13 ოქტომბერს ვაკის პარკში უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა. მოზარდებს, რომლებიც პარკში თამაშობდნენ, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად ჩასულებს კი დენმა დაარტყათ, რასაც 13 წლის მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში სოპრანო თამარ ივერი გამოეხმაურა და თქვა, რომ ამ შადრევნის ადგილზე მარიტას მონუმენტი უნდა დაიდგას.
„იმდენად უყვართ ჩემს შვილებს შადრევნებში წუწაობა, რომ ეს დღეები გაქვავებული დავდივარ. ბათუმში არ ტოვებენ შადრევანს. ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლებოდა აღმოჩენილიყო იმ დღეს ამ სიტუაციაში.
არ ვიცი რა ვთქვა. უმკაცრესად უნდა დაისაჯონ ის ადამიანები ვინც ასე ზერელედ, სრულიად „ხალტურულად” შეასრულა შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოები და მათი გულგრილობის და არაპროფესიონალიზმის გამო ასეთ უმძიმეს, თავზარდაცემულ მდგომარეობაში, საყოველთაო დარტყმების სამიზნედ ჩააყენა ქალაქის მერი და პროექტის ჩამბარებელი ადამიანები. ეს არის უპატიებელი შეცდომა!… ეს უკვე სცდება ჩვეულებრივი არაპროფესიონალიზმის ფარგლებს. შეიძლება უხარისხო მეტლახი, განათება ან დიზაინი აპატიო უხარისხო კომპანიას, მაგრამ როცა ადამიანის სიცოცხლეზე და დენზეა საუბარი…. აქ კომენტარი არ მაქვს მათ დანაშაულზე. მათი სახელები უნდა გასაჯაროვდეს,როგორც საქართველოს გულგრილი შემარცხვენლების, მტრებისა და შეეფარდოთ მრავალწლიანი პატიმრობა .თუმცა, ეს ნაკლები ნუგეშია მარიტას გაუბედურებული ოჯახისთვის და თავად ამ ანგელოზისთვის.
არ ვიცი, ამ შადრევანში აწი ძე ხორციელი აღარ ჩავა, ის მუდამ სიკვდილთან და შიშთან იქნება ასოცირებული. სჯობს ის ყვავილნარად გადაკეთდეს და შუაში მარიტას მონუმენტი გაკეთდეს ბურთით ან ჩოგნით ხელში“, - წერს თამარ ივერი.
ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკში უბედური შემთხვევა მოხდა. მოზარდებს, რომლებიც პარკში თამაშობდნენ, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ. მის ამოსაღებად ჩასულებს კი დენმა დაარტყათ.
სამივე მათგანი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, რომელთაგან ერთ-ერთის, 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.
14 ოქტომბრის ინფორმაციით, ორი მოზარდიდან ერთი, რომელიც იაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა, კლინიკიდან გაწერეს. ექიმების შეფასებით, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, ხოლო მეორე მოზარდი, 13 წლის ლაზარე ლობჟანიძე კონტაქტურია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. მოზარდი რეანიმაციულ ბლოკში ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება.
ამავე თემაზე: