ქართველი ტრანსგენდერი ქალი ლიზა ქისტაური ბელგიაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. მისი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ბელგიისა და საქართველოს ოფიციალურმა უწყებებმა დაადასტურეს.
ქისტაურის სიკვდილის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ სოციალური ქსელი მოიცვა. უამრავი ადამიანი წუხს ამ ფაქტის გამო და საჯაროდ აფიქსირებს აზრს.
ერთ-ერთ მათგანი რომელსაც განსხვავებული შეხედულება ჰქონდა მომხდართან დაკავშირებით ინტელექტუალური კლუბის „რა? სად? როდის?“ ყოფილი წევრი - ანდრო სოლოღაშვილი გახლდათ. მისი რადიკალური დამოკიდებულება გარდაცვლილი ტრანსგენდერის მიმართ აღმაშფოთებელი იყო საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, რის გამოც სოლოღაშვილი გააკრიტიკეს.
მის ასეთ რადიკალურ განცხადებას და საზოგადოების აღშფოთებას გამოეხმაურა თავად ინტელექტუალური კლუბი „რა? სად? როდის?“.
მათივე ინფორმაციით, სოლოღაშვილს მოაზროვნის სტატუსი 2014 წელს მიენიჭა და მას შემდეგ თამაშში მონაწილეობა არ მიუღია.
აგრეთვე, მათივე ცნობით, დაახლოებით, 9 წელია არანაირი შეხება არ აქვთ აღნიშნულ პირთან და შესაბამისად მისი განცხადების დაკავშირება ტელეპროექტთან მიუღებელია.
„ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში „რა? სად? როდის?“ შემოქმედებითმა ჯგუფმა მიიღო ბევრი შეკითხვა ანდრო სოლოღაშვილის თაობაზე, რომლის ფბ-სტატუსმაც ფეისბუქ-მომხმარებელთა, მათ შორის ჩვენი აღშფოთებაც გამოიწვია.
გვინდა განვმარტოთ, რომ ანდრო სოლოღაშვილი თამაშობდა სატელევიზიო ინტელექტკლუბში 2014 წლის შემოდგომამდე, რის შემდეგაც მისი „მოაზროვნის“ სტატუსი აღარ განახლებულა და მომავალშიც არ იგეგმება.
ანდრო სოლოღაშვილს უკვე, თითქმის, 9 წელია არანაირი შეხება არა აქვს ინტელექტკლუბთან, ამიტომ მოცემულ მომენტში მისი რაიმე ფორმით დაკავშირება ტელეპროექტთან „რა? სად? როდის?“ დაუშვებელი და მიუღებელია.
აქვე დავსძენთ, რომ ეს საკითხი ამით ამოწურულია და მომავალში ანდრო სოლოღაშვილის თემაზე შემოქმედებითი ჯგუფი განცხადებას აღარ გააკეთებს...“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ჩემი ყველაზე საყვარელი...“ - რა ვიდეოს აქვეყნებს მამულიჩა
🔵მგზავრი, რომლის გადასარჩენადაც თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში დაბრუნდა, გარდაიცვალა
🔵„ალილოს“ მონაწილეთა მსვლელობა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში (ფოტოკოლაჟი)