყვარდა კიდეც ფეხბურთისა ან კალათბურთის თამაში, მაგრამ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება არ ეძლეოდა. მასთან თამაში არავის უნდოდა.
დასცინოდნენ, ურტყამდნენ, ყოველ გავლაზე თავში წამოარტყამდნენ, აგინებდნენ. ახლაც თვალწინ მიდგას, როგორ იფერთხავდა ტანსაცმელს, ჩუმად, თითქოს მადლობელიც იყო, რომ აკმარეს და მეტად არ ,,დასაჯეს". ოღონდ თავადაც არ ესმოდა, რისთვის ისჯებოდა. მხოლოდ ერთადერთი მიზეზი არსებობდა - ჩვენგან განსხვავებული იყო.
ბავშვებს შეუძლიათ, ძალიან სასტიკები იყვნენ. რა თქმა უნდა, ამ სისასტიკეში ყველა არ მონაწილეობდა, უფრო მეტიც, იცავდნენ კიდეც, მაგრამ სკოლაში, სადაც უამრავი ბავშვი სწავლობდა, შეუძლებელი იყო ამ სისასტიკის ლოკალურად მოგვარება. არც თავად ბავშვებმა იცოდნენ, რატომ სჩადიოდნენ ამ ბოროტებას და მაშინ არც ის ხალხი მოიძებნებოდა, ვინც ბავშვებს აუხსნიდა, რა გამოუსწორებელ საშინელებას აკეთებდნენ.
კარგი, ცოდოა, შეეშვი - ეს იყო მაქსიმუმი, რასაც უფრო გულმოწყალე მოსწავლეები შეაწევდნენ ჩაგრულს. ან სულაც გულგრილობა.
ეს შეცოდება კი იმაზე უარესია, ვიდრე წიხლი. ჯობია გცემონ, ვიდრე თქვან, რომ არარაობა ხარ, მაგრამ შენც ცოდო ხარ ხანდახან.
იმ ბიჭის თავშესაფარი გოგოები იყვნენ. დიახ, თავშესაფარი, რადგან მასაც უნდოდა ურთიერთობა, მეგობრობა, თამაში და არა გასაქცევი ადგილი ჩაგვრისგან. თანდათან ამ სხვებისგან განსხვავებულ ბიჭს ყველა შეეჩვია. ყურადღებასაც არ აქცევდნენ. ვინმეს თუ გაახსენდებოდა, ისიც იმ დროს, როცა ხელები ეფხანებოდა და დერეფანში უთავაზებდა.
თითქოს არც იყო. უბრალოდ რაღაც მოცემულობად იქცა. უფრო სწორედ, რაღაც არსებობს და დაე, იყოს. ასეთ დამოკიდებულებაში გადაიზარდა მისი ცხოვრება სკოლის კედლებში.
დღესაც გული მეწურება, როცა მახსენდება. ხშირად გამხსენებია მოგვიანებით. ახლა არც სახელი მახსოვს მისი, არც გვარი. მხოლოდ მისი სიარულის მანერა, კეთილი თვალები და უცნაური გამომეტყველება შემომრჩა მეხსიერებაში. ეს გამომეტყველება ერთდროულად მადლიერებასაც გამოხატავდა და დიდ საყვედურსაც. ისე, თითქმის არ ლაპარაკობდა.
არც ის დამავიწყდება, სკოლასთან სხვა ტიპები თუ იდგნენ და ამ ბიჭს დაინახავდნენ, როგორ დამცინავად ამბობდნენ - ეს ვინ არის, ბოზიშვილივიყო ? და ატყდებოდა ხორხოცი, რაღაცას მიაძახებდნენ. ეს კი ჩანთაგადაკიდებული სწრაფი ნაბიჯით გაივლიდა. საერთოდ ძალიან სწრაფად დადიოდა და ახლა რომ ვუფიქრდები, რატომღაც მგონია იმ საშინელი გარემოსგან გაქცევის სურვილის ერთგვარი გარეგანი გამოხატულება იყო მისი ეს სწრაფი სიარული. სახლიდან - სკოლამდე, სკოლის ჭიშკრიდან - დერეფნამდე, დერეფნიდან - საკლასო ოთახამდე, რომ სწრაფად დაწყებულიყო გაკვეთილი. ალბათ ყოველი შესვენებაც როგორი ტანჯვა იყო, ბიჭების საპირფარეშოში შესვლაც რამხელა ძალისხმებას მოითხოვდა.
ვფიქრობ, ნეტა რა ბედი ეწია ? სად არის ? გამოუვიდა თუ არა რაიმე ცხოვრებაში ? მოახერხა თუ არა იმ წნეხის დაძლევა და ისეთი მილიონი დაბრკოლების გადალახვა, რომელიც ამ საშინელ ქვეყანაში წილად ხვდა ? ოჯახი დაუდგა თუ არა ბოლომდე გვერდით ? არ ვიცი.
მას ხომ საზოგადოება დღეში რამდენჯერმე კლავდა. როგორია - ამდენჯერ მოგკლან და გადარჩე; მუდმივად გიმტკიცონ, რომ არ არსებობ და შენ მონახო ძალა მეორე დღეს სკოლაში მისასვლელად. მერე, როცა გაიზრდები, სამსახური უნდა იპოვო ამდენჯერ მოკლულმა.
არც ის ვიცი, იმ პერიოდიდან დღემდე ჩვენ, მისმა მჩაგვრელმა, ამ ჩაგვრის გულგრილად მოცქერალმა, ,,შეძლებისდაგვარად" დამცველმა, ,,კაი, გაეშვი, ცოდოა" თუ ,,ბიჭო, ხელი არ დაარტყა, იცოდე" საზოგადოებამ რამდენად წავიწიეთ წინ ამ საკითხში. ალბათ ცოტა პროგრესი გვაქვს, მაგრამ ჯერ კიდევ შორი გზაა გასავლელი. მანამდე კი ინგრევა და ინგრევა ადამიანების ცხოვრება.
მაშინ ზოგი ვიცავდით იმ ბავშვს, ზოგს გვეცოდებოდა, ზოგიც ჩაგრავდა, ზოგიც გულგრილი იყო, მაგრამ ჩვენ აზრზე არ ვიყავით, რატომ ვაკეთებდით ამას - არც დამცველებმა და არც მჩაგვრელებმა. წარმოდგენა არ გვქონდა. მხოლოდ ჩვენი ინსტინქტებით ვმოქმედებდით. ახლა უფრო მეტი ვიცით და ვალდებულება გვაქვს, რომ არ დავუშვათ ადამიანების უბედურება. დაცინვის, ჩაგვრის, იზოლაციის გარღვევა ძალიან რთულია. მათ არ სჭირდებათ შეცოდება, მათ სჭირდებათ ის, რაც ეკუთვნით. რაც ღმერთმა მისცა და რა უფლებებიც სახელმწიფოში უნდა გააჩნდეთ.
ამიტომ რამდენი 5 ივლისიც არ უნდა მოაწყონ, რამდენი ქვაც არ უნდა ისროლონ, სულ დავიცავთ უფლებებს. უფლება უფლებაა - მისი უფლება თუ ირღვევა, ესე იგი, ჩემი ირღვევა. ჩემი უფლება თუ ირღვევა, ესე იგი, მისი უფლებაც ირღვევა.
● ● ● ● ●
მე არ ვიცნობდი ლიზას. არც მისი ბავშვობის განცდების შესახებ ვიცი და ამაზე ვერც ვიმსჯელებ. არც პარალელს ვავლებ ზემოთ აღწერილ ისტორიასთან. პირიქით, მინდა ვაჩვენო ლიზა, როგორც მაგალითი და მოტივაცია, რომ ყველანაირი დაბრკოლების დაძლევაა შესაძლებელი. მხოლოდ იმიტომ დავწერე, რომ სკოლაში იქნება ეს თუ უფროს ასაკში ადამიანებს იდენტობის გამო გადარჩენისთვის ბრძოლა უწევთ.
ახლა ლიზას მხოლოდ ბოლო რამდენიმე წლის შესახებ ვიცი და ამაზე ვიტყვი ორიოდე სიტყვით.
ვუყურე მის ინტერვიუებს, ვიდეოებს, წავიკითხე მისი მოსაზრებები და მოვისმინე მისი განცდების შესახებ.
ის ძალიან ძლიერი ადამიანი აღმოჩნდა. კი იძახის ერთ-ერთ ინტერვიუში, მე მშიშარა გამოვდექიო, მაგრამ, რა თქმა უნდა, პირიქითაა. წარმოუდგენლად ძლიერი ყოფილა. მიანგრია და მოანგრია ყველაფერი გარშემო და ომი მოიგო. მოგებული წავიდა ამ ცხოვრებიდან, მაგრამ სამწუხაროდ, ძალიან, ძალიან ადრე.
ის სხვებისთვის მაგალითი იქნება. იმისთვის, ვინც ახლა რომელიღაც სკოლის დერეფანში დადის ჩქარი ნაბიჯით ან ქუჩაში მხოლოდ შებინდებისას ბედავს გამოსვლას.
დღეს ისევ შემხვდა ჩემი მოსწავლეობის დროს განცდილი სცენები - ამჯერად ფეისბუკზე. სტატუსებსა და კომენტარებში ზოგი ისევ იქნევს წიხლებს, ზოგიც გულგრილია, ზოგიც წერს - კაი, ცოდოაო. ზოგიც იცინის - ეს ვინ არის, ბოზიშვილივიყოო. ზოგიც ინსტინქტურად მოქმედებს, მაგრამ სწორად - როგორც ოდესღაც ჩემს ბავშვობაში ზოგიერთი, მაგრამ ახლა უფრო მეტია ისეთი, რომელმაც გაცნობიერებულად იცის, რამხელა ტრაგედიაა ადამიანის დაღუპვა და სამძიმარს ამბობს, გლოვობს, გული სწყდება, აცნობიერებს, რომ სადღაც ყველას ბრალია, რომ უკეთესი ქვეყანა არა გვაქვს და ამის გამო ლიზას თუ სხვებს აქედან გაქცევა უწევთ სხვადასხვა მიზეზით.
ძალიან სევდიანია ლიზას ისტორია - გულში ჩაგწყდება“, - წერს ვახო სანაია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: