აბიტურიენტობის პერიოდი ოჯახურ დინამიკაში ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ გარდატეხას თავისი სისტემა აქვს.
ერთი შეხედვით, ეს არის წმინდა აკადემიური ეტაპი - რეპეტიტორები, ტესტები, ეროვნული გამოცდები და მომავალი პროფესიის არჩევა, თუმცა თუ ამ პროცესს სიღრმისეულად, ფსიქოემოციურ ჭრილში შევხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ აბიტურიენტობა ერთდროულად ორ უდიდეს ფსიქოლოგიურ ძვრას ემთხვევა:
მოზარდობის ასაკობრივ კრიზისს და სოციალურ-ეგზისტენციალურ წნეხს.
ამ დროს ოჯახის შიდა სივრცეში იწყება რთული ცვლილებები, სადაც მშობლისა და მოზარდის ურთიერთობა უდიდესი გამოცდის წინაშე დგება.
იმისათვის, რომ გავიგოთ, თუ როგორ დავეხმაროთ აბიტურიენტს, პირველ რიგში, იმ შინაგან მდგომარეობაში უნდა ჩავიხედოთ, რომელშიც იგი იმყოფება.
მოზარდი ამ დროს გადის სეპარაცია-ინდივიდუალიზმის მწვავე ფაზას.
პროცესს, როდესაც ის უნდა გამოეყოს მშობლიურ საყრდენს, იპოვოს საკუთარი იდენტობა და დაამტკიცოს ავტონომიურობა.
ამ ბუნებრივ, თუმცა შფოთვის მომგვრელ პროცესს პირდაპირ აწვება გარე სამყაროს მოთხოვნები:
„ვინ უნდა გამოხვიდე?“,
„რამდენი ქულა აიღე?“,
„ჩააბარებ თუ ჩაიჭრები?“.
შედეგად, გამოცდა აღარ აღიქმება უბრალო აკადემიური ცოდნის შემოწმებად. მოზარდის არაცნობიერში იგი გარდაიქმნება საკუთარი ღირებულების, პიროვნული ვარგისობისა და მომავლის გადარჩენის ეგზისტენციალურ გამოწვევად.
ეს კოლოსალური შინაგანი წნეხი ურთიერთობებში შობს გამოწვევებს, რომლებიც ხშირად შეცდომით ინტერპრეტირდება.
როდესაც მოზარდი ავლენს აგრესიას, გაღიზიანებას, ხურავს კარს ან პირიქით, იძირება აპათიასა და პროკრასტინაციაში, ეს არ არის სიზარმაცე ან უპატივცემულობა.
ეს არის გადატვირთული ფსიქიკის თავდაცვითი მექანიზმი.
შფოთვა, რომელიც გამოწვეულია შეცდომის დაშვების, მშობლების იმედგაცრუების და უცნობი მომავლის შიშით, ხშირად პარალიზებას უკეთებს ნებისყოფას.
ამას ემატება მუდმივი შედარების ტოქსიკური ფონი - იქნება ეს თანატოლების მიღწევები თუ უფროსების აუსრულებელი ამბიციები, რაც მოზარდს აიძულებს იგრძნოს, რომ მას უპირობოდ კი არ იღებენ, არამედ მისი სიყვარული და პატივისცემა მისსავე აკადემიურ ქულებზეა დამოკიდებული.
აქედან გამომდინარე, მხარდაჭერის პირველი და უმთავრესი ნაბიჯი სწორედ ამ აღქმის მსხვრევაზე გადის: ოჯახმა უნდა შექმნას უსაფრთხო ემოციური გარემო.
მოზარდს სჭირდება ცოდნა იმისა, რომ მისი პიროვნული ღირებულება არ იზომება საგამოცდო ქულებით. მშობლის ფუნქცია ამ დროს არ არის დამატებითი გამომცდელის ან ზედამხედველის როლის მორგება გარესამყარო ისედაც საკმარისად აფასებს და სჯის მას.
სახლი უნდა გახდეს სივრცე, სადაც მას შეუძლია ჩამოიხსნას სტრესის ჯავშანი, გამოხატოს სუსტი მხარეები და იცოდეს, რომ მარცხის შემთხვევაშიც კი მას ხვდება უპირობო მიღება.
შეცდომის დაშვების უფლების მიცემა არის ის ფსიქოლოგიური თავისუფლება, რომელიც მოზარდს ათავისუფლებს მტრული შფოთვისგან და აძლევს ძალას, რეალურად კონცენტრირდეს სწავლაზე.
ემოციური უსაფრთხოება კი, თავის მხრივ, პირდაპირ უკავშირდება კომუნიკაციის ხარისხის შეცვლას.
ფოკუსი უნდა გადავიდეს პროდუქტიულ პროცესზე და კონტროლიდან თანაგრძნობაზე.
კითხვები, როგორიცაა: „რამდენი გვერდი ისწავლე?“, ან „რატომ არ მეცადინეობ?“, მხოლოდ ზრდის თავდაცვით ბარიერებს.
ამის ნაცვლად, მხარდამჭერი კომუნიკაცია იწყება ინტერესით მისი შინაგანი მდგომარეობის მიმართ:
„როგორ გრძნობ დღეს თავს?“,
„ხომ არ გადაიღალე?“,
„რამით ხომ არ დაგეხმარო?“.
უდიდესი მნიშვნელობა აქვს შიშების ვალიდაციასაც - ნაცვლად ფრაზისა: "ნუ ნერვიულობ, არაფერია", ბევრად უფრო მუშაობს აღიარება: „მესმის, რომ გეშინია და ნერვიულობ, ეს სრულიად ბუნებრივია ასეთ საპასუხისმგებლო დროს, თუმცა მე შენს გვერდით ვარ“.
ამ ემოციურ ფონს მყარი საყრდენი სჭირდება ფიზიკური და ფსიქიკური რესურსების სწორ მართვაში.
გადამწვარი და გამოფიტული ტვინი ინფორმაციის ასიმილაციას ვერ ახდენს. აბიტურიენტობის პროცესში დასვენება, ძილი და ფიზიკური განტვირთვა არ არის „დროის ფლანგვა“ ეს არის ფსიქიკის ფუნქციონირების აუცილებელი პირობა.
მშობლის დახმარება აქ შეიძლება გამოიხატოს ჯანსაღი რიტმის ხელშეწყობაში: სეირნობა, სპორტი, ჰობი ან უბრალოდ სიჩუმეში ყოფნა ეხმარება ორგანიზმს სტრესის ჰორმონების (კორტიზოლის) დონის დაწევაში, რაც პირდაპირ პროპორციულად ზრდის კოგნიტიურ უნარებს და კონცენტრაციას.
საბოლოო ჯამში, ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც ამ პერიოდში მოზარდს ვირტუალურად და რეალურად შეგვიძლია გადავცეთ, არის ავტონომია და მათი შესაძლებლობების ნდობა.
აბიტურიენტმა უნდა იგრძნოს, რომ ეს არის მის მიერ არჩეული გზა, მისი ცხოვრების პირველი სერიოზული განაცხადი და არა უფროსების პროექცია ან სურვილების ასრულება.
როდესაც მოზარდი ხედავს, რომ მას ენდობიან, არ აკონტროლებენ ყოველ ნაბიჯს და მიიჩნევენ ზრდასრულად, მასში იღვიძებს შინაგანი მოტივაცია.
ერთადერთი ჯანსაღი ძალა, რომელსაც შეუძლია გამოცდების სიმძიმე გადაალახინოს.
აბიტურიენტობის ხანმოკლე ეტაპი გაივლის, ქულები დაიწერება და უნივერსიტეტის კარიც გაიღება, თუმცა ის ემოციური კვალი, რომელსაც ოჯახი ამ კრიზისულ პერიოდში დატოვებს, მოზარდს მთელი ცხოვრება გაჰყვება.
იყავით უსაფრთხო და არა დამატებითი მაკონტროლებელი მისი გამოცდის გზაზე, სწორედ ეს არის უპირობო მხარდაჭერის მთავარი ფსიქოლოგიური ფორმულა.
ასევე დაგაინტერესებთ: