ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც გლოვაზე წერს და მაგალითად სოლომონ ლეონიძის სიტყვები მოჰყავს:
„შეიძლება გლოვა მშვენიერი და ამაღლებული იყოს?
რა თქმა უნდა, შეიძლება, თუკი უბრალოდ ღამეს მზიანი ღამე ანაცვლებს.
ასეთია სოლომონ ლიონიძის სამგლოვიარო სიტყვა ერეკლე მეფის დაკრძალვაზე:
„დღეს ქვეყანა აღსრული გულის წყრომისა ტახტსა ზედა იცხებს ყოვლად უფასოსა სისხლსა - სახსარსა ქართველთა გვარისასა. ცამან მისტაცა ქვეყანას სიმდიდრე, ძლიერთა - ძალი, ბრძენთა - გონიერება, ერთა - გვირგვინი, მხედართმთავართა და თვითმპყრობელთა - სახელმწიფო ზრდილობა. დიდნო მეფენო! სტიროდეთ ახლად ქვეყნისა დიდებასა, სტიროდეთ ცუდად სოფლისა დიდებასა. ისმინეთ ესე სახსოვრად სასმინარი. მოკვდა უძლეველი მეფე - და მზესა ქვეშე, იხილეთ, რამე თუ ყოველი ამაოა.
ადიდა გვარი თვისი, ადიდა სიმხნე თქვენ ქართველთა ცათამდე და აწ აღვიდა ანგელოსთა ღვთისა თანა. გარნა აქაც და მუნ ცხოველ არს იგი, რად სტირით, ზენო ობოლნო მამისაგანო?.
დაბნელდი, მზევ, რომელსა გაქვს მოსწავებული დაბნელებით ჭირისუფლობა, რომ მზე მიწიერი ღამიანის ქართლისა, მეფე ერეკლე, შენს ბრწყინვალებას ვეღარ ხედავს. ზეციურნო ძალნო, აქამდის თქვენი დღესასწაულობით მასპინძელი, ახლა თქვენი სამღთო სტუმარი მეფე ერეკლე გესტუმრათ, თუმცა სამეფოს დიდებით ვეღარ ნახავთ, საფლავს ტუსაღი გევედრებათ, მაგრამ თქვენ, როგორს ქეთევან დედოფლის სისხლი, ისე შეიწყნარეთ.
შენ გევედრები, იესო, სისხლით ცხებულს მეფის ერეკლეს კაცთმოყვარეს სულს ნუ შეაწუხებ, იმისგან დაობლებულს საქართველოს მოხედე. რად გაათამამე გული ლომებრთა მემკვიდრეთა, თუკი სიმყარე უძლეველი მოეშლებოდა, რად გვასწავლე ზრდილობა მხედრობისა ვაჟკაცობითურთ, თუკი შენს წინ სისხლს არ დაგვაქცევინებდი?
მე უღირსი შენგან მოწყალებით გაზრდილი, შენის კარგის ბატონყმობის ტრფიალი სოლომონ, აქამდის რად მაცოცხლე, თუკი ასე ოხრად დამაგდებდი?!“.
თუკი სადმე ნათელი სევდაა - ესეც არის.
თუკი ქართულ ენას დარდი ემშვენება - ესეც არის.
თუკი გამოსათქმელს გამოთქმა შეესატყვისება - ესეც არის.
„უფასო სისხლი...“
„ცამან მისტაცა...“
„მზე მიწიერი ღამიანის ქართლისა...“
„თქვენი დღესასწაულობით მასპინძელი...“
ქართული ენა სიხარულსაც იხდენს და დარდსაც.
ეს - სიხარულიანი დარდია ანუ რუსთველური მზიანი ღამე.
ეს გაქრისტიანებული ქართული ენის სიღრმე, დიდება და სილამაზეა.
ენის, რომელიც ქართველთა სულის სარკე და სახეა.
ასე გარდაისახებიან ადამიანები იდეებად.
ის იდეები კი ახალ ადამიანებს ბადებენ - ღირსეულებს, სიყვარულისა და სიბრძნის მსახურებს, ლაღებს, გაბედულებს, „ლომების მემკვიდრეებს“.
ისეთი საქმეები უნდა, ერეკლემ რომ აკეთა საქართველოსთვის.
ამ საქმეთა ისეთი დამნახავი და შემფასებელი უნდა, სოლომონ ლიონიძე რომ იყო.
საქმისა და სიტყვის ასეთი ერთობაც მუდმივად საოცნებოა საქართველოსთვის“, - წერს გია მურღულია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: