Digest Logo

„მივრბოდი - თან კანკალით და თან სიხარულით...“ - გიორგი კეკელიძე ემოციურ პოსტს გვიზიარებს

1741937251
გიორგი კეკელიძე

ქართველ პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილ გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ: 

„ერთხელ, ღრმა ბავშვობისას, შუაღამე იქნებოდა, ავიკვიატე, რომ სათხილეში, ბოლო ხისთვის ხელი უნდა მიმედო და უკან დავბრუნებულიყავი. ძალიან მეშინოდა, მაგრამ უფრო ჩათქმის არაღასრულების, ვიდრე უმთვარეო ცის და ავსულების. წამოვდექი, ჩუმად ჩავიპარე და წავედი. მივრბოდი - თან კანკალით და თან სიხარულით. მივადე ხელი, გამოვიქეცი და ამოვისუნთქე. დავწექი და საკუთარი თავისგან დაცულის სიმშვიდით დავიძინე. ეგ არის ყველაზე დიდი სიმშვიდე სიმშვიდეთაგან - უბრალოდ, მერე იზრდები და სხვა ადამიანები გებრძვიან და შენს თავსაც უფრო დიდი ძალით აქეზებენ შენივე წინააღმდეგ.

რა არის ის შიშები, ტკივილები, განცდები, დათქმები, აკრძალვები რაც საუკუნეების მიღმიდან წინაპრებმა გვიმემკვიდრევეს? რისგან თავის დაცვას ვცდილობთ ჩვენ, პატარა ბავშვები, ერთი შეხედვით უმიზეზო სიხარულებითა და წუხილებით. არავინ იცის. თუ იციან, სხვადასხვაგვარია ეს ცოდნა და უფრო ჰგონიათ, რომ იციან, ვიდრე იციან.

ხოლო შიშთაგან მთავარი ამბავი ფიქრის შიში მგონია და ფიქრის შიშთაგან აკრძალულზე ფიქრის შიში ყველაზე საშინელი და სასტიკი ფიქრია, ვფიქრობ. გამოცდილებები, რომელიც რელიგიამ და მითოლოგიამ დაგვახვედრა ობსესიურ ადამიანებს, კარგს არაფერს გვიქადის - ადამი და ევა სწორედ აკრძალული ვაშლის გამო გამოაძევეს, ზღაპრებში კიდევ იმ ოთახის კარის შეღება, რომელზედაც მიგვითითეს რომ არ შეგვეღო - უბედურებათა და სირთულეთა ლაშქარს მოგვისევს ხოლმე.

„ვაშინერს“- იტყვიან მეგრელები ამაზე. „ვამკანონა“ - პასუხობენ თვითონვე საკუთარ შფოთვას.
ტაბუმ შექმნა ადამიანი ისეთი, როგორიც ის არის და ტაბუვე ანადგურებს.

ბევრი წამიკითხავს ობსესიების წარმოშობაზე - ცხადია, რომ ზუსტი ვერცერთი. ან კი - როგორ უნდა იყოს ზუსტი ბუნდოვან, უშორეს წარსულზე მკითხაობა. როგორ მივაგნებთ ათიათასწლეულების ჯურღმულში წამს, სადაც ადამიანი და შიში პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. და მერე ადამიანმა ისწავლა ლოცვა და შელოცვა - როგორც თილისმა ანაც მცდელობა ფიქრისგან დაცვის - რადგან პირველად იყო სიტყვა, სიტყვები კი შობენ შიშებს. სიტყვები ახანგრძლივებენ მათ და სიტყვები ამსუბუქებენ. უსიტყვო ფიქრი იოლია, რადგან უსიტყვო მეხსიერება მოიკოჭლებს, სიტყვაა მისი ყავარჯენი. ხსოვნის საშენიც სიტყვაა. ტკივილებს კიდევ ხსოვნა კვებავს - სხვა არაფერი“, - წერს გიორგი კეკელიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 10 რამ, რაც 30 წლამდე აუცილებლად უნდა გააკეთოთ - რჩევები

⭕„გადაწყვეტილებებს აუცილებლად გადახედეთ, რადგან დიდია შეცდომების დაშვების ალბათობა...“ - რა გავლენა ექნება მთვარის დაბნელებას ჩვენზე, ქეთი ოდიშელის რჩევები!

🎥 თერაპიული ზღაპრები და იგავები, რომლებიც ბავშვებსა და მოზარდებს პრობლემების დაძლევაში ეხმარება - სპეციალისტის რჩევები