ბიძინა ივანიშვილის უმცროსი ვაჟი, ცოტნე ივანიშვილი სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს აქვეყნებს, და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან შეხვედრას იხსენებს:
„საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე გათენდა. კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის გარდაცვალება ჩვენი ერისთვის და ქრისტიანული სამყაროსთვის აუნაზღაურებელი დანაკარგია.
მის უწმინდესობასთან პირველად შეხვედრის ბედნიერება ძალიან პატარა ასაკში მხვდა წილად და არასდროს დამავიწყდება განცდა, რომელიც მაშინ დამეუფლა. პატრიარქი ისეთ გასაოცარ სიმშვიდესა და სათნოებას ასხივებდა, რომლის აღწერაც სიტყვებით შეუძლებელია. ღრმა მწუხარებითა და ტკივილით ვუსამძიმრებ დედა ეკლესიას და ამ უმძიმეს წუთებში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლს სიმტკიცეს ვუსურვებ.
ჩვენი ქვეყნისთვის ბოლო ათწლეულები უამრავი სირთულითა და განსაცდელით იყო აღსავსე, მისმა უწმინდესობამ კი, საქართველოსთვის გადამწყვეტ პერიოდში, ჩვენი ხალხის სულიერი მამის ურთულესი მისია იტვირთა და ქართველი ერი ბეწვის ხიდზე ღირსეულად გამოატარა.
განვლილი ნახევარი საუკუნის განმავლობაში ილია მეორე მუხლჩაუხრელად იდგა სამშობლოსა და რწმენის სადარაჯოზე, ამიტომ თითოეული ქართველისთვის უდიდეს იმედს და მტკიცე საყრდენს წარმოადგენდა, მისი სახელი კი სიყვარულის, სიკეთის, მამობრივი მზრუნველობის, სიბრძნისა და შენდობის სიმბოლოდ იქცა.
ილია მეორის ხსოვნა ჩვენს გულებში მარადიულად დარჩება, მისი განუზომლად დიდი ღვაწლი კი საქართველოს ისტორიიდან არასოდეს წაიშლება და კიდევ დიდი ხნის მანძილზე გააძლიერებს ჩვენს ქვეყანას“, - წერს ცოტნე ივანიშვილი.
18 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.
ეს დღე ქვეყნისთვის დიდი დანაკლისის და ეროვნული სევდის სიმბოლოდ იქცა, რადგან ილია მეორე ათწლეულების განმავლობაში იყო სულიერი მამა, მორალური საყრდენი და ერთობის სიმბოლო ქართველი ერისთვის.
მისმა ღვაწლმა და მსახურებამ განსაკუთრებული კვალი დატოვა როგორც ეკლესიაში, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გლოვის დღეს პატივს მიაგებენ მის ნათელ ხსოვნას, გაიხსენებენ მის ქადაგებებს, სიკეთესა და სიყვარულზე დაფუძნებულ გზავნილებს, რომლებიც თაობებს აერთიანებდა.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ილია ჯაღმაიძის განცხადებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 18 მარტს, სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ. ხოლო 16:00 საათზე სამების ტაძრამდე ფეხით მსვლელობა მოეწყობა.

View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მადლობა ყველაფრისთვის უწმინდესო და უნეტარესო...“ - ხვიჩა კვარაცხელია პატრიარქზე