Digest Logo

„რელიგია ხალხის საკონტროლო მექანიზმია“, ამას ისეთი ამაყი სახით ამბობენ, თითქოს სამყაროს უდიდესი საიდუმლო ამოხსნეს“ - რას წერს ვატო მსხილაძე

1791275936
ვატო მსხილაძე

დღეს საოცრად მოდაში შემოვიდა რელიგიების დემონიზაცია. საითაც არ უნდა გაიხედო, ყველა ერთსა და იმავე ფრაზას იმეორებს: „რელიგია ხალხის საკონტროლო მექანიზმია“. ამას ისეთი ამაყი სახით ამბობენ, თითქოს სამყაროს უდიდესი საიდუმლო ამოხსნეს და პირდაპირ ნეოსავით გამოიღვიძეს მატრიციდან.

ყველაზე ტრაგიკომიკური კი ის არის, რომ ამ სიტყვებს უმეტესად ინერციით მცხოვრები ხალხი აფრქვევს. ადამიანები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ სისტემას დაუპირისპირდნენ და დამოუკიდებლად აზროვნებენ.

სინამდვილეში კი ისინი უბრალოდ სხვა, ბევრად უფრო ვერაგი ძალების მსხვერპლი არიან და მათ მიერ ჩაწვეთებულ ნარატივს იმეორებენ. აზრსაც არ ატანენ იმას, რასაც ამბობენ. იდეალურად დაუკოდეს გული და გონება. ისინი ახლა თავად იქცნენ ზუსტად იმ ბრმა იარაღად, რასაც ასე ომახიანად აკრიტიკებენ.

მოდი, პირდაპირ ვთქვათ და ვაღიაროთ ის, რაც ნაწილობრივ სიმართლეა. რელიგიურ ინსტიტუტებს საუკუნეების განმავლობაში მართლაც იყენებდნენ და იყენებ მასების სამართავად. ვისაც ძალაუფლება უნდოდა, ყველაზე მარტივად სწორედ ხალხის შიშებზე და რწმენაზე თამაშობდა.

მაგრამ მოდი ლოგიკურად ვიმსჯელოთ. დანა სერიულმა მკვლელმაც შეიძლება გამოიყენოს და გენიალურმა ქირურგმაც. თუ მკვლელმა დანით ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმა, ლოგიკურია, რომ დანა გამოვაცხადოთ ბოროტებად და ქირურგსაც წავართვათ ხელიდან? რა თქმა უნდა არა.

ინსტრუმენტი ნეიტრალურია, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ვის უჭირავს ის ხელში და რა მიზნით.

რელიგია ზუსტად ასეთი ინსტრუმენტია. ადამიანების დიდ ნაწილს ჰგონია, რომ თუ ძალაუფლების მოყვარულმა იერარქიებმა ეს ინსტრუმენტი ბოროტად გამოიყენეს, ესე იგი თავად ეს სწავლებებია ტყუილი და ნაგავი. ეს უდიდესი შეცდომაა.

ნუ ვიქნებით გულუბრყვილოები. ცხადია, იმ ტექსტებში და სწავლებებში, რასაც დღეს გვაწვდიან, უამრავი რამ არის არეული. საუკუნეების განმავლობაში ვიღაცები რაღაცებს ჭრიდნენ, კერავდნენ, ასწორებდნენ და თავიანთ ვიწრო პოლიტიკურ თუ ძალაუფლებრივ ინტერესებს არგებდნენ. წმინდა ტექსტები ბევრჯერ გადაწერეს და ორიგინალი აზრი ხშირად მიზანმიმართულად გაამრუდეს. გაუკუღმართება ფაქტია და ამაზე თვალის დახუჭვა სისულელე იქნება.

სწორედ აქ იჭედება თანამედროვე ადამიანი. სიმართლის პოვნა და ამ გაყალბებული ნაგვიდან ოქროს მარცვლების გამორჩევა უზარმაზარ შრომას მოითხოვს. უნდა იკითხო, იფიქრო, ეჭვი შეიტანო, შეადარო. ხალხს კი ეს მაგრად ეზარება. ბევრად მარტივია იდგე და იძახო „ეს ყველაფერი ზღაპარია და ხალხის სამართავი ბოდვა“. უარყოფა ყველაზე ზარმაცი ტვინის თავდაცვის მექანიზმია. ამოშლი მთლიანად ამ თემას ცხოვრებიდან და მშვიდად ხარ, ფიქრი და ტვინის ჭყლეტა აღარ გიწევს.

მაგრამ ვინც ამ სიზარმაცეს და ხელოვნურ შეზღუდვებს გაცდება, ვინც შიშების გარეშე დაიწყებს ამ უძველესი ტრადიციების კვლევას, ისეთ რამეს აღმოაჩენს, რაც ტვინს აუფეთქებს. თუ შენ ღრმად გაეცნობი ქრისტიანობას, ვედებს, კაბალას, ბუდიზმს, ისლამს, ოკულტიზმს და ა.შ, ა.შ. დაინახავ, რომ ეს ყველაფერი ერთიანი სურათის არეული, დანაწევრებული ფრაგმენტებია. თითქოს ვიღაცამ ერთი დიდი გენიალური პაზლი დაშალა და სხვადასხვა ეპოქაში მიმოფანტა.

ცალკე აღებული, იზოლირებული ფორმით არცერთი არ იძლევა სრულ სურათს. როცა ერთ კონკრეტულ რელიგიაში იკეტები, ხედავ მხოლოდ სპილოს ხორთუმს ან კუდს, მაგრამ როცა მათ აერთიანებ, უცებ ხედავ სამყაროს მუშაობის საერთო, უზარმაზარ მექანიზმს. ეს სწავლებები უდიდესი კოსმოსური სიბრძნის მატარებლები არიან.

სწორედ ამ უდიდესი ძალის დამალვა უნდა იმ მიზანმიმართულ სისტემას, რომელიც დღეს ვითომ განმანათლებლობის სახელით გამოდის. მათ კაცობრიობის სულიერი კასტრაცია სურთ. უნდათ წაგართვან ის უნივერსალური ინსტრუმენტი, რითაც შეგიძლია დაინახო მეტი, ვიდრე ეს ბრტყელი, მატერიალური 3D რეალობაა. და ამ ბინძურ საქმეში ისევ იმ ხალხს იყენებენ, ვისაც ყველაზე მეტად უხარია საკუთარი ვითომდა დამოუკიდებელი აზროვნება, მაგრამ აქ ერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წესი უნდა დავიმახსოვროთ.

ნებისმიერი ინსტრუმენტი, იქნება ეს რელიგია, ფილოსოფია თუ მაგია, საშიში ხდება, თუ მას საკუთარ თავზე დიდ ძალაუფლებას მისცემ.

თუ ინსტრუმენტი შეგვიპყრობს მორჩა, დასრულდა ყველაფერი. შენ აღარ ხარ შემეცნების პროცესში, შენ ხდები ფანატიკოსი. იკეტები ერთ ჩარჩოში და იწყებ იმის მტკიცებას, რომ მხოლოდ შენი დანა ჭრის სწორად და სხვების ყველა ინსტრუმენტი უვარგისია. ასეთ დროს ადამიანი კარგავს საკუთარ თავს...

რელიგია უნდა გამოიყენო ისე, როგორც კიბე გამოიყენება სახურავზე ასასვლელად. მისი დანიშნულებაა აგამაღლოს, დაგანახვოს ფართო სურათი, მოგცეს ენერგეტიკული და მორალური სიმყარე. და როცა მიიღებ იმას, რაც გინდა, როცა შინაგანად გაიზრდები და ობიექტურ რეალობასთან პირდაპირ კავშირს დაამყარებ, ეს კიბე უბრალოდ გვერდზე უნდა გასწიო.

არ არის საჭირო კიბის ზურგით ტარება და ყველასთვის იმის მტკიცება, რომ ეს ერთადერთი გადამრჩენელი ნივთია. ინსტრუმენტმა თავისი საქმე გააკეთა.

ასე რომ, ნუ გავხდებით იაფფასიანი მანიპულაციების მსხვერპლნი. ნუ გადავაგდებთ ოქროს მხოლოდ იმიტომ, რომ ის ტალახშია ამოვლებული, მაგრამ ნურც იმ ტალახს ვაქცევთ სალოცავად. სიმართლე ყოველთვის სადღაც შუაშია და მის პოვნას მხოლოდ ის შეძლებს, ვინც შიშისა და სიზარმაცის გარეშე, ცივი გონებით დაიწყებს ფრაგმენტების შეგროვებას.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მთავარი ამოცანაა, ერთმანეთისგან გაარჩიოთ რეალური პერსპექტივა და ილუზია“ - მიმდინარე კვირის ეზოტერული პროგნოზი ქეთევან ჯანდიერისგან

🎥 როგორ აღვადგინოთ კანი ზაფხულის შემდეგ, რომელი პროცედურებია ეფექტური და რა უნდა გავითვალისწინოთ მათი შერჩევისას? - ნათია თოდუას რეკომენდაციები

🎥 „ყველაფერი ხდება ისე, თითქოს ღმერთი უხილავად გეხმარება“ - გაიცანით 5 შვილის დედა ეკა მარშანია

✕